რეჟისორი გიო მგელაძე თავისი ცნობილი ოჯახის, ბედისწერისა და სიყვარულის შესახებ ჟურნალ “სარკეს” უყვება.
– გიო, ძალიან ცნობილ ოჯახში დაიბადეთ. რა ფასეულობებით გზრდიდნენ?
– რაც თავი მახსოვს, ავტორიტეტი არასოდეს მყოლია. არც ქვემოდან ზემოთ და არც ზემოდან ქვემოთ არავისთვის მიყურებია. ყველას პირდაპირ ვუყურებ ან გაკვირვებული.
– რა გაკვირვებთ?
– ხან – რა და ხან – რა. ბავშვობიდან სრული თავისუფლება მქონდა. ნახევარი წელი ხომ სულ მამაჩემს დავყვებოდი გადაღებებზე და მეორე ნახევარ წელსაც, თუ მინდოდა, წავიდოდი სკოლაში და თუ არ მინდოდა – არა. ასეთ თავისუფლებას მაძლევდა მამა.
– დედაც ეთანხმებოდა?
– არა, მაგრამ მამის სიტყვა გადამწყვეტი იყო. ერთი-ორჯერ დედაჩემს ჰქონდა ამის გამო მკვეთრი პროტესტი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. არც საბავშვო ბაღში დავდიოდი.
ჩვენი სახლის წინ იყო გოგიას “ბუტკა” და გოგიამ დამარქვა მეძაღლე გიორგა. იქ იკრიბებოდნენ მთელი ქუჩის ძაღლები და სულ მათთან ერთად ვიყავი. სხვა ბავშვებიც მოდიოდნენ და მაშინ უფროსმა ბიჭებმა ფეხი დამწვეს.
– როგორ?
– ცეცხლი დაანთეს და დამენიძლავნენ, თუ ცეცხლში შეხვალ, სათამაშოს მოგცემთო. 3 წლის ვიყავი. ყველაზე უფროსი მათ შორის 14 წლის იყო. ადამიანების მიმართ ნდობა მაშინ დავკარგე. ძლივს გადავრჩი. 6 თვე ვიწექი.
ცუდი ხალხი ვართ ქართველები და არამარტო ქართველები. “აგრესიული პროვინციალიზმი” – ეს ტერმინი იხმარა ერთხელ რეზო თაბუკაშვილმა. სწორედ ასეთ ქმედებას ნიშნავს აგრესიული პროვინციალიზმი.
დღემდე ის შეხედულება მაქვს ადამიანებზე, რასაც მაშინ ვგრძნობდი. ყველას მიმართ გამიქრა ნდობა. დამწვრობის გამო ნეფრიტიც დამემართა და ფეხი ლამის მომაჭრეს. საშინლად ვეწამე.
– შურისძიებაზე ხომ არ ფიქრობდით?
– არა, მაგრამ მას მერე არავის არაფერს ვარჩენ, მაშინვე ყველას სათანადო პასუხს ვცემ და გულში არაფერს ვიტოვებ.
– დედის მხრიდან დიდი წინაპარი გყავთ – ცნობილი მეცნიერი პავლე ინგოროყვა, მისი შვილიშვილი ხართ. რა გაიხსენებდით მასზე?
– რა და, სიცოცხლის ბოლო 10 წელს მოიგონა, რომ სკლეროზი სჭირდა. მობეზრდა ყველასთან ურთიერთობა. მე პატარა ბიჭი ვიყავი და უყვარდა ჩემთან ერთად ყოფნა. მე რომ მხედავდა, სკლეროზი აღარ ჰქონდა, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ ვიტყვით. ეს ოთახი, რომელშიც ახლა ვართ, პავლესი იყო, მერე – მამაჩემის და ახლა ჩემია.
