გიორგი მარგველაშვილი: “ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს”

გიორგი მარგველაშვილი: "ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს"საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის ზონაში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი საგანგებო შტაბში ბორჯომის ხეობაში არსებულ სიტუაციას გაეცნო. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ რთულმა დღეებმა აჩვენა, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს და ქართველებს. მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ადგილზე მომუშავე ადამიანებს, ასევე პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებსაც გაწეული დახმარებისთვის:

– თქვენ ჟურნალისტები ყოველწუთიერ რეჟიმში ადევნებთ თვალყურს როგორ მუშაობს შტაბი, ტექნიკა, მე მინდა განსაკუთრებით მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ როგორც საორგანიზაციო ნაწილში, ასევე ადგილზე ცეცხლის პირისპირ იბრძვიან იმისთვის, რომ სტიქია იქნას ლოკალიზებული. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც ძალიან კოორდინირებულად მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება ატენის ხეობაშიც. სირთულეს წარმოადგენდა ის რომ მრავალ ადგილზე ჩნდებოდა კერები და ტექნიკის გადაადგილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი ხერხდება.

ამ რთულ მომენტში ერთი რამე არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ჩვენ დავინახეთ რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს და ქართველებს: სომხები, აზერბაიჯანლები, თურქები, ბელორუსები. პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგანაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ მომენტში, როდესაც იბრძვი იმისთვის, რომ არ იყოს ადამიანური და მატერიალური ზარალი. დიდი მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, რომლებიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით სიტუაცია კონტროლდება თუმცა ტერიტორიის დამუშავებას დიდი დრო დასჭირდება.

პრეზიდენტმა შესაძლო დივერსიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარება. კითხვის ნიშნების დასმა კი პრობლემის მოგვარების შემდეგ მოხდება:

„როდესაც არის პრობლემა ყველა ვერთიანდებით მის გადასაწყვეტად, როდესაც პრობლემა გადაწყდება, მერე ვიწყებთ კითხვების ნიშნების დასმას და მათზე პასუხს. ეს არის წესი რომელსაც უნდა მივდიოთ.“- აღნიშნა პრეზიდენტმა.