ნატუკა გულისაშვილი: “სამსახურის დაკარგვის შემდეგ ცხვირი გავიხვრიტე”

ნატუკა გულისაშვილი: "სამსახურის დაკარგვის შემდეგ ცხვირი გავიხვრიტე"მსახიობი ნატუკა გულისაშვილი სამსახურის გარეშე დარჩა. კულინარიულ რუბრიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ტელეკომპანია “იმედის” დილის ეთერში უძღვებოდა, გადაცემის ფორმატის ცვლილების გამო დაემშვიდობა. ამის შესახებ ის ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.
– ნატუკა, თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ამ ცვლილებას როგორ შეხვდით?
– პირველად მოხდა, რომ სამსახურიდან დამითხოვეს. ბოლო ეთერში მაყურებელს რომ დავემშვიდობე, ხმა ამიკანკალდა და ვერ მივხვდი, რას ვამბობდი.
სიტყვა “დეპრესია” არ მიყვარს, რადგან ყოველთვის იმედიანი ვარ ხოლმე, მაგრამ, ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე კარგად არ ვარ.
– როგორ ცდილობთ მდგომარეობიდან გამოსვლას?
– მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა. წავედი სილამაზის სალონში და ცხვირი გავიხვრიტე. შემდეგ შავი თმა მომბეზრდა და ოდნავ გავიღიავე.
დეპრესიული პერიოდები თითზე ჩამოსათვლელად, სულ 4-ჯერ მქონდა. აქედან სამსახურის გამო გამოწვეული – პირველია. საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ დედა და შვილი მყავს და ჩემი ცუდად ყოფნა არ შეიძლება, მაგრამ ახლა ცოტა გამიჭირდა, რადგან შემოსავალი სწორედ ამიტომ მჭირდება, რომ ოჯახს მივხედო.
პრომლემების დროს სახლში ხან რემონტს ვიწყებდი, ხან ავეჯს ვანაცვლებდი. ფიქრები სხვა რაღაცებზე გადამქონდა. ახლა კი, რაც თავში გაუგებრობა და არეულობა მქონდა, ცხვირის გახვრეტითა და თმის შეღებვით მოვიხსენი.
– საკუთარ თავში ხომ არ ჩაიკეტეთ?
– არავითარ შემთხვევაში! იმ დღეს ვამბობდი, არც სამსახური მაქვს, არც შემოსავალი, არც პირადი ცხოვრება და მაინც კარგ ხასიათზე ვარ, ცოტა ხომ არ გავაფრინე-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ გარშემო ყველა ჯანმრთელი მყავს და ეს ყველაზე მთავარია. დავიწყე დაგეგმვა, რა შეიძლება გავაკეთო, მაგრამ ვერაფერს ვალაგებ, რადგან თავში ჯერ კიდევ სრული ქაოსი მაქვს.
აქტიურ ტემპს ვარ მიჩვეული, ამიტომ, ყველაფერს რომ მოვწყდე, თუნდაც ცოტა ხნით, ეს ჩემთვის რთულია. რაც კი ოპერაში, თეატრსა და კულტურულ ღონისძიებაზე არ ვყოფილვარ, სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ყველა სპექტაკლი მოვიარე და დადებითად დავიმუხტე იმ პროფესიით, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია.
– სხვა ტელეკომპანიიდან არ მიგიღიათ შეთავაზება?
– ერთ-ერთი არხიდან მაშინვე მივიღე შემოთავაზება, თან ისევ კულინარიული რუბრიკიდან. ამაზე გამეცინა და ვუთხარი, კომბოსტოში არ დავბადებულვარ და არც პროფესიონალი მზარეული ვარ-მეთქი. უბრალოდ ეს საქმე ძალიან მიყვარს.
– მაშინ რატომ თქვით უარი ახალ შემოთავაზებაზე?
– გავბრაზდი იმაზე, რომ ყველა მომიაზრებს კულინარიის სფეროში. იგივე ფორმატის გადაცემას უნდა მოვრგებოდი, რაც “იმედზე” გადიოდა.
ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს, რომლებიც არამხოლოდ კულინარიას ეხება. შემიძლია შემეცნებითი გადაცემა გავაკეთო. ხომ შეიძლება ჭამა-სმას ცოტა ხანს თავი დავანებოთ?
ევროპულ არხებს რომ გადავხედოთ, გადაცემების 40%-ს ძალიან საინტერესო კულინარიული შოუები შეადგენს. სამწუხაროდ, ასეთი დონის შოუ ჯერჯერობით არც ერთ ქართულ არხს გაუკეთებია.
მაქვს საინტერესო პროექტი და, ადრე თუ გვიან, ალბათ აუცილებლად განვახორციელებ. ჩემს შოუში იუმორიც იქნება, გემრიელობაც და პოლიტიკაც, ოღონდ მაყურებლისთვის სწორად მოწოდებული.
– თქვენი პროექტი იმ არხს რატომ არ შესთავაზეთ, საიდანაც შეთავაზება მიიღეთ?
– იმ არხს ასეთი შოუს კეთების საშუალება არ აქვს. “იმედიდან” დავიწყე ტელეკარიერა და იმედი მაქვს, ისევ იქ დავბრუნდები. “იმედი” ჩემი მეორე სახლია. რა არის ტელევიზია, სწორედ ამ ტელეარხმა მაჩვენა და მიხარია, რომ იმედები არ გავუცრუე ადამიანებს, რომლებმაც კულინარიული რუბრიკა მანდეს.
– უპრობლემოდ დაბრუნდებით იქ, საიდანაც ერთხელ უკვე დაგითხოვეს?
– რატომაც არა?! სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. “იმედიდან” სკანდალით არ წამოვსულვარ. გადაცემის ფორმატი შეიცვალა. რემონტს რომ ვაკეთებთ სახლში, საყვარელ ნივთს ხომ ვფუთავთ და ვინახავთ? როგორც კი სარემონტო სამუშაოები სრულდება, ისევ გამოგვაქვს. ამპარტავანი არ ვარ და უსინდისო ვიქნები, “იმედზე” აუგს თუ ვიტყვი. მანქანაზე დღემდე ამ ტელეარხის ლოგო მაქვს დაკრული.
თუმცა რომელიმე არხიდან ჩემთვის ყველანაირად საინტერესო შემოთავაზებას თუ მივიღებ, აუცილებლად დავთანხმდები.
– დღეს რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?
– ფაქტობრივად უმუშევარი ვარ. რამდენიმე მოსწავლე მყავს, რომლებსაც მეტყველებაში ვამეცადინებ. აქედან უმრავლესობა ახლობელია და გადასახადზე ლაპარაკიც არ არის.
– ოჯახში არავინ მუშაობს?
– არა. ჩემი შვილი, ანუკა ბახტაძე, 22 წლის გახლავთ და ჯერ კიდევ სტუდენტია. ცდილობს, მუშაობა დაიწყოს და გვერდში დამიდგეს. ბანკის ვალი თითქმის ყველას აქვს და არც მე ვარ გასაკვირი. ადამიანმა ამ სიტუაციაზე დიდხანს რომ იფიქროს, შეიძლება ფანჯრიდან გადახტეს. ამიტომ არც წუწუნი მიყვარს და დინებასაც მშვიდად მივყვები.
უმუშევარი რომ დავრჩი, რაღაც პერიოდი ვიფიქრე, “ნატუკას ტაქსი” გამეკეთებინა და ტაქსის მძღოლად მემუშავა. ამას ხუმრობით ვამბობ, ისე კი შრომა არასდროს მეთაკილება.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი სარკე