„აკროპოლისის თასის“ გათამაშების მეორე ტურში საქართველოს მეტოქე საბერძნეთზე მაღალი რეიტინგის მქონე სერბეთი გახლდათ, რომელსაც ილიას ზუროსის გუნდმა ტოლსწორად ეთამაშა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ პერიოდში 10 ქულას აგებდა, გამართული, მიზანმიმართული და დალაგებული თამაშის წყალობით გამარჯვება მოიპოვა – 68:66.
პირველი ტაიმი ფრედ – 36:36 დასრულდა, მესამე პერიოდში კი სერბებმა მცირე უპირატესობაა მოიპოვეს და 4-5 ქულიან ლიდერობას ინარჩუნებდნენ. სლავებმა მე-3 პერიოდი 19:14 მოიგეს და მესამე მეოთხედის შემდეგ 55:50 იგებდნენ. თამაში თანაბარი იყო და ყველაფერი ბოლო პერიოდს უნდა გადაეწყვიტა. დასკვნით მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა სერბები მცირე უპირატესობას ინარჩუნებდნენ და ძირითადად 2-3 ქულით ლიდერობდნენ.
მატჩის დასრულებამდე 1.32 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი სროლებით ანგარიში გაათანაბრა – 63:63. დაცვაში ჩვენებმა ბურთი მოიპოვეს და დუდა სანაძემ საჯარიმოს ხაზიდან საქართველო მეორე მეოთხედის შემდეგ პირველად დააწინაურა – 65:63 დასრულებამდე 1 წუთით ადრე.
საფინალო სირენამდე 53 წამით ადრე ბოგდანოვიჩი საჯარიმოდან ათანაბრებს ანგარიშს. დუდა სანაძემ 36 წამით ადრე ოქროს სამქულიანი ჩააგდო – 68:65. სერბები 1 საჯარიმოს აგდებენ და ჩამორჩენას 2 ქულამდე ამცირებენ, ქართველები კი შეტევაში ბურთს კარგავენ და ევროპული კალათბურთის გრანდებს თამაშის გადასარჩენად 23 წამი რჩებათ.
საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა, სერბებმა კი კუთხიდან მოახერხეს პოტენციურად გამარჯვების სამქულიანის სროლა, მაგრამ ვლადიმირ ლუჩიჩის ნატყორცნი არაზუსტი აღმოჩნდა და საქართველომ გაიმარჯვა.
ნიუპოსტი

