იხმაურებთ – გადაიხდით! – დღეიდან გადაჭარბებული ხმაური დაისჯება

იხმაურებთ - გადაიხდით! - დღეიდან გადაჭარბებული ხმაური დაისჯებასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს, ძალაშია.
ახალი რეგულაცია, რომელიც პარლამენტმა ივნისში დაამტკიცა, დღეიდან ამოქმედდა.
კანონის მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული.
პირველ ჯერზე სამართალდარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.
ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორება იწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის – 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარის ოდენობით.
ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ მესამე და ყოველი შემდგომი სამართალდარღვევის ჩადენისას გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირისათვის – 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ხმაურის დასაშვებ დონეს, საცხოვრებელ სახლებში დღის საათებში ხმაურის შემღწევი ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 35 დეციბელს, ღამის საათებში კი 30 დეციბელს.
კაფე-ბარებისთვის, რომლებიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის განთავსებული ხმაურის დასაშვები ნორმა დღისით 55, ხოლო ღამით 45 დეციბელია. სავაჭრო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია.
ყველანაირი ფოიერვერკი ღამის საათებში იკრძალება და ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები დაწესდება.
დღის საათებად ითვლება 07.00 – 23.00 სთ –მდე, ღამის საათებად – 23.00–დან 07.00 სთ–მდე.
კანონის აღმასრულებელი შინაგან საქმეთა სამინისტროა. 2018 წლის 1 აპრილიდან  კი შესაბამისი აღჭურვილობა გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილ ორგანოებს და ისინი ითვლებიან მონიტორებად.
ბიზნესმედია