მომღერალი მაგდა ვასაძემ და მისმა მეუღლემ, მხატვარ-არქიტექტორმა გიო პაპკიაურმა ჟურნალ “სარკეს” თავიანთი სიყვარულის ისტორია უამბეს.
გიო: ჯაზურ მუსიკას ვწერ და სხვადასხვა ბარებში საავტორი სიმღერებს ვასრულებ. ოთხი წლის წინ დუეტის ჩაწერა გადავწყვიტე და არჩევანი მაგდა ვასაძეზე შევაჩერე, რადგან მუსიკალური პროექტ “ახალი ხმიდან” ძალიან მომწონდა.
ახლობელმა დაგვაკავშირა ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ რისთვის შევხვდით, ვერც მივხვდით. ამის მერე მაგდა ბათუმში წავიდა და ორი თვე მიმოწერაც კი არ გვქონია. შემდეგ ისე მოხდა, რომ ოჯახთან ერთად მეც წავედი ბათუმში, ოღონდ დასვენების სეზონი ჯერ კიდევ არ იყო, წვიმდა და ციოდა. დედა და ჩემი ძმა რომ გამოვუშვი თბილისში, მაგდას შევეხმიანე. ერთ-ერთ ბარში მივაკითხე, სადაც მეგობართან ერთად მღეროდა. მაგრად წვიმდა და თითო ჭიქა ალკოჰოლური სასმელი დავლიეთ…
მაგდა, შენც მაგარი ეშმაკი ხარ! ასე მითხრა, წამოდი, ტერასას დაგათვალიერებინებო. გამიტყუა წვიმაში და… სულ წვიმის ბრალია ყველაფერი!
მაგდა: დამიჭირა და მაკოცა! ჩვენი ურთიერთობაც აქედან დაიწყო და, სიმართლე გითხრათ, ერთმანეთის გულის მოსაგებად დიდი ბრძოლებიც არ გამოგვივლია.
– გიო, მაგდას როგორ სთხოვეთ, მოგვიყევით ამაზე.
გიო: ორი წლის წინ მაგარი ნაჩხუბრები ვიყავით. მანამდე ქორწინებაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა ირგვლივ იმდენი ცუდი ადამიანია, ჩვენს ურთიერთობას არ ვახმაურებდით. სოციალურ ქსელში ისეთ ფოტოებს ვდებდით, სადაც ეჭვი არავის გაუჩნდებოდა, რომ შეყვარებულები ვიყავით.
მოკლედ, ერთმანეთს ორი კვირა არ ველაპარაკებოდით და ამ დროს, ღამის 3 საათზე, პირდაპირ “ფეისბუქში” დავუწერე სტატუსი, ვკითხე, ცოლად გამომყვები-მეთქი. მეგონა, უარს მეტყოდა, მაგრამ თანხმობა მივიღე.
ვერ გეტყვით, რა დამემართა! კომპიუტერთან გაშეშებული ვიჯექი. მივიღეთ უამრავი მილოცვა და ორწლიანი შეყვარებულობის მერე დავოჯახდით.
მაგდა: ორი წელია ცოლ-ქმარი ვართ, მაგრამ ქორწილის გადახდას მაინც ვგეგმავთ. ძალიან მინდა, თეთრი კაბა ჩავიცვა და ჩვენი დაოჯახება მეგობრების წრეში, ზღვის სანაპიროზე აღვნიშნოთ. გიორგის ბევრი კარგი იდეა აქვს და ვნახოთ, რა გამოვა.
– გიო, მომღერალი ცოლი როგორი მეოჯახეა?
გიო: უმჯობესი იყო, გეკითხათ, მე როგორი მეოჯახე ვარ. მაგდა ძალიან კარგი დედაა, რადგან, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შვილზე ზრუნვას მაინც ახერხებს. ლუკა ბებოსთან, ქობულეთში ცხოვრობდა და სანამ მას თბილისში წამოიყვანდა, მაგდას ვეხვეწებოდი, საჭმელი გამიკეთე-მეთქი. ახლა უკვე უგემრიელეს ლობიოს და სპაგეტის ამზადებს, რომლებიც მე ვასწავლე.
ამას წინათ დამირეკა, სიხარულო, უგემრიელესი ბორშჩი მოგიმზადეო. სანამ სახლში მივედი, გადაღვრილი ჰქონდა.
მაგდა: სუნი ჰქონდა საოცარი და გემო რომ გავუსინჯე, იძულებული გავხდი, გადამეღვარა, რადგან მივხვდი, რომ არ გამომივიდა.
