სანდრო ვეფხვაძე თურქმა მძღოლმა 30 დოლარით მოატყუა – “ანკარაში 25 დოლარად კარგად ვიქეიფე!”

სანდრო ვეფხვაძე თურქმა მძღოლმა 30 დოლარით მოატყუა - "ანკარაში 25 დოლარად კარგად ვიქეიფე!"ჟურნალისტი და მედია-მენეჯერი სანდრო ვეფხვაძე საქართველოსა თუ უცხოეთში ხშირად მოგზაურობს. გამოცდილება საკმაოდ აქვს, გინდა მდიდრული და გინდა მოკრძალებული მოგზაურობების. თავის გამოცდილებას კი ჟურნალ “სარკეს” უზიარებს:
– ბოლოს სტამბულში საქმიანი ვიზიტით გახლდით და ეს მივლინება ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. ერთ-ერთი უმაღლესი კლასის სასტუმროში დავბინავდი. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ფულს ლირებში ვახურდავებდი, გვერდით ქართველების დელეგაცია მყავდა, მაგრამ ჩემი საქმე რომ დავასრულე, გავიხედე და რას ვხედავ, ყველა წასულა!
ჩემი სასტუმრო ევროპულ ნაწილში მდებარეობდა, მე კი აზიურ ნაწილში ვიყავი. მივხვდი, რომ დავიკარგე. ტაქსი გავაჩერე და სასტუმროს სახელი რომ ვუთხარი, რომელზე მეუბნებიო, კითხვა დამიბრუნა. ჩემს სასტუმროს სტამბულში 4 ფილიალი ჰქონია.
ფეხბურთმა გადამარჩინა! ერთ-ერთი გუნდის საწვრთნელი ბაზა მქონდა დამახსოვრებული და ავუხსენი, რომ ორიენტირად ის ადგილი უნდა აეღო. ასე მიმიყვანა დანიშნულების ადგილამდე.
ტაქსის მძღოლმა სასტუმრომდე მიყვანაში საკმაოდ დიდი თანხა, 80 დოლარი გადამახდევინა. სავარაუდოდ, 30 დოლარით მომატყუა.
სანდრო ვეფხვაძე თურქმა მძღოლმა 30 დოლარით მოატყუა - "ანკარაში 25 დოლარად კარგად ვიქეიფე!"— უცხოეთში გამგზავრებამდე სასტუმროს წინასწარ ჯავშნით?
– ჩემი მოგზაურობის სიმძიმის წერტილი ხშირად მიპატიჟებებზე გადის. ამ დროს ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს ვერსად გავურბივარ, მაგრამ როცა უცხოეთში გამგზავრება ჩემი სურვილით და არა საქმიანი ვიზიტით მიწევს, კომფორტზე ვზრუნავ, მაგრამ ოთხ ან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში არასდროს მივდივარ. დაზოგილი თანხა მირჩევნია, სხვა რამეში დავხარჯო, თუმცა არა – შოპინგში. არ მახსენდება მოგზაურობა, სადაც შოპინგზე დრო დამიკარგავს. დაზოგილი თანხა, მირჩევნია, ტურებსა და სუვენირებში დავხარჯო.
— სასტუმროს შერჩევისას ძირითადად რას აქცევთ ყურადღებას?
– გურმანი ვარ და, ამა თუ იმ სასტუმროში როგორი კვებაა, ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. თუ გინდა, რომ ქალაქის ეგზოტიკა შეიგრძნო, იქაური საკვები უნდა გასინჯო. ჩემთვის მთავარი ქალაქის შეცნობაა და ღამეს სად გავათენებ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
— სტამბულში შედარებით დაბალი კლასის სასტუმროში ერთი კვირის გატარება დაახლოებით რა თანხა ჯდება?
– სტამბულში, სამვარსკვლავიან სასტუმროში, 2-3 დღის გატარება და მოგზაურობა, თავისი გემრიელი კვებით, მსურველს საშუალოდ 120 დოლარი დაუჯდება.
ყველაზე “გემრიელ” მოგზაურობად ანკარა მახსენდება. ხაჭოს საოცარი, შვრიამოყრილი ბლინები დავაგემოვნე და ეს გემო დღემდე მახსოვს. მიყვარს მოგზაურობისას გემრიელობების გასინჯვა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს სიამოვნება ძვირი მიჯდება. ანკარაში 25 დოლარად კარგად ვიქეიფე.
