ლევან ხაბეიშვილი: “აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას”
საქართველოს მთავრობის მეთაურ გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი პრემიერის წინააღმდეგ პროკურატურაშიც აპირებს განცხადების შეტანას.
როგორც ხაბეიშვილმა “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადა, ეჭვებს მთავრობის მეთაურის განკარგულება იწვევს, რომლის მიხედვითაც, 62 მუნიციპალიტეტს სასწრაფო წესით უნდა შეეძინა სათვალთვალო კამერები.
– მთავრობის განკარგულებით, 62 მუნიციპალიტეტს დაევალა კამერების შესყიდვა. კამერების შეძენა რომ დაავალეს, ამაში არანორმალური და უცნაური არაფერია. საინტერესო და საეჭვო ის არის, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ამ კამერების შესყიდვა, – ამბობს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, მთავრობის განკარგულებაში, გარდა იმისა, რომ კამერების რაოდენობაა მითითებული, ფასებზეც არის საუბარი.
ხაბეიშვილის განმარტებით, საუბარია 900 კამერის შეძენაზე. ამ კამერების შესაძენად ბიუჯეტიდან 3.400.000 ლარია გამოყოფილი.
– რაოდენობა შეიძლება განსაზღვროს მთავრობამ, მაგრამ რატომ უნდა განსაზღვროს მთავრობამ, რა ფასად უნდა მოხდეს ამ კამერების შეძენა? – აღნიშნავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი.
ხაბეიშვილისთვის საეჭვოა ისიც, რომ ხელშეკრულებები ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით, ტენდერის გარეშე გაფორმდა.
მისი თქმით, ეს ახსნეს იმით, რომ სასწრაფო წესით უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებების გაფორმება და კამერებიც დაუყოვნებლივ უნდა დამონტაჟებულიყო.
როგორც ის “ახალ თაობასთან” საუბარში აღნიშნავს, მთელ რიგ რაიონებში დღემდე არ მომხდარა ამ კამერების დამონტაჟება.
– გამგეობების ნაწილმა მთავრობის განკარგულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგღა დაიწყო ხელშეკრულებების გაფორმება. ამ პერიოდში თავისუფლად მოესწრებოდა ტენდერის ჩატარება, – ამბობს ხაბეიშვილი.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ 62-ვე გამგეობამ 11 ხელშეკრულება ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთან გააფორმა.
– აღმოჩნდა, რომ 62 გამგებელს გაეღვიძა და გადაწყვიტა ყველამ, ხელშეკრულება გაეფორმებინა დელტა კონსტალტინგთან. ამ კომპანიას ჯალიაშვილი ხელმძღვანელობს. ეს პირი კაბელების საქმეში ფიგურირებდა და ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. კაბელების საქმეც მის მიერ იყო დაწყებული, – აცხადებს ნაცმოძრაობის წარმომადგენელი.
ის ახლო მომავალში პროკურატურაში ფიქრობს განცხადების შეტანას, მანამდე კი პრემიერთან აპირებს რაღაცების გარკვევას.
– 22 აგვისტოს მთავრობის მეთაურს მივმართავთ წერილით და შევეცდებით იმის გარკვევას, გასცა თუ არა მან განკარგულება, პირდაპირ დელტასთან მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმება. თუ იტყვის, რომ მან გასცა ეს განკარგულება, პირდაპირ პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ უკვე პროკურატურაში შევიტანთ განცხადებას, – აცხადებს ხაბეიშვილი.
საგამოძიებო უწყებაში ის იმ შემთხვევაშიც წავა, თუ პრემიერი იტყვის, რომ მას ასეთი განკარგულება არ გაუცია.
– წარმოუდგენელია, 62-ვე გამგებელს ერთ ფირმასთან მოენდომებინა ხელშეკრულების გაფორმება, – მიაჩნია ნაცმოძრაობის წარმომადგენელს.
ხაბეიშვილის თქმითვე, გამოსაძიებელია კამერების ფასებიც.

