ია სუხიტაშვილმა როლისთვის 7 კილო მოიმატა

ია სუხიტაშვილმა როლისთვის 7 კილო მოიმატამსახიობი ია სუხიტაშვილი ჟურნალ “სარკესთან” ამბობს, რომ მისთვის ნაოჭების მატება თუ სხვადასხვა ასაკობრივი ცვლილებები მეორეხარისხოვანია, მთავარია, როგორც ქალი და დედა იყოს შემდგარი და შინაგანი სხივი არასოდეს დაკარგოს.
– ია, როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?
– მსახიობებს თეატრშიც და კინოშიც იმდენად დატვირთული რეჟიმი გვაქვს, ჯანსაღი ცხოვრების დაგეგმვა ჩვენთვის ცოტა რთულია. ბევრჯერ მიფიქრია, სპორტდარბაზში მევლო ან სტადიონზე მევარჯიშა, რომელიც ჩემის სახლის წინ არის, მაგრამ ვერასოდეს მოვახერხე. გადაღებას ან რეპეტიციას ღამის 3 საათზე რომ დაასრულებ, დილის 7 ან 8 საათზე ადგომა რთულია. არ მგონია, ეს ვინმემ შეძლოს.
სიმართლე გითხრათ, გენეტიკაც მიწყობს ხელს, დედაჩემის მამის მხარეს წავედი, ისინი ყოველთვის გამხდრები იყვნენ.
ადრე სულ მეკითხებოდნენ, როგორი გამხდარი ხარ, რამე ხომ არ გაწუხებსო. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ ჭარბწონიანები არიან, მაგრამ არაფერი აწუხებთ და არიან ისეთები, რომლებიც ბუნებრივად არიან გამხდრები და ჯანმრთელები. წონას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ორგანიზმი გქონდეს ჯანმრთელი. დიეტებით ძალიან კი იკლებენ, მაგრამ ამის გამო უამრავ რამეს იზიანებენ.
– როცა გეუბნებოდნენ, რომ ძალიან გამხდარი იყავით, ეს მოქმედებდა თქვენზე?
– თქმას გააჩნია. მე მაინც ვთვლი, რომ იმ წონას უნდა იხდენდე, როგორიც ხარ. ბევრს ვიცნობ ისეთს, რომლებსაც ცოტა დასაკლები აქვთ, მაგრამ იმდენად კარგად წარმოადგნენ თავიანთ თავს, რომ მათ ლამაზად აღიქვამ. როცა კომპლექსდები, მაშინვე გეტყობა.
სიგამხდრესთან დაკავშირებით ცუდად მეუბნებოდნენ: “რა არის, ქალო, ჭამე, პატრონი არ გყავს?”. ასეთი დამოკიდებულება მწყინდა, თორემ ვერ გეტყვით, რომ სიგამხდრეზე მქონდა გართულება. ზოგმა ძალიან უხეშად იცის თქმა, რაც არ შეიძლება.
– ცხოვრების არც ერთ მონაკვეთში დაგჭირვებიათ დიეტა, თუნდაც მშობიარობის შემდეგ?
– არა და ღმერთმა ნუ ქნას, დამჭირდეს! თქვენ წარმოიდგინეთ, გამხდრები უფრო ბევრს ჭამენ და მეც ძალიან მსუნაგი ვარ. ალბათ დიეტას ვერასდროს დავიცავ. გამიმართლა, რომ გამხდარი ვარ.
მარტში თინა ყაჯრიშვილის ფილმზე დავამთავრეთ მუშაობა. მთხოვეს, რომ წონაში მომემატა. 46 კილო ვიყავი და 53 კილომდე ავედი.
– როგორ შეძელით ეს?
– რაღაც პერიოდი ისე დაემთხვა, რომ არაფერს ვაკეთებდი, სახლში ვიყავი და კალორიულ საკვებს დიდი რაოდენობით ვჭამდი. შეიძლება ვერასდროს ავიდე 65 კილომდე, მაგრამ 46-დან 54 კილომდე შემიძლია მომატება. რომელიმე რეჟისორს როლისთვის რომ მოუნდეს, 100 კილო გავხდე, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებ, რადგან ორგანიზმის ბალანსი ამ წონამდე ვერ გამიშვებს.
– რაციონის სიჯანსაღეს აქცევთ ყურადღებას?
– ზოგჯერ ვაქცევ, ზოგჯერ – არა. უზომოდ მიყვარს რძის პოდუქტები და ბოსტნეული. ამ საკითხშიც რთულია რეჟიმის დაცვა, როცა რთული გრაფიკი გაქვს, გადაღებაზე ხარ. ვერ დაიწყებ პრეტენზიებს, ამას ვჭამ, იმას ვერაო. ეს უხერხულია.
– თმა დაგიმოკლებიათ – როლისთვის დაგჭირდათ?
– ისე გამიფუჭდა თმა, რომ არ შემეჭრა, არაფრით შეიძლებოდა. ადრე უფრო გრძელ თმას ვანიჭებდი უპირატესობას, ახლა მოგატყუებთ, რომ გითხრათ, გრძელი თმა მინდა-მეთქი. მოვლამაც ცოტა დამღალა. ძირითადად მხრებამდე სიგრძის თმას ვატარებ, ასე მოკლედ ახლა დამჭირდა შეჭრა.
