გია ხუხაშვილი: “ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს”

გია ხუხაშვილი: "ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს"– მმართველობის სისტემაში აშკარა კოროზია იგრძნობა, ამის გარდა, რამდენიმე კრიზისის მომსწრენი გავხდით. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესებისგან დისტანცირებულია.

დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად პარაზიტირებს ყოფილი პრემიერის რესურსებზე. აქედან გამომდინარე, მას იმის ფუფუნება არა აქვს, რომ საერთოდ ჩამოშორდეს ამ ყველაფერს. მას აქვს პასუხისმგებლობა როგორც ამ ადამიანებზე, ასევე სახელმწიფოზე.

ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ მან მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა და ამომრჩეველში გაჩნდა ეს განცდა, ეს “ქართული ოცნებისთვის” ფატალურად დასრულდება. ამ წლების განმავლობაში მათ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი ვერ დააგროვეს. ესენი ქვეყანას რომ არ მართავენ, ისედაც კარგად ვიცით, მაგრამ არც თავად ცდილობენ ამაში ხალხის დარწმუნებას, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ გია ხუხაშვილი.

მისი აზრით,  ივანიშვილი მთლიანად რომ ჩამოშორდეს ამ პროცესებს, ეს იქნება სახელმწიფოსთვის სახიფათო.

– მისი სრული წასვლა პოლიტიკიდან ძალიან სერიოზულ რყევებს გამოიწვევს. ასეთი სცენარი ქვეყნისთვის სასურველი არ არის.

მმართველობითი სისტემა ისეთი კოროზიით არის მოცული, რომ გასვლა კი არა, სასურველი იქნებოდა, პრემიერის რანგში დაბრუნებულიყო. მორღვეულ მმართველობით სისტემაში წესრიგის აღდგენა მხოლოდ მას შეუძლია. სხვა ამას ვერ გააკეთებს. დღევანდელი ხელისუფლება არის ჰიბრიდული, სადაც ფორმალური ხელისუფლება და სხვადასხვა ინტერესჯგუფები ცდილობენ, რაღაც გაიყონ. ისინი ამას ვერ მოახერხებენ.

ივანიშვილი ორივე მხარისთვის ავტორიტეტია და სახელმწიფოებრივი კრიზისის თავიდან ასაცილებლად მისი დაბრუნებაა საჭირო. ის 2020 წლამდე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დარჩეს ხელისუფლებაში.

დიდი იმედი არა მაქვს, რომ ივანიშვილი ამ ეტაპზე ჩემს რჩევას გაითვალისწინებს. თუმცა ეს თხოვნა უფროა, ვიდრე რჩევა. როცა ივანიშვილს დაბრუნებას ვთხოვ, მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან ამოვდივარ და სენტიმენტებზე არ ვსაუბრობ,  – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის განცხადებით, ის ამ ეტაპზე პოლიტიკაში არ დაბრუნდება, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ამის აუცილებლობაში თავად დარწმუნდება.

– მას ალბათ ახსოვს ერთი დაპირება, რომელიც ხალხს მისცა. როცა პრემიერობიდან მიდიოდა,  თქვა, თუ დავინახე, რომ ცუდად მიდის საქმე, დავბრუნდებიო.

იმედი მაქვს, ამ დანაპირებს შეასრულებს. კარგი იქნებოდა, ეს ახლავე გაეკეთებინა. ახლა უფრო იოლად შეძლებს დალაგებას. რაც უფრო იქით გადასწევს დაბრუნებას, მით უფრო გაუჭირდება დალაგება, – განუცხადა „ახალ თაობას“ გია ხუხაშვილმა.