„ივანიშვილი  შეეცდება, საარჩევნოდ კალაძე დააზიანოს“

ლევან ხაბეიშვილი: კალაძემ ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყო, შეიძლება იგი  შუა მერობიდან მოასრიალონ

„ივანიშვილი  შეეცდება, საარჩევნოდ  კალაძე დააზიანოს“– თბილისის მერობის კანდიდატი კარგად ლავირებს და ისე წარმოაჩენს, რომ ყოფილი პრემიერის გავლენის ქვეშაა. ამ დროს ის ყველაფერს აკეთებს, რომ ამ გავლენებისგან გათავისუფლდეს. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ჩემი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატებიდან 3 კაცზე მეტი ვერ მოხვდება.

რა ხალხიც ჰყავს “ოცნებას” საკრებულოში, კარგად ვიცით. ისინი მონურ მორჩილებაში იმყოფებიან ივანიშვილთან. ეს ის ხალხია, ვინც ყოფილ პრემიერს რამდენიმე საათში კოეფიციენტი შეუცვალა, ბოტანიკური ბაღი გაუფორმა. პანორამა თბილისზე აღარაფერს ვამბობ. ეს ყველაფერზე ხელის ამწევი ხალხია, რომელსაც არქიფო სეთურისთვის პრობლემა არ შეუქმნიათ. ისინი მას პრობლემებს არც მომავალში შეუქმნიდნენ, მაგრამ კალაძემ მათი ჩამოშორება გადაწყვიტა.

მან “ქართული ოცნების” თავმჯდომარეების და აქტივისტების ჩაჩოჩება დაიწყო რეგიონებში. მან თქვა, რომ თავად დახარჯავს ფინანსებს, თავად დააკომპლექტებს საკრებულოებს, მაჟორიტარულ ოლქებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გარკვეული ინიციატივის ხელში აღებას ცდილობს. მას სურს, რომ თბილისის მერია პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ლევან ხაბეიშვილი.

მისი აზრით, არსებული კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს არჩეული მერისთვის იმპიჩმენტის მოწყობა შეუძლია. ამის შესახებ იცის კალაძემაც და იმასაც ხვდება, რომ თუ ისე არ მოიქცევა, შესაძლოა, ივანიშვილმა მერობიდან მოასრიალოს. ამიტომაც ცდილობს საკრებულოში თავისი ხალხის შეყვანას.

– ივანიშვილი შტერი ნამდვილად არ არის, რომ ვერ გამოიცნოს, რა ჩანაფიქრი აქვს კალაძეს და რატომ წმენდს პოლიტიკურ გუნდს დედაქალაქში. პირველი მეოცნებე არაა ის კაცი, ამას რამე არ დაუპირისპიროს. დაიმახსოვრეთ, კალაძეს პრობლემები და დისკომფორტები შეექმნება. მათ შორის საარჩევნო პერიოდშიც.

მათი დაპირისპირება ჯერ ისევ კულუარულ დონეზე დარჩება. მისი საჯარო სივრცეში გამოტანა არც ერთს არ აწყობს. თბილისის მერად კალაძის დასახელება “ოცნებაში” ბევრს არ მოსწონს.

მათ კარგად იციან, რომ ის ისეთი მერი არ იქნება, როგორიც ნარმანიაა. მას ასე იოლად ვერ დაურეკავენ, ვერაფერს მოსთხოვენ და არც მისი მართვა იქნება იოლი. ის თავისი კლანური მმართველობითა და ბიზნესინტერესებითაა ცნობილი. მისთვის არც ნეპოტიზმია უცხო, – ასეთია მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” დამფუძნებელის აზრი.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ახლა კალაძის მთავარი ამოცანაა, დედაქალაქის პარტიული სტრუქტურა “ოცნების” კადრებისგან გაწმინდოს და იქ თავისი ხალხი შეიყვანოს. თავის ხალხში კი ფეხბურთელებს გულისხმობს.

– პირველ რიგში ფეხბურთელები. მათ არც პოლიტიკური გამოცდილება აქვთ და არც პოლიტიკური გასაქანი. კალაძისთვის იდეალური კანდიდატები არიან ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი. მიზნის მისაღწევად რომ ყველაფერს იკადრებს, ესეც ვიცით. ვისაც არ ახსოვს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს გავახსენებ. იმისთვის, რომ კობიაშვილი გაეყვანა, ადამიანი დღისით-მზისით მოიპარა.