ჩემთან პავლე იმასაც ამბობდა, რომ ყველასთან ურთიერთობა მობეზრდა და დაიღალა. ხეთური იეროგლიფები, რომლებიც მან ამოხსნა, საოცრებაა. ამით, სამწუხაროდ, საქართველოში ვერავინ დავაინტერესე. იუნესკო-ში დაინტერესდნენ. იუნესკო-ს პავლეს უამრავი ნაშრომი აქვს აღიარებული მსოფლიო მოვლენად. იუნესკო-ში უკვე იციან, რომ ხეთების დატოვებული იეროგლიფები ქართველის მიერ არის ამოხსნილი.
სამწუხაროდ, ეს მხოლოდ უცხოელებს აინტერესებთ და არა – ქართველებს. ბაბუა დროში მოგზაურობდა. მისთვის სხვადასხვა განზომილება არ არსებობდა. პავლეს რომ ეთქვა, შოთა რუსთაველს ველაპარაკები ან ბოდლერსო, ვინ გაუგებდა? ისეთი მეტაფიზიკოსი იყო, რომ ანბანის მეტაფიზიკური ბუნებიდან პითაგორას სამკუთხედში თუ ოთხკუთხედში ჩაძვრა და იქიდან ამოხსნა ხეთური იეროგლიფები და სხვა ბევრი რამეც.
– დედათქვენი რას საქმიანობდა?
– დედა ფილოლოგი იყო, მაგრამ არ მუშაობდა, მუდამ დიასახლისი იყო და მამამისს ეხმარებოდა. 49 წლის ვარ და არც მე მიმუშავია არც ერთი დღე არც ერთ სამსახურში. სულ რაღაცას ვწერდი, სპექტაკლს ვდგამდი, კინოს ვიღებდი, მაგრამ ოფიციალური სამსახური არასოდეს მქონია. არც ერთ ორგანიზაციაში ვყოფილვარ გაერთიანებული და არანაირი საბუთი არ მქონია პასპორტის გარდა.
ოჯახში მესამე შვილი ვიყავი. მამაჩემისთვის პირველი და საყვარელი შვილი ჩემი და, ქეთინო იყო. ჩემი მეორე და, თამუნა, ჩვენი გაგებით, ინვალიდია, მაგრამ, ჩემი აზრით, თამუნასთან შედარებით, ჩვენ ვართ ყველანი ინვალიდები.
ერთი თვისაც არ იყო, სიმაღლიდან რომ გადმოვარდა და… ასეთ ბედნიერ ადამიანს მეორეს არ ვიცნობ, რადგან ის გოიმური პრობლემები, ჩვენ რომ გვაქვს, მას არ აწუხებს. ნამდვილი ანგელოზია. თან ძალიან კარგად ხატავს.
ქეთინო ინგლისურის სპეციალისტია და თან ძალიან საინტერესოდ წერს ლექსებს, პროზას… კინოსტუდიაშიც მუშაობდა კინორედაქტორად. მაშინ ყველა ფილმს ჰყავდა რედაქტორი. რა მაგარი სისტემა დავანგრიეთ თურმე! ყოფილიყო, რას ერჩოდნენ?!
ყველა პროცესი, რაც კინოს სჭირდება, 3 წლიდან მქონდა გავლილი. ფილმს ვამონტაჟებდი, ვახმოვანებდი, ფილმებში მიღებდნენ… ასევე მაინტერესებდა, რას აკეთებდა პავლე და ხშირად ვსტუმრობდი ამ ოთახს. მერე თეატრალურში ჩავაბარე.
– ახლა რაზე მუშაობთ?
– ვწერ, ფილმს ვიღებ… მალე წიგნს გამოვუშვებ. 2003 წელს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და 40 ქულით ვაჯობე მეორე ადგილზე გასულს. ასე გადავიღე “ჩემი თვითმფრინავი”. 2004 წლიდან კი საერთოდ ამკრძალეს. მთავრობა რომ შეიცვალა, მეუბნებოდნენ, რას ამბობთ, თქვენი აკრძალვა როგორ შეიძლებაო. 12 წელი გამომატოვებინეს კინოში! არც ერთი მთავრობის აპოლოგეტი არ ვყოფილვარ და არც გავხდები!
