“პუტინი საქართველოს დაემუქრა, ან ვაზიანის ბაზას დაგვითმობთ, ან გადაგბუგავთო”

ზვიად კუპრავა: “რუსეთი დივერსიებზე გადავიდა”

"პუტინი საქართველოს დაემუქრა, ან ვაზიანის ბაზას დაგვითმობთ, ან გადაგბუგავთო"რა კავშირშია გახშირებული ხანძრები კრემლის პოლიტიკასთან, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რა მესიჯი მოვიდა მოსკოვიდან, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.

– გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ერთ-ერთ ვერსიად რუსული დივერსიაც სახელდება. თქვენ რას ფიქრობთ დივერსიის ვერსიაზე?

– ცალსახაა, რომ დივერსიასთან გვაქვს საქმე. მსგავსი მასშტაბის ხანძარი, როგორც წესი, თავისით არ ჩნდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა ტყეში ეს ხანძარი გაჩნდა, ისეთი სიცხე აღარ იყო, როგორიც თუნდაც ორი კვირის წინ იყო. თანაც იმ ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, გაცილებით ნაკლებია ხოლმე ტემპერატურა თბილისთან შედარებით. ვიმეორებ, მსგავსი მასშტაბის ხანძარი შემთხვევით არ გაჩნდებოდა.

ეს არის წმინდა წყლის დივერსია და გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულება. დამთავრდა თუ არა საომარი მოქმედებები, რუსებმა ბორჯომის ტყე-პარკს წაუკიდეს ცეცხლი. ამისთვის მაშინ სწრაფად აალებადი ჭურვები გამოიყენეს. ასეთი ტიპის ჭურვები სპეციალურად ტყის მასივებში გამოიყენება. მაშინ რუსეთმა, გარდა იმისა, რომ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ეკოციდიც მოგვიწყო.

მოსკოვში ასე თვლიან, რომ მათთვის მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ბუნებას გაანადგურებენ და ეკოციდს მოგვიწყობენ.

– თქვენ დარწმუნებით საუბრობთ დივერსიაზე, რატომ გამორიცხავთ დაუდევრობას? ხომ შეიძლება ტყეში ვიღაცას კოცონი დაენთო და ამას მოჰყოლოდა ხანძარი?

– მსგავსი მასშტაბის ხანძარი “ბიჩოკით” და კოცონით არ ჩნდება. ვიღაცას რომ კოცონი დარჩენოდა, კვამლი ამოვიდოდა და ამას ხალხი აუცილებლად შენიშნავდა. საეჭვოა ისიც, რომ ხანძრის ჩაქრობა ძალიან გაჭირდა. ერთგან რომ აქრობდნენ, მეორეგან ჩნდებოდა ხანძრის კერა. არც ეს არის შემთხვევითობა.

სხვა საკითხია, რომ ხელისუფლებამ უნიათობა გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს კრიზისების მართვის საბჭო, ვერ მოხერხდა კოორდინირებული მუშაობა. გასაგებია, რომ არ გვყავს სათანადო ტექნიკა, მაგრამ ჩვენს მეზობლებს ხომ აქვთ, ხომ შეიძლებოდა თავიდანვე მათთვის გვეთხოვა დახმარება.

ასევე მაინტერესებს, სად არის ის სუპერ-პუმები, რომლებზეც “ქართული ოცნება” ამდენს ლაპარაკობდა. თუ გაყიდეს, თქვან, თუ არადა გამოიყენონ და ჰაერიდან მოახდინონ ხანძრების ლოკალიზება.

ხანძრის კერებს დავუბრუნდები და იმის მაგივრად, რომ დაეკლო, მათი რაოდენობა მატულობდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხანძრის გასაჩენად რაღაც სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული. გული მიკვდება, რომ ამ ამბავს ვუყურებ. ერთ-ერთი, რითაც ვამაყობთ და ტურისტებს ვიზიდავთ, ეს არის ჩვენი მართლაც ლამაზი ბუნება. ახლა ამ ბუნებასაც გვინადგურებენ.

ამ ხანძრის შემდეგ, მომავალ წელს ბორჯომში ან წაღვერში დასვენებას ექნება რამე აზრი? წაღვერში და ბორჯომში პენტჰაუზები და გასართობი ცენტრები არ იყო, იქ ხალხი ჩადიოდა ჰაერისთვის. ახლა ეს ჰაერიც აღარ იქნება და იქ ვინ ჩავა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის რუსული დივერსია და რუსული შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

– საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ პრორუსულობაში და რუსული ინტერესების გატარებაში. აქედან გამომდინარე, რაში უნდა დასჭირდეს მოსკოვს საქართველოში დივერსიების მოწყობა?

– რუსეთი მთლიანად თუ არ ბატონობს საქართველოზე, მისთვის სულ ერთია, ვინ იქნება ამ ქვეყნის სათავეში. ამიტომაც აწყობს დივერსიებს.

