ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4 განაცხადი.
შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს. ესენია :„ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი),„მძევლები” (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი), „საშიში დედა” (რეჟისორი: ანა ურუშაძე) და „ლუკა” (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე).
რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს დაასახელებს, რომელთაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს მოეწყობა.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.
იმედინიუსი