12 წლის მერე კინოცენტრმა ნება მომცა, კონკურსში მიმეღო მონაწილეობა და ისევ პირველ ადგილზე გავედი. ძალიან მცირე ბიუჯეტი იყო საჭირო და ეს ყველას უკვირდა, მაგრამ ეს მცირე ბიუჯეტიც კი გაყვეს ისე, რომ 3 წელი გამიწელეს. მე კი დავამთავრებ ამ ფილმს, მაგრამ 12 წლის პაუზის მერე რომ 3 წელი გაწამებენ, რა ჰქვია ამას?!
– რას ეხება ფილმი?
– დავიწყე ერთით, გავაგრძელე მეორით, მესამეს ვამზადებ და მეოთხე გამოვა ალბათ და როგორ გითხრათ, რას ეხება?
იმ წლებში, როცა კინოში აკრძალული ვიყავი, წიგნები გამოვუშვი. ლიტერატურულ კონკურს “საბას” ფინალში ორჯერ მოვხვდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამიშვეს, რადგან ეს არის კომკავშირული პრემია და მალე ალბათ ლენინურ პრემიად გადაიქცევა.
– მამასთან მეგობრობდით?
– დიახ და ზუსტად იმ ხარისხის მეგობარია ჩემთვის ჩემი შვილი ლუკა, როგორიც მე ვიყავი მამაჩემისთვის. გამიმართლა, რომ ჩემი დიდი მეგობარი იყო ბაბუა, მამა, ახლა კი – ჩემი ვაჟი. განებივრებული ვარ ამით და იმით, რომ მამაჩემი მთელი მსოფლიოს კინოელიტას იცნობდა და მეგობრობდა მათთან. მეც ყველას ვიცნობ.
მამას აფხაზეთში დავყავდი, სადაც მთელი კინემატოგრაფისტები იკრიბებოდნენ. გენიოსებთან ვძმაკაცობდი ბავშვობიდან და ეს გრძელდება.
მოგეხსენებათ, მამას ინსულტი დაემართა და 5 თვე იწვა. მერე გამოძვრა ამ მდგომარეობიდან და 5 წელი კიდევ იცოცხლა. 5 თვე მისი მედდა ვიყავი. ღამე 7-ჯერ ვბანდი და ეს სულაც არ იყო რთული, რადგან ერთი წამით არ დამიშვია მაშინ, რომ რამე დაემართებოდა. მას მერე 5 წელი სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრა, ორი წიგნი გამოუშვა…
– ამ იღბალთან და გამართლებებთან ერთად, რაც თქვენს ოჯახს უკავშირდება, რთული ცხოვრება გაქვთ გავლილი. ყველაზე დიდი ტკივილი ალბათ თქვენი ცოლის, თეონას, დაკარგვაა.
– კი, ძალიან რთული ცხოვრება გავიარე და რამდენჯერმე ფაქტობრივად ფერფლიდან ვარ აღმდგარი. თუ არ მოკვდები, თავიდან ვერ დაიბადები.
თეონა ადამიანი არ იყო. უშრეტი ენერგია ჰქონდა. სანამ გავიღვიძებდით, ამხელა სახლი მთლიანად ბზინავდა. მინიმუმი, ხუთი სახეობის კერძი გაკეთებული ჰქონდა და ხატავდა უკვე. მისი უამრავი ნახატი მაქვს სახლში კედლებზე. 13 წელი ვიყავით ერთად და კი არ გამქრალა სიყვარული, უფრო და უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი.
– როგორ გაიცანით თეონა?