– რა საშუალებებით უვლით თმას?
– ნიღბებს ხშირად ვიკეთებ. ეს პროცესი ცოტა მღლის, რადგან სულ მეჩქარება. ქალებშიც იმდენად ხშირია თმის ცვენის პრობლემა, სულ ვცდილობ, განსაკუთრებულად მოვუარო. ბოლო გადაღებაზე მთხოვეს, თმა სამი დღე არ დამებანა, რადგან ისეთი ვარცხნილობები მჭირდებოდა, რომლებიც ჩემს თხელ თმაზე რთული გასაკეთებელი იყო.
გრიმიორს დამუშავებულ, გალაქულ თმაზე ბევრად უადვილდებოდა ვარცხნილობის გაკეთება. წარმოიდგინეთ, ამდენი ლაქი გისვია და სამი დღე არ უნდა დაიბანო. ასე თმა ძალიან ზიანდება. ჩემს ერთ-ერთ კოლეგას ამის გამო დიდი პრობლემა შეექმნა.
– რა ხდის ქალს ქალურს?
– ამაში ფიზიკური მხარეც უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ არიან ქალები, რომლებიც თავიანთი მანერებით, ინტელექტით მოგხიბლავენ, ეს ყველაფერი ერთად კი საინტერესოს ხდის მათ. მერილინ მონროზე ამბობენ, ის იყო ქერათმიანი, შტერი გოგოო,მაგრამ ის ნიჭიერი მსახიობი, დახვეწილი, განათლებული ქალი იყო და სულაც არ ყოფილა ქერქეტა.
– სად გადის სექსუალურობასა და ვულგარულობას შორის ზღვარი?
– უინტელექტობა, გაუნათლებლობა აკეთებს იმას, რომ ადამიანი ვულგარული ხდება. ვისაც თავში რაღაც უყრია, ამ ზღვარს დაიცავს. განათლება ბევრს ნიშნავს, ოღონდ ამაში არამხოლოდ წიგნების კითხვა იგულისხმება, შინაგანი კულტურაა საჭირო, რომელსაც შეძენილი ცოდნაც ემატება.
შოკში ვარ, ისეთი ვულგარული, საშინლად ხელოვნური, უაზრო ტენდენციები წამოვიდა. ვერ ვხვდები, ეს რატომ მოსწონთ.
– ქირურგიულ პლასტიკურ ჩარევებს გულისხმობთ?
– დიახ. თუმცა ისეთი ჩარევის მომხრე ვარ, რომელსაც დადებითი შედეგი მოაქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ სჭირდებათ, მაგრამ იკეთებენ.
– თქვენ არ გაგჩენიათ სახეზე რაიმეს შეცვლის სურვილი?
– არა. ერთხელ გაცივებისგან ორივე ტუჩზე ჰერპესი გამომივიდა და ტუჩები იმხელა გამიხდა, მივხვდი, რომ მსგავსი ჩარევა ჩემი სახისთვის არაფრით შეიძლება. საკმაოდ პატარა სახე მაქვს და გასიებულმა ტუჩებმა პროპორციები აბსოლუტურად დაარღვია. მესმის, რომ ექიმებსაც სჭირდებათ არსებობისთვის ფული, ოჯახის რჩენა, მაგრამ პაციენტები ძალიან არ უნდა გაიმეტონ.
– წლების მატებასთან ერთად ალბათ უფრო მეტს ფიქრობთ იმაზე, რომ იმას, რაც უფალმა გიბოძათ, მოუფრთხილდეთ და მოუაროთ.
– თუ თავიდანვე რაღაცნაირად არ ზრუნავ შენს გარეგნობაზე, ასაკის მატებასთან ერთად რაც უნდა გაიგიჟო თავი, დადებით შედეგს ვერ დადებ.
ორსულობის დროს საკმაოდ ბევრი, 24 კილომდე მოვიმატე, თან მე ძალიან ნაზი, თხელი კანი მაქვს. მიუხედავად ამისა, კანი არ დამიზიანდა, რადგან თავიდანვე ვუვლიდი. მშობელმაც უნდა მიუთითოს ბავშვს, რომ მოვლაა საჭირო.
ზოგი ჩემი ახლობელი განიცდის, ასაკს მალავს, მაგრამ მე ასე არ ვარ. მინდა, პირველ რიგში, როგორც ქალი და დედა ვიყო ბედნიერი და ვარ კიდეც. დანარჩენს მივხედავ, კანთან დაკავშირებული ჩარევები რომ დამჭირდება, გავიკეთებ.
დიდხანს სიცოცხლე მინდა. მინდა, რომ შვილთაშვილებსაც მოვესწრო. ჭაღარა და ნაოჭი ნამდვილად არ მაინტერესებს.
– ხშირად გიწევთ გარდასახვა. როგორი ია სუხიტაშვილი მოგწონთ?
– სპექტაკლ “ლისისტრატეში” ვთამაშობდი. მოვინდომე, რომ ეს ქალი ცოტა საშიში ყოფილიყო, ლინზებიც გამოვიწერე, რომ გუგა ცოტა ჩაშლილი ჰქონოდა. ამ ქალს ეს თვალები რომ მოაშორო, მესიმპათიურება, ჭაღარა, მშვენიერი ქალია ჩემი ლისისტრატე.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”