არას აგალაროვის ადვოკატმა, სკოტ ბალბერმა დაადასტურა, რომ ირაკლი კაველაძე 2016 წლის ივნისში უმცროსი დონალდ ტრამპის რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრას ნამდვილად ესწრებოდა. არას აგალაროვის თხოვნით, მას თარჯიმნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ვესელნიცკაიამ თარჯიმანი თავადაც მიიყვანა.
ბალბერი ამბობს, რომ კაველაძე დიდი ხანია ამერიკის მოქალაქეა და “არასდროს, არანაირი კავშირი რუსეთის მთავრობასთან არ ჰქონია”.
ვესელნიცკაია მზად არის, ამერიკულ მხარეს ჩვენება მისცეს.
52 წლის კაველაძე აგალაროვის Crocus Group-ის ვიცე პრეზიდენტია. დეველოპერმა აგალაროვმა 2013 წელს დონალდ ტრამპის კომპანიის მიერ რუსეთში გამართულ სილამაზის კონკურს “მის სამყაროს” უმასპინძლა.
კაველაძის ადვოკატს ტრამპის და რუსეთის ფარული კავშირების საქმის მთავარი გამომძიებელი რობერტ მიულერი დაუკავშირდა და კაველაძის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.
კაველაძე აშშ-ს მოქალაქეა, კალიფორნიაში ცხოვრობს. ის Crocus Group-მა 2004 წელს დაიქირავა, 5 წლის შემდეგ კომპანიის ვიცეპრეზიდენტი გახდა და საინვესტიციო პროექტებს კურირებს.
კაველაძე Crocus Group-ში მისვლამდე იყო ერთ-ერთი იმ პირთა შორის, რომელთა წინააღმდეგაც კონგრესში გამოძიება მიმდინარეობდა. მას ნავთობკომპანიებში წილების უკანონოდ ფლობას და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.
კაველაძე საქართველოში დაიბადა და რუსეთში სწავლობდა. აშშ-ში 1991 წელს გაემგზავრა. პირველი კომპანიები რუსი ბროკერების დახმარებით დელავერში გახსნა. მოგვიანებით, “სითიბანკმა” რუსი ბროკერების ანგარიშები დახურა.
უმცროსი ტრაპი კრემლთან დაახლოებულ იურისტთან შეხვედრას მას შემდეგ დათანხმდა, რაც აცნობეს, რომ ვესელნიცკაიას ჰილარი კლინტონზე კომპრომატი ჰქონდა. შეხვედრა აგალაროვის შვილმა, პოპვარსკვლავმა, ემინმა მოითხოვა, ორგანიზატორი პრომოუტერი რობ გოლდსტოუნი იყო. შეხვედრას ესწრებოდა ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი.
კაველაძის facebook-ის ფოტოების მიხედვით, ის საქართველოს სტუმრობს ხოლმე და საგურამოში, მეგობართან ისვენებს.
imedinews.ge

