სატელევიზიო ბრძოლა “რუსთავი 2”-ს და “იმედს” შორის გრძელდება. თუმცა, ამჯერად არა რეიტინგებით, არამედ თანამშრომლებით. გაზაფხულის სატელევიზიო სეზონის დასრულებისთანავე ცნობილი გახდა, რომ “რუსთავი 2”-ის მეგაპროექტების ხელმძღვანელებმა გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ “იმედზე” გადაინაცვლეს და რეიტინგული შოუ “ნიჭიერი” ახალი სეზონიდან უკვე “იმედის” ეთერში გავა.
ამასთან, როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, “იმედზე” გადავა ცნობილი გადაცემა “ექიმებიც”. ასევე ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხაბურზანია და ჯაფარიძე ახალ პროექტს, “Rising Star”-ს დაიწყებენ, რომელიც ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რაც შეეხება მეგა-შოუების პროდიუსერების შემცვლელს “რუსთავი 2”-ზე – ხაბურზანიას და ჯაფარიძეს დავით იმედაშვილი შეცვლის, რომელიც რამდენიმე ფილმის რეჟისორია და სატელევიზიო პროექტებიც აქვს განხორციელებული, მათ შორის “იმედზე” – “ახალი ხმა”.
AMBEBI.GE დავით იმედაშვილს დაუკავშირდა:
– ბატონო დავით, ცნობილია რომ საერთაშორისო პროექტებს “რუსთავი2”-ზე თქვენ უხელმძღვანელებთ, რა პროექტები ჩაანაცვლებს “იქს ფაქტორს” და “ნიჭიერს”?
– ჯერჯერობით ახალი მოსული ვარ “რუსთავი 2”-ში და ვმუშაობთ ახალ გეგმებზე. ძველი გადაცემებიც გავა ეთერში და ახალ პროექტებსაც შევთავაზებთ მაყურებელს. ფორმატებს ვალაგებთ უკვე, არჩევნებს გავუწევთ ანგარიშს და საშემოდგომო სეზონიდან გავალთ ეთერში.
– რომელი უცხოური შოუების შემქმნელებთან გაქვთ მოლაპარაკება?
– მალე გაიგებთ ყველაფერს. ჯერ ვერაფერს გეტყვით.
– ფაქტიურად ნოლიდან გიწევთ დაწყება, ცოტა ნის წინ, ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა რომ გიორგი ხაბურზანიამ გუნდის სხვა წევრებიც გადაიბირა…
– როგორც ხედავთ მიტაცებებია, მაგრამ საინტერესოა ყველაფრის ნულიდან დაწყება და არც ახალი თანამშრომლები იქნება პრობლემა. სხვას ვერაფერს გეტყვით.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE