“სააკაშვილი “ოცნებამ” შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს”

"სააკაშვილი "ოცნებამ" შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს"მოსთხოვა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიცია, რა შეთანხმება შედგა ნაციონალებსა და “ოცნებას” შორის, ვისთან და რაზე მოილაპარაკეს კვირიკაშვილმა და კალაძემ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი, დემოკრატიული მოძრაობის წევრი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე:

– როცა ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკო საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას, სწორედ “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვი, რომ მას აქ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე დაუსვამდნენ კითხვებს. გითხარით ისიც, რომ მისი პასუხი იქნებოდა ისეთი, რომ ექსტრადირება გამოირიცხებოდა.

იმავე ინტერვიუში მე მოვუწოდე “ქართულ ოცნებას”, ამ უდღეურებისა და უმაქნისების გაერთიანებას, ამაში მაინც გამოიჩინონ ფხა და იყვნენ მობილიზებული. ამ მკვდრებმა ამასაც ვერ მოაბეს თავი.

ჩვენი პროგნოზი გამართლდა, უკრაინის პრეზიდენტს დაუსვეს ამ თემაზე კითხვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური კიევისთვის სააკაშვილის გადმოცემა არასდროს უთხოვია.

– საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ მათ კიევს სააკაშვილის გადმოცემა 2015 წელს სთხოვეს.

– რა მნიშვნელობა, აქვს შოთაძის კანტორამ ვის და რა მოთხოვნა გაუგზავნა. სხვა გაქცეულებზეც იმას ამბობენ, გავაგზავნეთ მოთხოვნებიო, მაგრამ რა, არც არაფერი.

მთავარი ის არის, რომ 47-მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტმა სახალხოდ ჩაგაგდოთ ნოკაუტში. პოროშენკომ თქვა, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, ძალიან კარგი კომუნიკაციები გვაქვს ქართულ ძალოვან უწყებებთან, მაგრამ მათ დღემდე არ მოუთხოვიათ სააკაშვილის გადმოცემა და, ბუნებრივია, მე არაფერს არ ვიზამდიო.

ძაღლის თავი სწორედ აქაა ჩამარხული – როცა ვუყურებ ნაციონალების გაქოცების ამაზრზენ პროცესს, ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაც დიდ გარიგებასთან გვაქვს საქმე. “ქართულ ოცნებას” რომ დასჭირდეს, სააკაშვილს ხელმეორედ დააბრუნებს პრეზიდენტად, მთავარია, ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღონ.

ამათი ნდობა არაფერში არ შეიძლება. ამბობენ, გაზის ტარიფი არ გავზარდეთო და სინამდვილეში გაზარდეს. გაირკვა, რომ სადემარკაციო ხაზის გადმოწევის შესახებ რუსული მხარისგან წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, მაგრამ, სანამ პოლიტიკური კვერცხი არ მოადგათ, ხმა არ ამოიღეს.

“ქართული ოცნება” დღეს ცხოვრობს “ვერის უბნის მელოდიების” პოლიცმეისტერი პერსონაჟის პრინციპით – ნუ იქნება ოღონდ ბუნტი. ოღონდ ბუნტი არ იყოს და მზად არიან, ნარკოტიკების გამსაღებლები გამოუშვან, მკვლელები შეიწყალონ, მიწები გაყიდონ, ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდ მათ კეთილდღეობას არ შეეხო. დღევანდელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გადაყლაპავენ და ქვეყანას დაღუპავენ.

ქვეყანა რომ არ დაიღუპოს, საქართველოს მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს. საკითხი ისე აღარ დგას, ნაცები თუ ქოცები, ერთიც წყალს წაუღია და მეორეც. არჩევნებზე საღად მოაზროვნე ძალებს უნდა დაუჭირონ მხარი. სხვა გამოსავალი არ არის.

– აღნიშნეთ, რომ “ოცნებამ” შეიძლება სააკაშვილი დააბრუნოს. ამას მხოლოდ პოროშენკოს გაკეთებული განცხადების გამო ამბობთ თუ კიდევ რაიმე ინფორმაციები გაქვთ?

– ინფორმაციები რომ მაქვს, იმიტომაც ვლაპარაკობ ასე. ამის გარდა, შეხედეთ, რა ხდება ქვეყანაში, თუკი ვინმე ბობოლა ნაცი დარჩა საქართველოში, ყველა მაღალ თანამდებობაზეა, ზოგი პარლამენტშია, ზოგი პროკურატურაში, ზოგი შსს-ში და ზოგიც – აუდიტის სამსახურში.

სისხლიანი სისტემის შემქმნელები, რომლებიც საქართველოდან გაიქცნენ, ევროპაში, აზიასა და ამერიკაში არიან გაფანტულები და თავს მშვენივრად გრძნობენ. ამ სისხლისმსმელებს საზღვარგარეთ ბიზნესი აქვთ და “ქართული ოცნება” ამაზე ხმას არ იღებს.

ან ის რა იყო, წითელი ცირკულარიდან რომ ამოიღეს ვითომ მართლმადიდებელი სოსო თოფურიძე, სულ საპატრიარქოში რომ იყო დაყუდებული, ერთი ხელით ლოცულობდა და მეორით ხალხს აწამებდა. ამ კაცის დაჭერას რატომ არ ითხოვს ხელისუფლება?!

ხმას იმიტომ არ იღებენ, რომ საერთო ენა გამონახეს. როგორც ჩანს, ქოცები და ნაცები ერთი ძალაა. მოილაპარაკეს, ყველაფერი შეგრჩებათ, მაგრამ სააკაშვილი რადგან თქვენი ლიდერი და სახეა, დროებით საქართველოდან წავიდესო.

ნაცები ხომ გაიყვნენ, მაგრამ მისი ერთი ფრთა ყველაფერზე მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას”. ბოკერიასა და მის დამქაშებზე მოგახსენებთ. ესენი ერთნი არიან და ახლა ისე აღარ არის საქმე, ესენი თუ წავიდნენ, ნაცები დაბრუნდებიან. რა სჭირთ დასაბრუნებელი, ყველა ბობოლა ნაციონალი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაშია.

ორივე პარტიისთვის საშიშია პროფესიონალი და წესიერი ხალხი, თორემ ცხრა მთავრობის შპიონები, გარყვნილები, პოლიტიკური და ხორციელი მეძავები მისაღებია. ქოცები და ნაცები ერთად დადიან შუშის სასახლეში და ერთად იღებენ იქ დავალებებს. კიდევ მეტი ინფორმაცია მაქვს და ისიც ვიცი, რაზე აქვს ნამუშევარი სააკაშვილს. მან ბევრი იმუშავა, რომ საქართველოსთვის არ გადმოეცათ.

– ვისთან იმუშავა, “ოცნებასთან” თუ პოროშენკოსთან?

– ორივესთან. რაღაც შეთანხმება შედგა კვირიკაშვილისა და კალაძის უკრაინაში ვიზიტის დროს. და ეს რომ ასეა, ეს პოროშენკოს განცხადებებმაც დაადასტურა.