პირველი ქართული კარტოფილი ფრი – “მოთხოვნა იმდენია, მიწოდებას ვერ ავუდივართ”

პირველი ქართული კარტოფილი ფრი - "მოთხოვნა იმდენია, მიწოდებას ვერ ავუდივართ"პირველი ქართული კარტოფილი ფრი “ფრეკო” ბაზარზე რამდენიმე თვის წინ ამბციური მიზნით გამოჩნდა – კომპანიას იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება სურს. კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ქურდაძე დღეს “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ მუშაობის პირველივე თვეებში მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა და მიწოდებას ვეღარ აუდიან.
– იმაზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე მიწოდება შეგვიძლია. მაგალითად მოთხოვნაა 200 ობიექტიდან და შეგვიძლია მივაწოდოთ 60 ობიექტს, – აცხადებს ირაკლი ქურდაძე.
მისივე თქმით, პრობლემა ნედლეულის სიმცირემ შექმნა, რის გამოსწორებაზეც უკვე მუშაობენ. “ფრეკომ” უკვე შეიძინა სათესლე კარტოფილი და იჯარით აღებულ მიწებზე დათესა. ახალ მოსავალს და შესაბამისად, გაყიდვების გასამმაგებას “ფრეკო” სწორედ შემოდგომიდან ელოდება.
– ასევე, ვაპირებთ საწყობის მშენებლობას, რომელიც სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს. საწყობი 500 ტონაზე იქნება გათვლილი,- აცხადებს ირაკლი ქურდაძე.
მისივე თქმით, კომპანია მშენებლობას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამით აპირებს, რომელიც პროექტის დაფინანსებას 40%-ით ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 300 ათასი ლარია.
“ფრეკო” კარტოფილ ფრის ახალციხეში აწარმოებს.
bm.ge