– კინორეჟისორი გია რევიშვილი ფილმ “კვირადღეს” იღებდა და მთავარ როლს მე ვთამაშობდი. ამ ფილმში ერთი სიუჟეტია, სადაც ჩემი გმირი გოგოს გამო ჩხუბობს. თეონა იმ დროს მოვიდა გადაღებაზე. გავიცანი თუ არა, რაღაც მოხდა. იმავე დღეს ავადექი სახლში და ეს სიყვარული იმ დღის მერე აღარც დამთავრებულა, ისევ გრძელდება. მან მაჩვენა, რომ შეიძლება სიყვარული გახუნდეს კი არა, ყოველდღე უფრო და უფრო გაძლიერდეს.
– რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, როცა თეონა დაიღუპა?
– არ მინდა იმ დღის გახსენება… ჩვენი შვილი, ლუკა, მაშინ 12 წლის იყო. ვინც საჭესთან იჯდა, ის გადარჩა და მისი და ჩვენი შვილიც. ჩემი მხარე დაეტაკა ხეს და ხე მანქანაში შემოვიდა. წესით, მე უნდა დავღუპულიყავი. მთლიანად დავილეწე, თეონა კი…
– ნინია კაკაბაძეს, რომელიც საჭესთან იჯდა, დიდხანს აძახებდნენ თეონას დაღუპვის ამბავს.
– რა შუაშია ნინია?! საჭესთან მაშინ გინდ ნინია კაკაბაძე ყოფილიყო და გინდ მე, მაინც ეს ამბავი მოხდებოდა. ადამიანები ასე ბედისწერისკენ მიდიოდნენ თავისით, მსგავსი რამ არც გექნებათ ნანახი. იმ ორ დღეში იმდენი რამ მოხდა ჩვენს თავს…
მამაჩემს ხილვა ჰქონდა და ეს ავარია თავიდან ბოლომდე ნახა. გზაში ვიყავით, რომ დამირეკა… ასე რომ, არავის ბრალია ის ავარია.
თეონა გასხივოსნებული იყო და იმიტომაც წავიდა ასე. ყველაფერი ბედისწერის ბრალი იყო. იმ დროს ყველაფერი აჯანყდა, გადაირია ბუნება, ხილვაც კი ნახეს… აღარ მინდა ამაზე რამის თქმა.
– თეონას მერე კიდევ შეგიყვარდათ?
– კი, მაგრამ ცოლი არ მყოლია. ახლა არავინ მიყვარს.
– თეონამდე სხვა ცოლიც გყავდათ…
– კი და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი – 17 წლის, ის 15-ის იყო თუ მე – 16-ის და ის – 14-ის, აღარ მახსოვს. სკოლაში ვსწავლობდით. ეს ფაქტობრივად გართობა იყო. მღვდელი მოვატყუეთ, რომ უფრო დიდები ვიყავით. დიდუბის ეკლესიაში დავიწერეთ ჯვარი. ჩვენმა მეჯვარეებმა გზაში გაიხადეს სკოლის ფორმები და სხვა ტანსაცმელი გადაიცვეს. მეორე დღეს გაიგეს ჩვენებმა, რომ ჯვარდაწერილები ვიყავით. 2 წელზე მეტი ვიცხოვრეთ ერთად და მერე გავშორდით.
– ცოლის მოყვანას აღარ აპირებთ?
– ალბათ – არა, მაგრამ რა ვიცი… შეიძლება იმ მთავარმა სიყვარულმა არ დამტოვოს, მაგრამ სხვაც მოვიდეს.
– ცოტა ხნის წინ თავად წერდით “ფეისბუქში”, რომ ცე ჰეპატიტისგან განიკურნეთ და სხვებს მოუწოდებდით, ვინც მკურნალობდა, ალკოჰოლი არ დაელიათ. რა გზა გაიარეთ განკურნებამდე?
– უმძიმესი თერაპია გავიარე. ეს ჩვეულებრივი ქიმიოთერაპიაა. ყველას მოვუწოდე, ნუ დალევთ-მეთქი. ჰეპატიტზე მკურნალობენ და თან სვამენ იდიოტები! თუ იმიტომ მკურნალობ, რომ ძვირია და ახლა უფასოდ არის, თავში ქვა იხალე!