— ყველაზე ძვირი რა სერვისში გადაგიხდიათ?
– შარმ ელ შეიხში ერთ-ერთი ვიზიტის დროს აუზში ბევრი ვიცურავე. მაღალწნევიანი ვარ და წყალში დიდხანს ყოფნის გამო წნევამ ამიწია. სასტუმროს ექიმის მომსახურებით ვისარგებლე. წნევა გამიზომა და პაწაწინა ზომის აბი მომცა, რაშიც 100 დოლარი გამომიწერა. ამ ფასად შარმ ელ შეიხში თბილისიდან სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებდი, ამიტომ არ გადავიხადე.
იმ პერიოდში სინას ნახევარკუნძულის გუბერნატორი იყო ჩამოსული. როცა გაიგო, რომ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის ჟურნალისტებიც, ვიყავით ჩასული, გვკითხა, სასტუმროში რა მოგვეწონა და რა – არა. პირველ რიგში, ტარიფებზე ვუთხარი. ავუხსენი, რომ პაწაწინა აბსა და წნევის გაზომვაში 100 დოლარი უნდა გადამეხადა. მისი პრესტიჟის ამბავი იყო და ჩემი გადასახდელი 100 დოლარი სინას ნახევარკუნძულის გუბერნატორის ანგარიშზე ჩაიწერა.
— კიდევ რომელ ქალაქში შეგხვდათ ძვირადღირებული მომსახურება?
– ყველაზე ძვირი ქალაქი, სადაც კი მიმოგზაურია, ეს არის ინგლისში ჩესტერი. ამ ქალაქის გარეუბანში მდებარე ძალიან პატარა ბინის ფასი თბილისთან შედარებით 25-ჯერ ძვირია. სამოგზაურო ტარიფებიც უძრავი ქონებიდან გამომდინარე განისაზღვრება. კონკრეტულ ტარიფს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ინგლისში ერთკვირიანი მოგზაურობა 1.500-2.000 დოლარამდე დაჯდება, საუბარი ორ-სამვარსკვლავიან სასტუმროზე მაქვს.
მანჩესტერში მიწვევით ერთი კვირით ვიყავი. ფეხბურთის გულშემატკივარი გახლავართ და ამ ქალაქში, ერთადერთი, რაც დამამახსოვრდა, მანჩესტერის საგრაფოა. ერთ-ერთ პაბში “მანჩესტერ სიტის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” შერკინებასაც შევესწარი. ლუდის ჭიქების სროლა და დიდი ამბები იყო, სანამ პოლიციამ არ დააშოშმინა.
— საქართველოში მოგზაურობის ფასები როგორია?
– საქართველოს სასტუმროებში ტარიფები მეტწილად გაბერილია. თუ ტარიფებს საქართველოს მისახლეობასაც მოვარგებთ და მხოლოდ ცენტრალურ აზიაზე, რუსეთზე, ყაზახეთსა და ახლო აღმოსავლეთზე არ გავთვლით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უფრო მეტ სარბიელს მივცემთ, რომ დასასვენებლად თურქეთსა და ეგვიპტეში აღარ წავიდნენ. ქართველებს არაფერი გვჭირს საიმისო, რომ კომფორტულად დასვენებას საზღვარგარეთ ვცდილობდეთ.
— საქართველოში არაადეკვატური მხოლოდ სასტუმროს ფასებია თუ სხვა მომსახურებაც გასაუმჯობესებელია?
– ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვანია. ზოგიერთ რეგიონში სასტუმრომდე მისასვლელი გზა აბსოლუტურად ამორტიზებულია. იქამდე რომ მიაღწიო, ან მანქანა უნდა შესწირო, ან თავად შეეწირო. მაგალითად, გოდერძის უღელტეხილზე, კურორტზე რომ ჩავიდეს დამსვენებელი და ცოტა გაბერილი ფასებით მიიღოს ნამდვილად კარგი მომსახურება, მანქანით იქამდე მისვლას და უკან დაბრუნებას 24 საათი სჭირდება. ოთხვარსკვლავიანი კეთილმოწყობილი სასტუმროა, მაგრამ იქამდე მისვლას რაც ხელს უშლის, გზაა.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”