ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, რჩება რამდენიმე კერა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, რჩება რამდენიმე კერაბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა.

მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა.

დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი.

სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს დაეხმარებიან.

საგანგებო შტაბის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ნიუპოსტი