დღეიდან ლარში ფასდადება სავალდებულო გახდა – შემოსავლების სამსახურმა ყველაზე ხშირად დასმული კითხვების პასუხები გამოაქვეყნა

დღეიდან ლარში ფასდადება სავალდებულო გახდა - შემოსავლების სამსახურმა ყველაზე ხშირად დასმული კითხვების პასუხები გამოაქვეყნადღეიდან მომსახურების გაწევის ან პროდუქციის რეკლამირებისას, ფასის გამოხატვა ლარში სავალდებულოა. ეს ეხება როგორც ნებისმიერი ფორმის რეკლამას, ისევე — კომპანიისთვის გაგზავნილ შეთავაზებას და მსგავს საკომუნიკაციო აქტივობებს. შემოსავლების სამსახურმა ყველაზე ხშირად დასმული კითხვების შესახებ პასუხები საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა: 

ვის შეეხება ცვლილებები?

რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ მეწარმე სუბიექტებზე — კანონმდებლობით განისაზღვრება როგორც იურიდიული (შპს; სააქციო საზოგადოება და სხვა) ასევე, ფიზიკური პირები (ინდმეწარმეები).

როგორ აისახება ცვლილებები ხელშეკრულებაზე?

ხელშეკრულების გაფორმებისას, მომსახურების საფასურის დოლარით ან სხვა უცხოური ვალუტით ინდექსირება აკრძალული არ არის და კვლავ დასაშვებია. ეს ცვლილებები ხელშეკრულების პირობებზე არ ვრცელდება.მაგალითად, შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულება, სადაც თანხად მითითებული იქნება “100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში” და ამით, კანონს არ დაარღვევთ.

იკრძალება თუ არა დოლარის ხსენება ზეპირ ურთიერთობებში?

თუ გაყიდვების აგენტი პირადად ან ტელეფონით მომხმარებელს სთავაზობს შეთავაზებას, მას შეუძლია ფასის ხსენება სხვა ვალუტაში. იგივე ეხება პრომო-პერსონალს მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა შემთხვევებში.

რა ხდება თუ კლიენტი უცხოეური კომპანიაა?

უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობისას, უცხოური ვალუტების (დოლარი, ევრო, ა.შ.) გამოყენება დასაშვებია. ოღონდ, ასეთ დროს, სარეკლამო შეტყობინება არ უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. მაგალითად, თუ უგზავნით შეთავაზებას უცხოელ კლიენტს, შეგიძლიათ ფასი განსაზღვროთ დოლარში. ასევე, თუ უშვებთ რეკლამას ინტერნეტით, დამიზნებულს უცხოურ აუდიტორიაზე (რომელიც ჩანს მხოლოდ უცხოეთიდან), შეგიძლიათ დოლარის გამოყენება. მაგრამ, თუ აპირებთ შეთავაზების მომზადებას უცხოური კომპანიის საქართველოში არსებული ფილიალისთვის, ფასი აუცილებლად ლარში უნდა იყოს დაფიქსირებული.

რეკლამაში ან შეთავაზებაში მხოლოდ ლარით გამოხატვაა აუცილებელი, თუ, პარალელურად, სხვა ვალუტის ხსენებაც შეიძლება
არა, შეთავაზებისას ლარის სავალდებულოდ გახდომასთან ერთად, სხვა ვალუტის გამოყენება აკრძალული ხდება. ანუ, ლარში ნაჩვენებ ფასთან ერთად, მის დოლარის ან სხვა ვალუტის ეკვივალენტს, ვერ გამოსახავთ.

რა შემთხვევაში მოხდება მეწარმე სუბიექტის დაჯარიმება

ჯარიმა დაეკისრება მეწარმე სუბიექტს (როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი – ინდმეწარმე) თუკი მოხდება კანონმდებლობით მოთხოვნილი ნორმების დარღვევა. გაითვალისწინეთ, რომ ეს სანქცია დაეკისრება არა რეკლამის გამშვებს (მაგალითად, ტელევიზიას), არამედ — რეკლამის განთავსების დამკვეთს. შესაბამისად, მედია-საშუალება, ვებსაიტი ან, თუნდაც, აბრის დამამზადებელი კომპანია, არ იქნება ვალდებული, აკონტროლოს, რამდენად კანონთან შესაბამისობაში იქცევა მისი დამკვეთი.
რამდენია ჯარიმა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად:, „მუხლი 1537. ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა

1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა − გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“

რა გამონაკლისებია დაშვებული აღნიშნული კანონმდებლობით

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ამ რეგულაციაში გათვალისწინებულია ბევრი გამონაკლისი. მათ შორისაა:

• ავიაბილეთები, სასტუმრო ან ტურისტული მომსახურება (თუ კომუნიკაცია უცხოურ ენაზე ხდება);

• აზარტული თამაშები;

• ტვირთების გადაზიდვა;

• როუმინგული და დაზღვევის მომსახურება უცხოეთში;

• მომსახურების გაწევა ან საქონლის მიწოდება არარეზიდენტისთვის ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აქვს თუ არა არამეწარმე ფ/პ-ს უფლება უძრავი ქონების (საკუთარი აქტივის) რეალიზაციისას ფასი გამოაცხადოს უცხოურ ვალუტაში?

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდ. მეწარმისა). შესაბამისად, ისინი შეძლებენ საკუთარი აქტივის რეალიზაციისას ფასის მითითებას უცხოურ ვალუტაში.

აქვს თუ არა უფლება ავტოდილერს ფასი გამოაცხადოს უცხოურ ვალუტაში როდესაც მანქანა დგას საზღვარგარეთ აუქციონზე?

რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები ეხება მეწარმე სუბიექტებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა გააჩნია ავტოდილერს. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან / და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან / და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით, რომლისგან განსხვავებული წესიც შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

ამავე დროს, 34-ე მუხლით დადგენილი წესის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულების არსებითი პირობა იცვლება.

ისეთი საიტებზე (მაგ. MYAUTO.GE) რომლიდანაც ხდება ავტომანქანების რეალიზაცია, არამეწარმე ფ/პ-ებს, აქვთ თუ არა უცხოურ ვალუტაში ფასის გამოცხადების უფლება?

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდ. მეწარმისა).