საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ხდება
ნიკა გვარამია ხელისუფლებას სასამართლოში უჩივის, აცხადებს, რომ ქუმსიშვილმა საგადასახადო ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია. მეორე მხრივ, ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არანაირ საიდუმლოებას არ წარმოადგენს და არც მისი გასაჯაროებით დარღვეულა კანონი.
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– თუ საჯარო ინფორმაციაა, მისი გამოქვეყნება ალბათ შესაძლებელია, ხოლო ეს ყველაფერი რამდენად ეთიკურია, ეს მეორე საკითხია. ეს თუ არ არის საჯარო ინფორმაცია, საკმაოდ გამოცდილი იურისტია გვარამია და შეუძლია, კიდეც იჩივლოს სასამართლოში.
– განაცხადა, რომ იჩივლებს.
– თუ არ იყო საჯარო და გაასაჯაროეს, ასეთ პროცესს მოიგებს კიდეც. თუმცა, სავარაუდოდ, ასეთ სისულელეს არ გააკეთებდა ხელისუფლება და არასაჯარო ინფორმაციას არ გაასაჯაროებდა. მე იურისტი არ ვარ და ამ რეგულაციებში ვერ ვერკვევი, მაგრამ შემიძლია ერთი რამ გითხრათ, ეთიკა და კანონი კიდევ სხვადასხვა რამეა. რამდენად საჭირო იყო ამის გაკეთება, ეს სხვა საკითხია.
– ამ კუთხით მიდის ზეწოლა რუსთავი 2-ზე?
– რუსთავი 2-ზე ზეწოლა რომ მიდის, რად უნდა ამას ლაპარაკი. რუსთავი 2-ს რომ ნელ-ნელა შლიან, ესეც საიდუმლო არ არის. ხედავთ, რომ განახევრდა ტელევიზია
პროდაქშენის ძალიან სერიოზული ნაწილი წავიდა. წავიდა ხაბურძანია, წავიდა დემნა ჯაფარიძე, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო თავის საქმეში. უძლიერესი კადრები წავიდნენ.
– გადაბირება ხდება?
– ყველაფერიც ხდება. რა თქმა უნდა, ზეწოლაც დიდია და ხელისუფლების ალგორითმიდან გასაკვირი ამაში არაფერია. სამწუხაროა, რომ ყველა ხელისუფლების მხრიდან ასე ხდება და მიმდინარეობს მედიაზე ზეწოლა. ეს ყველაფერი სერიოზულ უკუქმედებას იწვევს და, საბოლოო ჯამში, ისევ დარტყმას მიაყენებს ხელისუფლებას. დღეს არა და ხვალ ეს ყველაფერი აუცილებლად ბუმერანგივით დაუბრუნდება ხელისუფლებას. აი, ნახავთ თუ არა.
– თქვენც ფიქრობთ, რომ მიზანმიმართულ ქმედებას აქვს ადგილი იმისთვის, რომ არხი ჩაიძიროს?
– რასაკვირველია. შესაძლოა, ამ გასაჯაროებით რაღაც განსაკუთრებული დარტყმები არ ადგება არხს, მაგრამ აქ ეთიკის მომენტიც არის, გარკვეული ზეწოლაც არის. გადასარევად იციან, რომ საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებაა არხის მფლობელებსა და დირექციას შორის. დღეს კი ამ ყველაფრის მუსირება და პრესინგი ხდება. საბოლოო ჯამში კი ამ პროცესებით რუსთავი 2-ის განადგურება უნდათ. ამაში კი გასაკვირი არაფერი არ არის, გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების ხასიათიდან. ეს არასწორია. ასევე არასწორად იქცეოდა წინა ხელისუფლება. მიბრაზდებიან, რატომ ამბობ ამასო. რატომ ვამბობ და შესანიშნავად ვიცი, რაც იყო.
საშინელი პრესინგი იყო ტელევიზიებზე ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, განსაკუთრებით უგულავასა და ბოკერიას მხრიდან. ახლა რომ გამოდიან და იძახიან, რატომ ახორციელებ ჩვენზე ასეთ წნეხსო, რა, თქვენ რომ ახორციელებდით, კარგი იყო?!
მე დღეს უფრო მაწუხებს ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც ჩემი ფულიდან ფინანსდება, მრავალათასიან ჯიპებს ყიდულობს დირექცია!
– რა ხდება დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე?
– ხდება ის, რომ მაქსიმალურად მიმდინარეობს თავისუფალი აზრის, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა. მეორე არხის გაუქმება იყო უდიდესი მავნებლობა! შეცდომა კი არ იყო, მავნებლობა. ეს იყო ადგილი, სადაც ყველა პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას, სხვადასხვა შეხედულების ადამიანს შეეძლო, გამოეხატა თავისი აზრი. მძიმე დარტყმა მიაყენეს მედიაპლურალიზმს ამით. პირველი არხი ხომ საერთოდ რა დღეშია.
მე ზუსტად ვიცი, შიგნით რაც ხდება, უბრალოდ, დღეს ამის ხმამაღლა ლაპარაკი არ მინდა. ერთს ვიტყვი, წინა ხელმძღვანელობის პირობებში იყო ძალიან პრორუსული განწყობები, რუსებზე არ თქვათ ცუდი, რუსებზე არ ილაპარაკოთ, ასეთი სამწუხარო პოლიტიკა იყო. მიხარია, რომ ის კაცი გაუშვეს, თუმცა, ვინ მოიყვანეს, ეს მეორე საკითხია!
– გვარამიას მიაჩნია, რომ ეს იყო კონკურენტების სასარგებლოდ წამოწყებული თამაში და ასეა? რუსთავი 2-ში აქტიურად საუბრობდნენ გვარამიას გაშვებაზე, ახლა მიჩუმდნენ. ყარამანიშვილი თქვენი მეგობარია. რა ხდება შიგნით?
– დაახლოებით ერთი კვირის წინ ველაპარაკე მფლობელს, რა ქენი, დაალაგე სიტუაცია-მეთქი, რომ ვკითხე, ვერაფერიც ვერ დავალაგე, ისევ ისე არეულია ყველაფერიო. ძალიან მტკივნეული თემაა და ამიტომ დეტალებს აღარ ჩავეძიე. ცხადია, შიგნით ისევ დაპირისპირებაა. გვარამია კი უნდა ჩამოყალიბდეს თავის განცხადებებში, ვისთვის კეთდება ეს გასაჯაროება – კონკურენტებისთვის თუ ხელისუფლებისთვის. ვინ გებრძვის, კონკურენტები თუ ხელისუფლება?! თუ ორივე ერთად?!

