ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი და მეუფე იაკობიც დაიკითხნენ. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მეუფე იაკობმა ადვოკატების მისამართით მუქარისშემცველი განცხადებები გააკეთა.
– მეუფე დიმიტრიმ ისაუბრა, ვინ როგორი ადამიანია, ვინ როგორი რეგალიები მიიღო. ის ცალსახად ამბობს, რომ სასულიერო პირებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არის. აზრთა სხვადასხვაობა კი ყველა ოჯახშია და ეს ნორმალური მოვლენა გახლავთ. აზრისა და სიტყვის თავისუფლება სწორედ განსხვავებული მოსაზრების არსებობას გულისხმობს.
ერთადერთი მეუფე იაკობი იყო, რომელმაც ადვოკატებს ძალიან კატეგორიულად შემოგვხედა. ექვსი ადვოკატი ვისხედით. მეუფემ სიტყვასიტყვით ასე თქვა, ერთ-ერთის გასაგონად ვამბობ, სასამართლო პროცესები რომ დამთავრდება, მერე ვნახავ და ვასწავლი, ვის როგორ უნდა ელაპარაკოსო.
მაშინვე მივხვდი, რომ ჩემზე საუბრობდა, გვარისა და სახელის დასახელება ვთხოვე, მაგრამ არ დაასახელა.
– თქვენ, მგონი, პირადად იცნობთ მეუფე იაკობს.
– მე ბევრს ვიცნობ და მეც ბევრი მიცნობს ძალიან კარგად. მეუფის განცხადება რაღაც ჭკუის სწავლების, მუქარასავით გამოვიდა.
– შეიძლება შინაურულად გითხრათ, თქვენ ხომ იცნობთ ერთმანეთს.
– შინაურულად ასე არ ითქმის. შინაურულად თქმას არც პროკურორი სჭირდება და არც მოსამართლე. ჩემი ნახვა თუ უნდა მეუფეს, არ არის პრობლემა. მერე შევთავაზე, სადაც გინდათ, მე გნახავთ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, არ მინდა შენი ნახვაო.

