ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ამ ეტაპზე 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი

 ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ამ ეტაპზე 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი– ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება დროულად ხერხდება. გვაზავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 3 ვერტმფრენი მონაწილეობს.

– თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი ქარია. მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები. სამი ვერტმფრენი მუშაობს – 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული. ასევე ველოდებით დახმარებას თურქეთიდან 2 ვერტმფრენის სახით. ქარის გამო, ალაგ-ალაგ აალებები ხდება და ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება მყისიერად ხდება, – განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

მისივე თქმით, ხანძრის ადგილზე 300 მეხანძრე, დაახლოებით 100 მეტყევე და მოხალისეები მუშაობენ ცოცხალი ძალის სახით.

რაც შეეხება ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს, თორნიკე გვაზავას განმარტებით, ძლიერი ქარის გამო არაფერია გამორიცხული.

– ძლიერი ქარის გამო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, რომ ლოკალიზება მოვახდინოთ. შექმნილია პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. გაკეთდა გზები, შევიყვანეთ ტექნიკა და ყველანაირი გზით ვებრძვით სტიქიას. მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია ამ ეტაპზე დამწვარი ხანძრის შედეგად, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ხანძრის ახალი კერების გაჩენის შედეგად ახალი ნარგავებიც დაიწვა.