მანამდე იყო ბანერების აღმართვა და საოკუპაციო ხაზების გავლება.

რუსული ბანერების წინააღმდეგ ბოლო ხანებში სამოქალაქო საზოგადოება დაირაზმა. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ჩვენი მეგობრები იწყებენ მორიგეობას და მათ მეც აუცილებლად შევუერთდები. იქ იგეგმება კარვების გაშლა. ეს ბევრად ფართო მასშტაბებს მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო.

ასეთი აქტიურობა რუსეთისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. როცა ადგილზე კარავი იდგება და იქ ადამიანები იქნებიან, ბანერებს ასე იოლად ვეღარ აღმართავენ.

გამწარებული რუსები ახლა ყველაფერს ცეცხლს უკიდებენ, ამდენი ხანძარი ერთად წარმოუდგენელია. ამას შემთხვევითობას ვერ უწოდებ. როგორ შეიძლება, ყოველდღე რაღაცა დაიწვას. ეს არის პროვოკაცია.

ივანიშვილს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავის დროზე ხმა იმიტომ მისცა, რომ ის რუსეთთან სიტუაციის დალაგების პირობას დებდა. ხაზგასმით ამბობდა, მიშა არის გიჟი, ჩვენ კი ვიცით, როგორ უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს. სხვა მეოცნებეებიც ამბობდნენ, რუსებს არ გავაღიზიანებთ, რაღაც ოქროს შუალედს დავიკავებთო. ფაქტია, რომ “ოცნების” ხელისუფლება ვერაფერსაც ვერ ალაგებს. კრემლთან ურთიერთობას ვერავინ ვერ დაალაგებს, ეს უბრალოდ შეუძლებელია. საქართველოს სანამ სახელმწიფო ჰქვია, ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობები არ დარეგულირდება.

რუსეთს მეზობლად არ სჭირდება სახელმწიფო საქართველო. მას ისეთი საქართველო უნდა, რომელსაც თავად გააკონტროლებს. მაქვს იმის შიში, რომ რუსეთი პროვოკაციებს გააგრძელებს. მათი შეჩერება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება – საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას.

მთავრობამ აუცილებლად უნდა ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს, რა მოხდა. ხელისუფლება რატომღაც გაურბის სიტყვა დივერსიის ხსენებას, აქაც, ეტყობა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკასთან გვაქვს საქმე.

– ამ არგაღიზიანებას შედეგი მაინც არ მოაქვს და გააღიზიანონ, უარესი მოხდება ვითომ? ან იქნებ დაზუსტებით არა აქვთ ინფორმაცია, რომ დივერსიასთან გვაქვს საქმე?

– ხელისუფლებამ ყველაზე უკეთ იცის, რომ საქმე დივერსიასთან გვაქვს. ახლა ხელისუფლებამ მტკიცებულებები უნდა გამოავლინოს და მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ ეს ხანძარი შეგნებულად არის გაჩენილი.

– თუ ეს მართლაც რუსული დივერსიაა, ალბათ შემთხვევითი არაა, რომ ეს საერთაშორისო სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ განხორციელდა. საქართველოში პენსის ვიზიტის საპასუხოდ, პუტინი სოხუმში ჩავიდა.

– არაფერი არ არის შემთხვევითი. ეს დაახლოებით იგივე მასშტაბის თავდასხმაა საქართველოზე, როგორიც 2008 წელს იყო. უბრალოდ, ახლა პროცესი ჯერჯერობით მსხვერპლის გარეშე მიდის.

– თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ 2008 წელი და მაშინ გაჩენილი ხანძარი. რამდენადაც მახსოვს, მაშინ ხანძარი გაცილებით მოკლე პერიოდში ჩააქრეს.

– მაშინ ხანძრის ჩასაქრობად სხვა ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული. ხანძრის ჩაქრობაში სამხედროებიც მონაწილეობდნენ. აქტიურად ჩაერთნენ მოხალისეებიც და უფრო ეფექტურად გავუმკლავდით ხანძარს. ახლა ხელისუფლება არც იმ ტექნოლოგიებს იყენებს და საჯარისო ნაწილებიც არ ჩართეს თავიდანვე. ადამიანების მობილიზებაა საჭირო და უამრავი მოხალისე იყო მზად, ხანძრის წინააღმდეგ ებრძოლა. ვერ ვხვდები, რატომ არიან ასეთი სუსტები.

ხანძარს ეფექტურად რომ ვერ აქრობენ, გავიგეთ, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი მაინც დაარქვან – უთხრან საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს არის დივერსია. უნდა გააგებინონ მსოფლიოს, რომ რუსეთმა ისევ გამოგვიცხადა ომი, ოღონდ სხვა ფორმით.

ამას თუ სათანადო შეფასება არ მიეცა და ამის პრევენცია არ მოახდინა როგორც საქართველომ, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობამ, ხვალ რუსები უარესს იზამენ.