გიო არაჩვეულებრივი კულინარია. რეცეპტებს თვითონ იგონებს. მაცივარს გავაღებდი და არაფერი მხვდებოდა. შევიდოდი სამზარეულოში და უგემრიელეს კერძს მახვედრებდა. ეს როგორ მოახერხე-მეთქი, ვეკითხებოდი. ახლა კი აღარ მიკვირს. შეუძლია საჭმელი არაფრისგან მოამზადოს.
– შეყვარებულობის დროინდელი ჩხუბები წარსულს ჩაბარდა თუ კამათი ისევ გჩვევიათ?
მაგდა: უჰ, ნებისმიერ უმნიშვნელო საკითხზე შეგვიძლია ვიკამათოთ! სხვათა შორის, გიოს არასდროს ვუთმობ და ამაზე მიბრაზდება.
გიო: მაგდას სვანს ვეძახი. მაგდა, ქალი ხარ, დამითმე-მეთქი, ვეუბნები, მაგრამ თავისას “აწვება”. ბარში რომ ვმუშაობ, სიმღერის დროს გაბმულად დამიწყებს ხოლმე რეკვას და, როცა ვერ ვუპასუხებ, მესიჯს მიტოვებს: “გასაგებია”. გადავურეკავ, რა ხდება-მეთქი, ვეკითხები და მსაყვედურობს, უყურადღებო ხარო.
მაგდა: შენც ხომ მოქცეულხარ ასე? ორივეს ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს.
– როგორც ვიცი, სიმღერის გარდა, სხვა გატაცებებიც გაქვთ.
მაგდა: ბავშვობაში თოჯინებს კაბებს ვუკერავდი. დედაჩემი მეუბნებოდა, შენი მეორე პროფესია დიზაინერობა იქნებაო. ბებო მკერავი ოყო და, როცა წამოვიზარდე, მისი დარჩენილი ქსოვილის ნაჭრებისგან სასწაულ კაბებს ვიკერავდი და მეცვა კიდეც.
გიო: “იქს ფაქტორისთვის” მაგდამ ლამის კერვა დამაწყებინა. სამოსის ესკიზებს მახატვინებდა და იდეა მოუვიდა, მოდი, სამკერვალო ატელიე გავხსნათო. სიბერეში, არაფრის თავი რომ აღარ გვექნება, შეიძლება მაგდა მკერავი იყოს, მე – დიზაინერი.
მაგდა: გიორგის არქიტექტურა-კერამიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. თიხაზეც მუშაობს, მაგრამ ძალიან მაგრად ხატავს. გამოფენაც არაერთხელ ჰქონია. ეს მისი გატაცება კი არა, პროფესია უფროა. ძალიან საინტერესო მუსიკას ქმნის. კულინარიაც აინტერესებს და, როგორც გითხარით, კარგადაც გამოსდის.
გიო: სიმღერის ტექსტებს, ჩანახატებს, ლექსებს, მოთხრობებს და სცენარებსაც ვწერ. ყველაფერი ბუნებრივია და არა – მოგონილი. უამრავი გატაცება მაქვს. ფილმში მთავარ როლს სიამოვნებით ვითამაშებდი.
ჩემი ჯგუფის, “არტ ფეისის”, მიმდინარეობა ქართული ჯაზია. ამ მიმართულებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩემს მოსასმენად ტურისტებიც კი ჩამოდიან. ქართული ენის პოპულარიზაციაზე ვზრუნავ და უცხოეთშიც ბევრი მიწვევა მაქვს. უახლოეს მომავალში ღონისძიებებს უკრაინაშიც ვგეგმავ.
– დელიკატურ საკითხს შევეხები და, თუ გინდათ, ნუ მიპასუხებთ. საერთო შვილის გაჩენას გეგმავთ თუ ჯერ კარიერაზე ზრუნვით ხართ დაკავებული?
მაგდა: შვილი ორივეს ძალიან გვინდა და ვგეგმავთ კიდეც. გიოს რატომღაც ძალიან უნდა, რომ პირველი გოგო გვეყოლოს. სახელიც შერჩეული აქვს.
გიო: წლების წინ ვთქვი, რომ გოგოს ლილუს დავარქმევდი და მას შემდეგ ამ აზრზე ვარ. ბავშვებზე ვგიჟდები! მობილურში უცხო ბავშვების 100-მდე ფოტო მაინც მაქვს.
მაგდას შვილი, ლუკა, საოცრად თბილი ბავშვია. ურთიერთობა კარგად ავაწყვეთ, თუმცა არ ვთვლი, რომ, რადგან ჩემთან იზრდება, მამა უნდა დამიძახოს. ამ შემთხვევაში მეც უხერხულად ვიგრძნობ თავს და მამამისიც, რომელთანაც ლუკას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”

