გია კორკოტაშვილი: “მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ნასროლი ტყვიაც ასცდენია სხვას”.

გია კორკოტაშვილი: "მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ნასროლი ტყვიაც ასცდენია სხვას".საზოგადოების ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ, ორგანიზაცია “სამოქალაქო სოლიდარობის” დამფუძნებელმა, გია კორკოტაშვილმა, ჟურნალ “სარკესთან” ის უჩვეულო ისტორიები გაიხსენა, რომლებიც თავს გადახდენია.
გია კორკოტაშვილი:
– ღმერთთან ტკივილმა მიმიყვანა. სამი კვირის განმავლობაში სამი დიდი დარტყმა მივიღე ცხოვრებისგან. პირველ კვირას ჩემი ბავშვობის ძმაკაცი დავკრაძალე, მეორე კვირას – მამა, მესამე კვირას – ბებია. მანამდე ღმერთის შიში კი მქონდა, მაგრამ ეკლესიაში მხოლოდ დღესასწაულებზე დავდიოდი. დიდად მორწმუნე არ ვიყავი. როდესაც სამი საყვარელი ადამიანი ერთდროულად დავკარგე, ღმერთთან მივედი.
ჩემი სულიერი მოძღვარი გახდა მამა დავით დათუაშვილი, ახლა უკვე მეუფე დანიელი. ის მაშინ მცხეთაში დედათა მონასტრისა და სვეტიცხოვლის წინამძღვარი გახლდათ. იმ დროს მამა გაბრიელი მცხეთის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა და მასთან უშუალო ურთიერთობა მქონდა. ცხოვრებაში არ შემხვედირა ადამიანი, რომელსაც ღმერთი ისე ძალიან ჰყვარებოდა, როგორც მამა გაბრიელს უყვარდა.
შობის მარხვა იყო. ძალიან ციოდა. დიდ ტაძარს რომ ვერ ათბობდნენ, დილის წირვა მთავარანგელოზთა პატარა ტაძარში ტარდებოდა. სანამ ეკლესიაში შევიდოდი, დავინახე, რომ პირდაპირ აივანზე, მოაჯირთან, მამა გაბრიელი იდგა. დამიძახა, მოდიო. დალოცვა ვთხოვე. დამლოცა და მითხრა, შენთან საქმე მაქვს და ამოდიო. მასთან რომ მივედი, მკითხა, მე და შენ ნუნუა (ნუნუას ღვინოს ეძახდა) ხომ არ დავლიოთო. მაშინვე წავედი და ღვინო ვიყიდე.
თავის კელიაში შემიყვანა და დედებს, რომლებიც ტრაპეზს ამზადებდნენ, დაუძახა, ეს კაცი მშიერი ჩანს და ბორშჩი მოუტანეთ, არ გამიხდუნოთო. მას არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. მამა გაბრიელმა ალუმინის ორი ჭიქა მოიტანა და ღვინით შევავსე. პირველად ყოველთვის უფლის სადღეგრძელოს ამბობდა, მერე ლოცავდა ყველას. ვუთხარი, რომ დილით ღვინოს ვერ დავლევდი, ამაზე გამეხუმრა, ფრთები ხომ არ ამოგდისო.
მერე დამარიგა, ადამიანი რომ გესტუმრება, არ უნდა აგრძნობინო, მარხვაზე თუ ხარ, შეგიძლია მარხვა გატეხო, ასეთ შემთხვევაში მოძღვარი შეგინდობსო. მის გვერდით ჯდომას დიდ სასწაულად ვთვლიდი. მას შემდეგ ვინ იცის, რამდენჯერ დავეცი და დავდექი ფეხზე ღვთის წყალობით.
– როგორ დასრულდა თქვენი ტრაპეზი?