– ამაზე უარესი რა უნდა გააკეთონ?

– მე მათი მხრიდან არც ტერაქტებს არ გამოვრიცხავ. გავიხსენოთ 2005 წლის გორის ტერაქტი. რამდენიმე წლის შემდეგ ლეიბორისტების ოფისთან მოაწყვეს აფეთქება და ამერიკის საელჩოსთანაც ჰქონდა ინციდენტს ადგილი, იქ ბომბი იპოვეს. ეს პროცესები შეიძლება კიდევ განმეორდეს, თუ ყველაფერს დროულად არ დაარქმევენ თავის სახელს.

ყველაფრისთვის სახელის დარქმევას ვინ ჩივის, ხელისუფლების პირველი პირები იმის თქმასაც ვერ ბედავენ, ამ ყველაფერს გამოვიძიებთო.

 – გამოძიება რომც დაიწყოს, გაქვთ იმის იმედი, რომ რამეს გამოიძიებენ? ყველაფერზე ტარდება გამოძიება, მაგრამ გამოძიებული ვერაფერი ვნახეთ.

– გამოძიება ყველა ხანძარზე მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო დასკვნა არც ერთ ფაქტზე არ დადებულა. ეჭვი მაქვს, რომ ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრებიც რუსული დივერსიაა. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ამდენი რამე დაიწვა.

ახლა მაინც უნდა მიხვდეს ხელისუფლება, რომ რუსეთთან პირისპირ დარჩენა ჩვენთვის არის დამღუპველი. აუცილებლად უნდა დავიხმაროთ საერთაშორისო თანამეგობრობა.

მე მაქვს ძალიან სერიოზული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი და ლავროვი დღემდე ითხოვენ ივანიშვილისგან ვაზიანის სამხედრო ბაზის დათმობას. ამ ბაზაზე რუსული საჯარისო შენაერთების შეყვანა უნდათ. ამ მოთხოვნის პარალელურად ემუქრებიან და უყენებენ ულტიმატუმს, თუ ბაზას არ დაგვითმობთ, გადაგბუგავთ, გადაგწვავთო.

– თავის დროზე სააკაშვილსაც სამხედრო ბაზის გამო დაეძაბა პუტინთან ურთიერთობა. მოსკოვი მაშინ საქართველოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას ითხოვდა.

– მსგავსი მოთხოვნები რუსეთს ყოველთვის ჰქონდა. მათ, ბუნებრივია, უნდათ, რომ აქ სამხედრო ბაზა ჰქონდეთ. ერთია მათი სურვილი და მეორეა, როგორ დახვდება მათ საქართველოს სახელმწიფო. დღეს ჩვენი ხელისუფლება თავისი უმოქმედობის წყალობით, ფაქტობრივად, კუთხეში ჰყავს რუსეთს მიმწყვდეული. კრემლს ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ მხოლოდ 2 არჩევანი დაგვრჩება – ან ხელს მოვაწერთ მათთვის სასურველ შეთანხმებას, ან მთელი საქართველო გადაიბუგება.

– ომის დაწყება უკვე აღარც სჭირდება რუსეთს.

– ომი აღარ სჭირდებათ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ აგრესიულ ქმედებებზე აგრესიულად ვერ უპასუხებს. ამიტომაც გათავხედდნენ და ყოველდღიურად გვიჩენენ ხანძრებს. ხვალ რას იზამენ, კაცმა არ იცის.

დაახლოებით 10 დღის წინ პირად საუბარში გითხარით, რომ რუსეთი დივერსიებზე წავიდოდა. ახლა ეს უკვე ცხადია და ახლა ღიად გეუბნებით, რომ დივერსიები გაგრძელდება. ამის შეჩერება ისევ ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია. ამისთვის საჭიროა, რომ ისინი საკუთარ სიმაღლეზე დადგნენ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. სანამ დროა, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ფეხზე უნდა დავაყენოთ.

დღეს არსებული ვითარება ძალიან მაგონებს 2005-2007 წლების მოვლენებს. რუსეთი მაშინაც დივერსებით ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების დაყოლიებას. სასურველი შედეგი რომ ვერ მიიღო, 2008 წელს უკვე ომი დაიწყო. ახლაც იგივე ხდება.

შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია ნატოში გაწევრიანება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვეღარ შეძლებს რუსეთი საქართველოს დაჩაგვრას და განადგურებას. ნატოში შესვლამდე საქართველოს ხელისუფლებამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დასავლეთთან. მოსკოვთან პირისპირ დარჩენა დამღუპველია.

ახლა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა იყოს განგაში ატეხილი. ჩვენი ხელისუფლება რატომღაც თავს იკავებს. ეს თავშეკავება კარგად არ დასრულდება. რუსეთის გაჩერება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია. მათ 2008 წელს ეს ერთხელ უკვე გააკეთეს.