პარიზში მიმდინარე მსოფლიოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი მძიმე წონით კატეგორიაში ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს თურქ ტაჰა აკგულის დაუპირისპირდა.
მძიმე ბრძოლაში ქართველი თავიდან 0-4 მარცხდებოდა, თუმცა, შემდეგ გააქტიურდა და საბოლოოდ ანგარიშით 10-8 გაიმარჯვა. ეს პარიზის ტურნირზე ქართველთა პირველი ოქროა.
პეტრიაშვილმა ფინალამდე სამივე მეტოქე ქულების აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, რუსეთის წარმომადგენელი ანზორ ხიზრიევი 13-2, კანადელი კოეი ჯარვისი 10-0, ნახევარფინალში კი სომხების ქართველი ფალავანი ლევან ბერიანიძე 12-2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი, ბრინჯაო, ლადო ხინჩეგაშვილმა მოუპოვა, რომელმაც ამჟამად თურქეთის სახელით მოჭიდავე, რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრი ჩინგისხან ერდოღანი (ოპან სატი) ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ნიუპოსტი