– ცოტა ღვინო დავლიეთ და ტაძარში ჩავედით. წირვა უკვე დამთავრებული იყო, მამა დავითი ქადაგებას აპირებდა. მამა გაბრიელმა სთხოვა, მე ვიქადაგებო. ამბიონზე რომ ავიდა, სახიერად და სულიერად შეიცვალა. მისი ქადაგება სულ 5 წუთი გაგრძელდა. ღმერთი გიყვარდეთ და მისი ერთგული იყავითო – ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, პაუზა გააკეთა. დავინახე, რომ მამა გაბრიელი ტიროდა და ამ ცრემლებში დიდი მორჩილება და სინანული იყო. მამა გაბრიელი ამბიონიდან ჩამოვიდა და ტაძრიდან გავიდა, მაგრამ ხალხი არ განძრეულა, გარინდული იდგა.
– ყველას ცხოვრებაშია განსაცდელები. როგორ დაგიღწევიათ მათთვის თავი, როგორ გამოსულხართ რთული სიტუაციებიდან?
– იმდენჯერ ვარ გადარჩენილი, რომ ვგრძნობ, ღმერთისგან ვარ დაცული. ჩემ გარშემო ათასი განსაცდელია, მაგრამ, უფლის წყალობით, გვერდს მივლის.
ახალგაზრდობისას, როდესაც თავქარიანობის ასაკი მქონდა, ბევრჯერ ყოფილა, რომ ჩემკენ ნასროლი ტყვია ამცდენია და, მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ნასროლი ტყვიაც ასცდენია სხვას.
– შეგიძლიათ ამ ისტორიებზე მოგვიყვეთ?
– ვერ მოვყვები, თუმცა გიამბობთ ერთს, როცა ჩემმა ინსტინქტმა, ინტუიციამ გადამარჩინა, ამიტომ ინტუიციის ძალიან მჯერა.
ერთ ადამიანს (გვარს და სახელს არ დავასახელებ) ტელეფონით ვესაუბრე და შეხვედრა დავთქვით. მისგან ღალატს არ ველოდი. წასვლის წინ დილის ლოცვა წავიკითხე. წმინდა გიორგის ტროპარს რომ ვკითულობდი, “გავიჭედე”. ტროპარი, რომელიც ზეპირად ვიცოდი, დამავიწყდა. ხელმეორედ დავიწყე ტროპარის წარმოთქმა და სიტყვები ისევ დამავიწყდა.
უცებ თავში აზრმა გამირბინა, რომ იქ არ უნდა წავსულიყავი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ იქ განსაცდელი მელოდა. ინტუიციას ვენდე და წასვლის წინ ყველაფერი გადავამოწმე, გავიგე, რომ ის ადამიანი მახეს მიგებდა. შეხვედრაზე აღარ წავედი და გადავრჩი.
ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ იმ ადამიანს შევურიგდი. მაშინ მითხრა, კიდევ კარგი, იმ დღეს არ მოხვედი, გატყუებდი, შეიძლებოდა ძალიან ცუდად დამთავრებულიყო ჩვენი შეხვედრა, ან მე მოვკვდებოდი, ან შენო.
– ჯვარს ყოველთვის თან ატარებთ?
– მაქვს ხის ჯვარი, რომელსაც ჩემთან ერთად აქვს ყველაფერი შემოვლილი. ერთხელ ქობულეთში აღელვებულ ზღვაში შევედი. წყალში ჯვარი დავკარგე, მაგრამ მეორე დღეს ზღვაში ვიპოვე. მითხარით – არის ეს სასწაული?
სასწაული მოხდა, როდესაც დედაჩემი გადარჩა. საავადმყოფოში იწვა, ექიმებმა მითხრეს, დაახლოებით ერთ საათში სულს დალევს და სახლში წაიყვანეთო. პალატაში ჩემი ახლობლები მსჯელობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. მათ ვუსმენდი და სულ რაღაც 5 წუთი გავითიშე. უცებ წამოვხტი და დედაჩემს დავძახე: “ნათელა! გურული არ ხარ, დასცხე ახლა კრიმანჭული!” და კრიმანჭული დავიწყე. ახლობლებმა ერთმანეთს გადახედეს, ეგონათ, გავგიჟდი. უცებ დედაჩემა თვალები გაახილა და ყველას გაგვიღიმა. იმ დღიდან კიდევ 6 თვე იცოცხლა.
ლია ოსაძე, ჟურნალი “სარკე”