ლევან ჩაჩუა: “მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”

ლევან ჩაჩუა: "მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს"იმ დროს, როცა მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს პოლიტიკური დიალოგის განახლებას საარჩევნო საკითხებზე და მზად არის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უბარიეროდ ჩაატაროს, გაისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოწოდება. ამაზე “ახალ თაობასთან” მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა საუბრობს.

–  მანდატები წინასწარ არის გადანაწილებული. “ქართული იდეა” ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ამისკენ სხვა ნამდვილ ოპოზიციასაც მოუწოდებს. ვინც არ არის “ქართული ოცნებისა” და ნაცმოძრაობის სატელიტი, ის გონს უნდა მოეგოს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. რამდენიმე კაცის საკრებულოებში შეყვანით ვერაფერს შევცვლით. აუცილებლად ერთად უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, – აცხადებს ლევან ჩაჩუა.

მისი აზრით, არამართული ოპოზიცია ქვეყნისთვის მძიმე დროს ერთად უნდა დადგეს.

– უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, საარჩევნო კოდექსის ძირეული ცვლილება და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები. სხვანაირად ვითარებას ვერ შევცვლით.

“ქართული ოცნება”, ნაცმოძრაობა, მათი სატელიტები ბოიკოტს არ დათანხმდებიან. გაუგებარია, რის მიღწევა უნდათ დანარჩენებს. თუ ვინმეს საკრებულოს წევრობა ქვეყნისა და ხალხის ბედზე უფრო მეტად აინტერესებს, ის კარიერისტია. მმართველმა პარტიამ ნაცმოძრაობა 5 ნაწილად დაშალა, რომ ამ კრიმინალური ჯგუფების ფონზე კარგად გამოჩნდეს. არადა, ხალხს აღარც ეს ხელისუფლება უნდა – ის ვერც დეოკუპაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ხედავს, ვერც სოციალური ფონის გაუმჯობესებასა და ვერც სამართლიანობის აღდგენას.

გაცემული დაპირებები არ შესრულებულა. ამაზე ცალკეულმა მოქალაქეებმა “ქართულ ოცნებას” კონსტიტუციის საჯარო განხილვებზეც უთხრეს. ხალხს ხელისუფლებაში სხვა ძალის მოსვლა უნდა. თუ ნამდვილი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია გაერთიანდა, ეს შესაძლებელია, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ ლევან ჩაჩუამ.