ქართველთა მარში ჩატარდა. თავიდან დაანონსებული იყო, რომ მარში ბათუმშიც უნდა გამართულიყო, მაგრამ „ქართველობის დამცველებმა“ პირველად განზრახვაზე ხელი აიღეს და ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ თითქოს ბათუმში ერთ-ერთმა მეზობელმა ქვეყანამ სპეცსამსახურის თანამშრომლები „გადმოსხა“. ამასთან, საქართველოს მთავრობას შემოუთვალა, თუ ბათუმში მარში ჩატარდება, იცოდე, ყარსის ხელშეკრულება ამოქმედდებაო. ძნელი სათქმელია, კულუარებში ასეთი დიალოგი რეალურად შედგა თუ არა. იმის მტკიცებაც არ შეიძლება, რომ აჭარა რომელიმე მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებით არის გავსებული, მაგრამ ფაქტი სახეზეა: „ქართველების მარში“, რომელიც ბათუმში 16 ივლისს უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება.
არსებობს მეორე ვერსიაც იმისა, თუ რატო არ შედგა ბათუმში მარში და რომელიც უფრო ახლოს არის რეალობასთან. კერძოდ, ორგანიზატორებს არ ეყოთ ადამიანური რესურსი მხარდაჭერის კუთხით, რაც თბილისის მარშსაც აშკარად ეტყობოდა.
იმის შესახებ, რა მიზანი ჰქონდა ამ მარშს, თავად ორგანიზატორებმა ბევრჯერ განაცხადეს, მაგრამ ერთია, ისინი რას ამბობენ და მეორე – პოლიტიკური რეალობა და ამასთან, ქვედინებები.
პოლიტიკური რეალობა ის არის, რომ მსგავსი აქციები საქართველოს, როგორც სტაბილურ ქვეყანას, საერთაშორისო ასპარეზზე საფრთხეს შეუქმნის, რაც ტურისტთა ნაკადის შემცირებას გამოიწვევს. არადა, ჩვენი ეკონომიკისთვის როგორც დასავლეთიდან, იგივე აზიური ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აპრიორი, გამორიცხული არ არის, ზოგიერთ ტურისტს კრიმინალური მიდრეკილებები ჰქონდეს. სხვათა შორის, ამ მხრივ კრისტალურად სუფთანი არც ქართველები ვართ – სხვა თუ არაფერი, ხშირად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყენაში ქართველი კრიმინალები დააკავეს, რომლებიც ორგანიზებულად მოქმედებდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, ამ ქვეყნებში ქართველების საწინააღმდეგ მარში ჯერ არ გამართულა და ეს გასაგებიც არის – ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში კრიმინალს მარშებით კი არ ებრძვიან, არამედ, კანონითდა ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე პასუხს თანაბრად აგებს.
ამას გარდა, ისიც კანონის პრობლემაა, როცა ქვეყანაში ტურისტები არალეგალურად იმყოფებიან – მინიმუმ, არსებობს სავიზო რეჟიმი, რომელიც სახელმწიფო უწყებებმა უნდა დაიცვან და არა, ვთქვათ, ტურისტმა, რომელსაც კანონის დარღვევის ცდუნება აქვს. შესაბამისად, ამ ყველაფერზე პასუხი არალეგალ ტურისტს კი არა, სახელმწიფო უწყებებსა და ჩინოვნიკებს უნდა მოეთხოვოთ და მათი არაეფექტური მუშაობა გავაპროტესტოთ, მაგრამ საქართველოში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – მარში, რომელიც საზოგადოების ერთმა ნაწილმა „სულის, ჯიშისა და ჯილაგის ყივილად“ შეაფასა, მეორე ნაწილმა კი – ქსენოფობიურ გამოვლინებად.
ზოგადად, ამ სახის განწყობები ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ამ კუთხით განსაკუთრებით გამორჩეული რუსეთია, სადაც „სკინჰედებიც“ მრავლად არიან და ქსენოფობებიც. ამას მოწმობს თუნდაც იგივე „რუსული მარში“, რომელსაც საფუძველი 10-12 წლის წინ ჩაეყარა და რომლის მიზანიც რუსეთში მყოფი არარუსების დევნა-შევიწროვებაა. „რუსული მარშზე“ იმთავითვე არსებობს ინფორმაცია, რომ მის უკან სპეცსამსახურები დგანან. ზოგადად, მსგავსი მასშტაბური ღონისძიების მოწყობას, სხვა თუ არაფერი, ფინანსები, ასევე, ორგანიზება სჭირდება. ამიტომ, სპეცსამსახურის კვალის გამორიცხვა, მთლად ლოგიკური არ უნდა იყოს.
რაც შეეხება ,,ნიუპოსტის“ ხელთ არსებულ ინფორმაციებს:
როგორც წყარომ განგვიცხადა, ,,ქართველთა მარშის“ უკან სწორედ რუსული სპეცსამსახურები დგანან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში ვითარების ესაკალაციაა. ამ ყველაფერს მკვეთრად ნაციონალისტური ანტურაჟი უნდა ჰქონდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ხალხი ქუჩაში, დიდი ალბათობით, არ გამოვა.
ამისთვის კი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება იყო საჭირო, რომელსაც კოორდინაციას ის ქართველი უწევდა, რომელიც პუტინის კარზე მიღებულია.
– კრემლში ბევრი აქაური თუ მოსკოვში მცხოვრები ქართველი დადის, მაგრამ რუსები ყველას არ ენდობიან, ზოგს დაბალი რანგის ჩინოვნიკთან აქვს ურთიერთობა, ზოგს აკვირდებიან, ანუ ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც „მნიშვნელოვან საქმეს“ ანდობენ ხოლმე.
ერთ-ერთი ასეთი მიხეილ ხუბუტიაა, რომელსაც არასოდეს დაუმალავს, რომ „კაგებეშნიკ“ პუტინთან ახლო ურთერთობა აქვს. ბუნებრივია, ასპროცენტიანი სიზუსტით ვერ გეტყვით, მაგრამ მაქვს გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ ბოლოდროინდელ მოვლენებს კოორდინაციას სწორედ ხუბუტია უწევს.
ამასთან, ამ დღეებში რამდენიმე ისეთი პიროვნება გააქტიურდა, რომელიც თავის რუსულ განწყობებს არასოდეს მალავდა და რომელიც, დამერწმუნეთ, პირდაპირ ხუბუტიასთან ბმაშია. ისე, იმასაც გეტყვით, რომ ხუბუტიას ბიზნესპარტნიორი არარუსული ეროვნების ყოფილი ,,კაგებეს“ და ამჯამად ,,ეფესბეს“ მაღალჩინოსანია,“ – აღნიშნავს „ნიუპოსტის“ წყარო.
ნიუპოსტი