ის ყველაფერზე წავა, მაგრამ არც “ოცნების” სხვა დაჯგუფებები იქნებიან გულხელდაკრეფილი.

„ახალი თაობის“ კითხვაზე, რა დაჯგუფებები არის “ოცნებაში“,  ხაბეიშვილი პასუხობს:

– კალაძის დაჯგუფება უკვე ვახსენეთ. არის ჩუგოშვილის და ახალგაზრდების ფრთა, რომლებსაც თავისი ამოცანები აქვთ. ივანიშვილის გუნდში იქნებიან ძველი კომკავშირლები – ვოლსკი, ბესელია და ბიზნესმენები.

ეჭვი მაქვს, რომ ეს შიდა დაპირისპირება “ქართულ ოცნებას” მთლიანად გადაიყოლებს. უკვე დიდი ხანია, ხალხი აღარ ახსოვთ, თავიანთ ბიზნესებზე და შიდა დაპირისპირებებზე არიან გადასულები. ვფიქრობ, ხალხი ამას ძალიან კარგად ხვდება.

არ უნდა დავივიწყოთ კახელების კლანი. ირაკლი ღარიბაშვილი ალბათ ისევ გამოვა პოლიტიკურ სცენაზე. არის კიდევ სუსის დაჯგუფება. ძალიან ბევრი დაჯგუფებაა “ოცნებაში” და ჯერჯერობით ყველა ისევ ივანიშვილის მოურავია. განსხვავება მათ შორის მხოლოდ კატეგორიებია.

ისინი იყოფიან პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხის მონა-მოურავებად. პირველი კატეგორიის მონა-მოურავებში ბესელია-ვოლსკი-ძიძიგური შედიან. ამ კატეგორიის ხალხი ბიძინას ეთაყვანება.

ის პოლიტიკური სიბინძურე, რაც ახლა მმართველ გუნდშია, შემოდგომაზე ლოგიკურად დასრულდება. თვითმმართველობის არჩევნებზე ხალხისგან ისინი მწარე ალიყურს მიიღებენ.

ხაბეიშვილის აზრით,  საარჩევნო პერიოდში მთავარმა მეოცნებემ შესაძლოა მერობის კანდიდატს პრობლემები შეუქმნას.

– ივანიშვილი  შეეცდება, პოლიტიკურად დააზიანოს კალაძე. დღეს არსებული ვითარებით, ეს უკანასკნელიც ივანიშვილის მოურავია, ოღონდ კლასიფიკაციით მეოთხე. ეს მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ მერობის კანდიდატს თავისი ფინანსები აქვს.

იმის გამო, რომ მათ შორის უნდობლობა გაჩნდა, კალაძემ ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყო. ის შიშობს, რომ შეიძლება შუა მერობიდან მოასრიალონ. ეს ყველაფერი სერიოზულ კითხვებს აჩენს და, დარწმუნებული ვარ, მათ შორის სერიოზული შუღლი გაღვივდება.

კალაძის ამბიციების გარდა, არის ივანიშვილის ხასიათი. ის ვერ იტანს, თუ ვინმე მისგან დამოუკიდებელია. არც ის მოსწონს, თუ ვინმე პოლიტიკურ დივიდენდებს მოიპოვებს. აქამდე ის თანამდებობებზე ისეთ ხალხს აყენებდა, ვისაც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების შანსი არ ჰქონდა და ვერც დამოუკიდებელ თამაშს გაბედავდა.

კალაძეს საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების შესაძლებლობა აქვს, ნარმანიასგან ეს გამორიცხულია. ისევე, როგორც კვირიკაშვილისგან. ეს უკანასკნელი საერთოდ არაფრის მაქნისია. მტერი კარზე მოგვადგა, ეგ კი მთავრობის სხდომაზე გაიძახის, ქართველ კაცებს ბორდელებში არ უშვებენო. ამ პოსტზე მხოლოდ იმიტომ ზის, რომ კარგი ფორმა აქვს და, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, კარგად მეტყველებს. სხვა მათ შორის განსხვავება არ არის.

წინ დიდი ამბები გველოდება და არავინ იცის, მეოცნებეები ერთმანეთს როდის, სად და რა კომპრომატს აუფრიალებენ, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ლევან ხაბეიშვილი.