მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაშინ გადადგა, როცა საკუთარი ბრენდი შექმნა და დიზაინერობა დაიწყო, ახლახან კი ტელესივრცეში გამოჩნდა. ის ტელეკომპანია “იმედში” გადაცემა “პრაიმ შოუს” ხუთ თანაწამყვანთან ერთად უძღვება. ამის შესახებ ის ჟურნალ “სარკეს” ესაუბრება:
– საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი და ვორჭოფობდი, ამ შემოთავაზებას დავთანხმებოდი თუ არა. სხვა პროფესია მაქვს, დიზაინერი ვარ, ჩემი კომპანია, ჩემი ბრენდი მაქვს, რასაც ძალიან ბევრი დრო მიაქვს. ვფიქრობდი, მოვახერხებდი თუ არა ორი სამსახურის შეთავსებას. და მეორე, რამდენად შევძლებდი წამყვანობას. მე ჟურნალისტი არ ვარ და ამ კუთხით გამოცდილება არ მაქვს, შესაბამისად, ადვილი არ არის ეთერში ჯდომა და საჭირბოროტო თემებზე საუბარი.
პროდიუსერ ნოე სულაბერიძესთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ის მარწმუნდებდა, ამ წინადადებას დავთანხმებოდი. მეუბნებოდა, რომ გადაცემაში ისე კი არ უნდა ვყოფილიყავი, როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც დიზაინერი და ჩვეულებრივი ადამიანი. ტელევიზია იმდენად მომწონს, ალბათ ამან განაპირობა, რომ დავთანხმდი.
– საზოგადოებისგან მოსალოდნელ რეაქციებზეც ფიქრობდით?
– მეგონა, რომ ამ ყველაფერს კრიტიკა მოჰყვებოდა და ამისთვის მზად ვიყავი.
– და მოლოდინი არ გამართლდა?
– ჩემ მიმართ აგრესია არ არის ხოლმე, რადგან ყოველთვის ვცდილობ, ნაკლებად აქტიური ვიყო, თუნდაც სოციალურ ქსელებში. არ ვარ სკანდალური ადამიანი, ჩემთვის ვცხოვრობ ოჯახთან ერთად, სკანდალებში გახვევა არ მიყვარს. ამიტომ ხალხისგან ყოველთვის დადებით ემოციებს ვგრძნობ, თუმცა კრიტიკაც არის, რომელსაც ყოველთვის ვიღებ. ყველას მოსაწონი რომ ვიყო, ეს არანორმალური იქნებოდა.
– სატელევიზიო ჩაცმულობაზე თავად ზრუნავთ?
– ამ გადაცემაში ჩემ მიერ შექმნილი სამოსი მაცვია. ჩემი ახალი კოლექციებიდანაც ვიყენებ ტანსაცმელს. ეთერისთვის ცოტა კლასიკური ავირჩიე, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი სტილი არ მაქვს. ყოველდღიურად კედებით და სპორტული ტანსაცმლით დავდივარ.
– ქმარი, ზურა ხიზანიშვილი, როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, რომ ეკრანზე გამოჩენილიყავით გადაცემის წამყვანად?
– ძალიან მოეწონა. ჩვენ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად ვიღებთ და ამ შემოთავაზებაზეც ვისაუბრეთ. ოჯახისთვის უკვე ძალიან ცოტა დრო მრჩება, მაგრამ მაინც ვახერხებ, ყურადღება არ მოვაკლო.
ზურას მოსწონს, როცა დაკავებული ვარ და ჩემი საქმე მაქვს, ჩემს გადაწყვეტილებებს ყოველთვის დადებითად ხვდება. სხვათა შორის, როცა გადაცემებს უყურებს, ჩემთან მიმართებაში საკმაოდ კრიტიკულია.
გადაცემებს ერთად ვუყურებთ, ხშირად ვკამათობთ, ხშირად კომპლიმენტებსაც მეუბნება. მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ დავწვრილმანდები, მაგრამ გადაცემის მსვლელობისას უთქვამს, ეს კარგი იყო ან ეს ასე რატომ თქვიო.
– გადაცემაში თქვით, რომ ზურას გამო უარი განაცხადეთ პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობაზე. ახლა, როცა ამ შოუს უყურებთ, ხომ არ ნანობთ, რომ თქვენ გარეშე მიდის პროექტი?
– არა. ახლა მეშვიდე სეზონია, მე კი პირველივე სეზონიდან ყოველ ჯერზე მთავაზობენ მონაწილეობას. პირველ სეზონზე როცა დავფიქრდი, მეცეკვა თუ არა, ზურამ მითხრა, დაივიწყეო და დავივიწყე. მეც რომ ვნახე გადაცემა, მივხვდი, ვერ შევძლებდი, ამიტომ გული არ მწყდება, რადგან ის ჩემი არ არის.
– ზურას რატომ არ უნდოდა, რომ ამ პროექტში მიგეღოთ მონაწილეობა?
– ცეკვა საკმაოდ ინტიმურია. აქ წყვილზე კი არ არის საუბარი, არამედ ცეკვის ინტიმურობაზე. ზურამ მითხრა, არ მესიამოვნება, სამი მილიონი ადამიანის წინ სექსუალურად ან გამომწვევად იცეკვოო.
ჩემი მეუღლის აბსოლუტურად მესმის, რადგან ცეკვა მართლაც ძალიან ინტიმურია. ალბათ არც ერთი ქმარი ისურვებდა, რომ მის ცოლს ნახევრად შიშველს ეკრანზე სექსუალური ცეკვები შეესრულებინა.
– ზურას რომ შესთავაზონ ამ პროექტში მონაწილეობა, რას ეტყოდით?
– მე არანაირი პრობლემა მაქვს, მაგრამ თვითონ ზურა არ დათანხმდება, ეს წარმოუდგენელი იქნება მისთვის. ზურა და ცეკვა ძალიან შორიშორს არიან. ზურა ითამაშებს ფეხბურთს, მაგრამ არ იცეკვებს.
– არ იეჭვიანებდით?
– ნამდვილად – არა.
– ისე თუ მიუღია შეთავაზება?
– კი და ეს სასაცილოდაც არ ეყო.
– თქვენმა ქმარმა ახლახან საფეხბურთო კარიერა დაასრულა. სად არის ახლა და რა გეგმები აქვს?
– საქართველოში დაბრუნდა და ახლა სხვა ეტაპს იწყებს. კარიერას მწვრთნელის ამპლუაში განაგრძობს.
ზურას საქართველოში ჩამოსვლას დიდხანს ველოდი. ცალ-ცალკე ყოფნა ძალიან რთული იყო როგორც ჩვენთვის, ასევე ბავშვებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაბრუნდა და ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას.
4 წელი ცოტა არ არის, ჩვენ კი ამ პერიოდის განმავლობაში ცალ-ცალკე ყოფნა მოგვიწია. მასთან ხშირად ჩავდიოდი, ისიც ჩამოდიოდა, მაგრამ მაინც რთული იყო, ზურასთვის კი – ასმაგად რთული, რადგან იქ ის მარტო ცხოვრობდა, თუმცა ამას პლუსიც ჰქონდა, მაგალითად, მონატრების გრძნობა, რომელიც ჩვენს ურთიერთობას ალამაზებდა.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”

