ლევან ხაბეიშვილი: “რამდენიმე გამგებლის დაკავებაა მოსალოდნელი”
გასული კვირის ბოლოს ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. ის “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის ბოლოს პოლიტპატიმრის სტატუსით გამოიყვანა ციხიდან. წინა ხელისუფლებამ ის თაღლითობის ბრალდებით დააკავა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ დაკავებას კორუფციასთან ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს. “ახალ თაობასთან” საუბარში ის დაკავების ნამდვილ მიზეზებზე საუბრობს და კიდევ რამდენიმე ხმაურიან დაკავებას აანონსებს.
ლევან ხაბეიშვილი:
– ზურაბ ნეფარიძე თავის დროზე თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი. როცა ის საკრებულოს დეპუტატი გახდა, მასთან დაკავშირებით მონიტორინგის ცენტრმა “მედიატორმა” საინტერესო კვლევა ჩაატარა. იმ დროს მოხდა ასეთი რამე – დედა-შვილმა თანამდებობები გაცვალეს და მათ ეს ბატონი ლობირებდა. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მასთან ჟურნალისტები მივიდნენ. ნეფარიძე ნახევარი საათის განმავლობაში ტუალეტში ჩაიკეტა და იქიდან ყვიროდა, ტუალეტში ვარ, თავი დამანებეთო.
მას ბევრი ვინმე ედავებოდა, ბევრი ადამიანი ჰყავდა გამწარებული. მის შესახებ ბევრი ინფორმაცია გვქონდა “მედიატორს” და, წესით, მისი დაკავება არ უნდა გამკვირვებოდა.
– თუმცა გაგიკვირდათ.
– გაკვირვებით არ გამკვირვებია, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს დაკავება კორუფციასთან ბრძოლასთან კავშირში არ არის. ამ ფაქტმა “ოცნების” ერთ-ერთი აქტიური სახის, ოთარ აბესაძის, დაკავება გამახსენა. ისიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მასზეც ვთქვი და ნეფარიძეზეც იმავეს ვიტყვი, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა.
კორუფციასთან ბრძოლა რომ უნდოდეთ, საშუალო რგოლის წარმომადგენლებსა და ლიფსიტებს არ დააკავებდნენ. არასდროს არ მიდიან იქამდე, საიდანაც მოდის კორუფციის მთავარი წყარო.
აბესაძისა და ნეფარიძის დაკავება მეტყველებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებაში” საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ღია დაპირისპირებაა. მმართველ გუნდში სიების დაკომპლექტებაში რამდენიმე ფლანგი მონაწილეობს. მათ შორის ერთ-ერთი არის კახა კალაძე. ის ყველაზე აქტიურად ცდილობს, თბილისის საარჩევნო სია გადაახალისოს. ის მომავალზე ფიქრობს და რაღაც საფრთხეებს ითვალისწინებს.
კალაძეს მიაჩნია, რომ თუ დედაქალაქის საკრებულო მისი ხალხით არ დაკომპლექტდება, მერად არჩევის შემთხვევაში, საჭირო დროს მას შესაძლოა იმპიჩმენტი მოუწყონ. ახლა გავლენების მოპოვებისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და კალაძე იმ ხალხის ჩამოცილებას ცდილობს, ვინც დღემდე “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული. მას ასეთი ხალხი არც სიაში უნდა და არც – მაჟორიტარებად.
ოთარ აბესაძის დაკავებით მან ყველას გაუგზავნა მესიჯი, რომ ვინც ზედმეტად იაქტიურებს, არავის დაინდობენ. “ქართულ ოცნებაში” კი ქრთამი ყველას აქვს აღებული და არასასურველი ხალხი თუ იაქტიურებს, მათ დააკავებენ. საარჩევნო სიებიდან ხდება ადამიანების ნაწილის ჩამოშორება.
– არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და სია აქამდე არ აქვთ დაწერილი?
– სიის შედგენას ვერ ახერხებენ. მაჟორიტარების შერჩევაც უჭირთ. ახლა იქ გავლენების გადანაწილებისთვის იბრძვიან და ყველა თავის ძალაუფლებას იყენებს.
დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რომ კალაძეს საარჩევნო სიის შედგენასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. “ოცნების” წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ კალაძე ამ სიებს ერთპიროვნულად ვერ დაწერს და სია პარტიასთან ექნება შესათანხმებელი.
– ვითომ შეათანხმებს კალაძე პარტიასთან სიას?
– მოუწევს. ფაქტია, რომ სიის დაკომპლექტებაზე მას სერიოზული პრობლემები შეექმნა “ოცნებასთან”. მმართველ გუნდში, კალაძის გარდა, სხვა დაჯგუფებებიც არის, ყველას თავისი გავლენები და ინტერესები აქვს. არასასურველი ადამიანების ჩამოშორება კი სხვადასხვა მეთოდით ხდება. ერთ-ერთი ფორმაა დაკავება.
არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ რამდენიმე ჩინოსანი დააკავონ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის ორი რაიონის გამგებლის დაკავებაზეა საუბარი. ისინი იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ საარჩევნო ამბიციებზე უარს იტყვიან.
წლების განმავლობაში ვსწავლობდი კორუფციულ ფაქტებს და ამიტომ არ მჯერა, რომ კორუფციასთან მიმდინარეობს ბრძოლა. ეს რომ მართლა ასე იყოს, იმათ დაიჭერდნენ, ვინც სათავეშია. 2 თვის წინ მთავარ პროკურატურას უფასო სასადილოებთან არსებულ კორუფციულ სქემებზე მასალები გადავეცით და დაკითხულიც არავინ არის. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ კორუფციას არავინ ებრძვის. “ქართულ ოცნებაში” გავლენების მოპოვებისთვის პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული.

