იუმორისტები, თემო მჟავია და ფაქო, იგივე ლევან გოგორელიანი, მშობლები არიან. ისინი “სარკეს” თავიანთ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანების, შვილების შესახებ ესაუბრნენ.
– ლევან, 4 თვის წინ ანასტასიას მამა გახდით. როგორი ემოციებით შეხვდით პირველი შვილის დაბადებას?
ლევანი: ის დღე კარგად მახსოვს, როცა ჩემმა მეუღლემ, ნინი ძაძამიამ, მითხრა, ორსულად ვარო. მაშინვე ცრემლები წამომივიდა, უფრო სწორად, ვიტირე. არა, კი არ ვიტირე, ვიბღავლე! აბსოლუტურად ახალი შეგრძნება იხსნება ტვინში სიყვარულის სახით. ეს შეგრძნება ერთიანად რომ გაიხსნას, შეიძლება გაგიჟდე!
თემო ჩემზე ადრე გახდა მამა, ასევე ჩემი ძმაც. ჩემს ცხოვრებაშიც მოვიდა ასაკი, როცა ვთქვი, ყველაფერს თავი უნდა დაანებო, მთავარი ოჯახია-მეთქი. ადამიანს სჭირდება, ვიღაცაზე იზრუნოს, თორემ ისე ტყუილად ცხოვრება გამოვა. ამ დასკვნამდე მივედი და საკუთარ თავში ეშმაკები დავამარცხე.
ადამიანების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელთაც სჯერათ, რომ სასწაულები ყოველდღე ხდება. სასწაულია მზის ამოსვლა, მცენარის აყვავება, მაგრამ ის შეგრძნება, რასაც შვილის დაბადება ჰქვია, სულ სხვა სასწაულია. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ამ ყველაფერმა ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობა უფრო დიდ ჰარმონიაში გადაიყვანა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ოჯახი მყავს.
– თემო, თქვენ უკვე გამოცდილი მამა ხართ. მეგობარს უზიარებთ რჩევებს ამ საკითხში?
თემო: კი, კიდევ ერთი საერთო თემა გაგვიჩნდა. ჩემი შვილი, დანიელი, სამწლინახევრისაა. ასე რომ, რაღაც დოზით მაქვს გამოცდილება. მე და ფაქო ამ თემებზე ვსაუბრობთ. თავიდან გვეცინებოდა, პამპერსების, ბავშვის გაზების დაგროვების თემა რომ შემოვიდა ჩვენს ურთიერთობაში.
ლევანი: თემოს წამოვეწიე და ამ თემაზე ერთი-ორი სიტყვის ჩაგდება მეც შემიძლია.
– ლევან, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია თქვენი ცოლის დეიდაა, ანუ თქვენი მეორე სიდედრი. როცა ანასტასია დაიბადა, ყველას ახარა, რომ ბებია გახდა. ახლაც დებს ხოლმე სტატუსებს ამაზე და ბავშვთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს. როგორია თქვენი ურთიერთობა?
ლევანი: ინგა გადასარევი სიდედრია. ჩვენ მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნინის ოჯახი ხშირად მახარებს სიურპრიზებით, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო. გულახდილად გეუბნებით, მიხარია, რომ ასეთი ოჯახი გამომივიდა.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”