ექიმი თავიდანვე გითანხმდება, რომ 3 წელი არ დალევ და თანხმდები თერაპიის დაწყებაზე. მე ღვიძლის ძალიან მძიმე დაზიანება მქონდა. ახლა კი, ანალიზების მიხედვით, ჯანმრთელი ვარ.
უკვე ბევრი წელია, წვეთს არ ვსვამ. კოტე ყუბანეიშვილს აქვს ასეთი ლექსი: “თუ სიმთვრალე გაქვს მყრალი, არ დაგვენახო მთვრალი”. მე კი ცუდი სიმთვრალე მაქვს და აღარც ვსვამ. მოსახლეობა არ მაინტერესებს, მაგრამ საყვარელ ადამიანებსაც ვაწუხებდი ამით და გადავწყვიტე, აღარ დამელია.
– თქვენი ვაჟი, ლუკა, როგორც ცხოვრობს, რას საქმიანობს?
– ლუკა ახლა 27 წლისაა. თბილისში კინოსარეჟისოროზე ისწავლა და მერე ლოს ანჯელესში ორწლიანი მაგისტრატურაც დაამთავრა. 1 წელი ჰოლივუდში იმუშავა და რამდენიმე თვეა, რაც ჩამოვიდა.
დედამიწის ზურგზე ვისაც კი ვიცნობ, ყველაზე მაგარი ბიჭია. ძალიან მაგარი ცოლი ჰყავს, ამერიკაში მოიყვანა. ფერადკანიანია – აფროამერიკელი, ფრანგი და ჩინელი წინაპრები ჰყავს. ახლა ჩემთან ერთად ცხოვრობენ.
– შვილიშვილსაც ხომ არ ელოდებით?
– ჯერ არ ველოდებით, მაგრამ იმედია, მალე ესეც იქნება. დიდები არიან და თვითონ გადაწყვეტენ, რა ქნან. სულ რაღაც პროექტებზე მუშაობენ. ლუკასაც ჩემსავით თავისუფლება უყვარს, მუდმივი სამსახური არ აქვს. ამერიკაში კი ჰქონდა თავისი სტუდია. ალბათ იქაც დაბრუნდებიან, აქაც იქნებიან და იქაც.
– თქვენს რძალს მოსწონს საქართველო?
– გადარეულია, ისე მოსწონს. ყველაფერი მოსწონს, ბუნებიდან დაწყებული, ურთიერთობებით დამთავრებული. ძალიან კარგი მზარეულია თვითონაც.
– ქართულ კერძებს გიკეთებთ?
– არა, უცხოურს. ლუკასაც მოსწონს მზარეულობა და ორივემ იცის მომზადება.
– ამ ოთახში ბევრი ძველი ნივთია, ალბათ ოჯახური რელიქვია.
– ბევრი ნივთია პავლესი. კარადაც ჯერ პავლესი იყო, მერე – გუგულის. ეს მახვშების სკამია – 6 საუკუნე სვანეთის მახვშები ისხდნენ ამ სკამზე. ანტიკვარული ნივთი რაც კი იყო, ყველა ჩემს უფროს დას მივეცი. მე აღარაფერი მაქვს.
– ორიგინალური ბეჭდები, ყელსაბამები გიკეთიათ. ყოველ მათგანს თავისი იმტორია აქვს?
– ყელზე რომ მიკეთია, მეტეორის ნაწილია, რომელიც 30 წლის წინ დაეცა კალიფორნიის ტერიტორიაზე და ლუკამ იქ ობსერვატორიაში მიყიდა. ამ სამკაულებისადმი ჩემი დამოკიდებულება მაქვს, რომელიც მხოლოდ მე ვიცი. ვცვლით ენერგიას და კარგად ვართ, თორემ ისე არ გავიკეთებდი.
რუსუდან ადვაძე, ჟურნალი “სარკე”