ტენდერებით გამდიდრებული “ქართული ოცნების” შემწირველები
სახელისუფლებო პარტიის – “ქართული ოცნების” შემწირველებს შორის ის კომპანიები არიან, რომლებიც მილიონობით ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებს იგებენ. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც 2012 წლამდე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სწირავდნენ და მათი პოლიტიკური სიმპათიები ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 1 აგვისტოდან 14 აგვისტომდე “ქართულ ოცნებას” შვიდმა კომპანიამ შესწირა თანხა. აქედან ექვს კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის გამოცხადებული ათეულობით ტენდერი აქვს მოგებული.
შპს შარა
კომპანიამ 10 აგვისტოს “ქართულ ოცნებას” 20 ათასი ლარი შესწირა. შარას 2011 წლიდან მოყოლებული 58 ტენდერში გაუმარჯვია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, იგი შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას სამშენებლო მომსახურებას უწევდა, უმეტესად საგზაო ინფრაქტრუქტურის მოსაწყობად.
“შარას” სულ 14.783.806.88 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.
საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია
კომპანიამ ქართულ ოცნებას 10 აგვისტოს შესწირა 40 ათასი ლარი. მას 13 ტენდერი აქვს მოგებული.
“საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია” კომპანია “შარას” მსგავსად საავტომობილო გზების განახლებასა და კეთილმოწყობასთან დაკავაშირებული სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული.
“საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციას” 7.542.214 ლარი აქვს მიღებული ბიუჯეტიდან.
საგზაო-19
კომპანიამ 9 აგვისტოს 10 ათასი ლარის შესწირა ქართულ ოცნებას. კომპანიამ შვიდ ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 6 ტენდერში მარტო მონაწილეობდა და კონკურენტი არ ჰყოლია.
“საგზაო-19”-მა 5.653.714 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო.
ჯი-ემ-პი
ფარმაცევტული კომპანია “ჯი-ემ-პი”, რომელიც “ქართუ ბანკის” კრედიტორია და ამავე დროს ქართული ოცნების დეპუტატის, პარლამენტარ კახაბერ ოქრიაშვილის მეუღლის ლინა თოფურიას კომპანიაა, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი 120 ათასი ლარი შესწირა აგვისტოში.
კომპანიას ორი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული ცე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული მედიკამენტებით მიწოდებისთვის. ამ ტენდერებში კომპანიას 3. 392.985.9 ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება კახაბერ ოქრიაშვილს, იგი რამდენიმე კომპანიას ფლობს, რომლებიც ათეულ მილიონობით ლარის ღირებულების ტენდერს იგებს.
“პსპ ფარმამ”, რომლის 95%-ს კახა ოქრიაშვილი ფლობს თენგიზ ჯამელაშვილთან [5%] ერთად, 2011 წლიდან დღემდე 37.824.052,81 ლარი მიიღო სახელმწიფო ტენდერების მოგებით. კომპანია მედიკამენტებით ამარაგებდა სახელმწიფო დაწესებულებებს.
კახა ოქრიაშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია, იგი ფრაქცია ქართული ოცნების წევრია. ოქრიაშვილი პარლამენტში 2004 წლიდან არის. 2012 წლამდე იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო.
კახა ოქრიაშვილი კომპანია “პსპ”-ს დამფუძნებელია ვაჟა ოქრიაშვილთან ერთად. მათი დაარსებულია კომპანია “პსპ დაზღვევა”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია კახა ოქრიშვილი იყო. 2015 წელს შპს “პსპ დაზღვევა” სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოჩა გოგილაშვილია (პსპ-ს კიდევ ერთი დამფუძნებელი), ხოლო მოადგილეა ვაჟა ოქრიაშვილი.
2011 წლიდან დღემდე “პსპ დაზღვევამ” 68.274.667,5 ლარის ღრებულების ტენდერი მოიგო.
“პსპ დაზღვევას” საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომობილები აქვს დაზღვეული, ყველაზე მსხვილი ტენდერი სუს-ისა და შსს-ს თანამშრომლების დაზღვევით აქვს მიღებული. მხოლოდ ამ ორი ტენდერის ღირებულება 32 მილიონს უტოლდება.
პსპ-ს ჯგუფის კიდევ ერთი კომპანიაა “პსპ აფთიაქი”, რომელიც კახა ოქრიაშვილების საკუთრებაა, ხოლო 100%-იანი წილის მმართველად ვაჟა ოქრიაშვილია დანიშნული.
“პსპ აფთიაქს” 4.748.402,41 ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ხოლო ვაჟა ოქრიაშვილის კომპანიამ “პსპ ქუთაისი” არაერთი ტენდერის მოგებით სულ 1.932.779 ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.
ვაჟა ოქრიაშვილი ნაციონალური მოძრაობის შემწირველად ფიქსირდება. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მან 2012 წლის 26 ივლისს 60 ათასი ლარი შესწირა. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. იმის შემდეგ ოქრიაშვილს ნაციონალური მოძრაობისთვის ფული აღარ შეუწირავს,
ცეკური
კომპანია ცეკურმა “ქართულ ოცნებას” 40 ათასი ლარი შესწირა. იგი პარლამენტარის, “ქართული ოცნების” წევრის სერგო ხაბულიანის კომპანიაა, რომლის 62.5%-იანი წილის მართველი მისი შვილი ბექა ხაბულიანია.
ცეკურს მოგებული აქვს 39 სახელმწიფო ტენდერი. მას საგზაო ინფრქსტურქტურის მოწყობის სამუშაოების განხორციელება ევალებოდა. კომპანიამ მცხეთის, თბილისის მერიის, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცხადებული ტენდერები მოიგო. ხაბულიანების კომპანიას ბიუჯეტიდან 51.836.103,98 ლარი აქვს მიღებული 2011-2017 წლებში.
არალი
კომპანია “არალმა” ქართულ ოცნებას 3 აგვისტოს 40 ათასი ლარი შესწირა. “არალის” მფლობელი ოთარ თათეშვილი მხოლოდ “ქართული ოცნების” შემწირველი არაა, მან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც შესწირა 60 000 ლარი 2012 წელს, როცა ენმ ხელისუფლებაში იყო.
რაც შეეხება კომპანია “არალს” იგი 2011 წლიდან იგებს ტენდერებს. “არალმა” 61 ტენდერი მოიგო 2011-2017 წლებში. მას ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 38.305 .31,35 ლარი.
საქმიანობის სფერო ამ შემთხვევაშიც საგზაო ინფრაქტრუქტურის მოწყობაა.
ოთარ თათეშვილის კიდევ ერთ კომპანიას “საბა” ავტომობილის საწვავის სამი ტენდერი აქვს მოგებული. კომპანიამ 2011-2012 წლებში 330 900 ლარი მიიღო.
ნეტგაზეთი

