„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება. ”ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, „ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1 სექტემბერს გაიმართება. „საქართველოს ლატარიის კომპანია,“ ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდეგ, საქმიანობას შეწყვეტს.
– ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლოტო 6/36-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1 სექტემბრის საღამოს შეწყდება.
„საქართველოს ლატარიის კომპანია“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა. კომპანია ამ დრომდე საქართველოში ლატარიის გამართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. „ლატარიის კომპანიის“ 70%-იან წილს სახელმწიფო ფლობს, 30% კი ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ლექსორ კაპიტალ კორპორეიშენს“ ეკუთვნის.

– „ლოტო 6/36“-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1-ელ სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, 20 საათსა და 35 წუთზე გაიმართება. აღნიშნული გათამაშებისას მომხმარებლებს მიეცემათ შანსი, სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში სოლიდური თანხების მფლობელები გახდნენ. კერძოდ, ზემოაღნიშნულ გათამაშებაში ლოტოს საპრიზო, მათ შორის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები გამარჯვებულ საპრიზო კატეგორიებზე გადანაწილდება და სრულად გათამაშდება.

საქართველოს ლატარიის კომპანია, ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდგომ, შეწყვეტს საქმიანობას. მონაწილეებს 796-ე გათამაშებისთვის ბილეთების შეძენა 29 აგვისტოს, ლოტოს გათამაშების დასრულების შემდეგ, ონლაინ – ebetting.ge-ს საშუალებით შეეძლებათ, ხოლო 30 აგვისტოდან – ყველა გაყიდვის ობიექტზე, სადაც ლატარიის კომპანიის მანიშნებელია განთავსებული. „ლოტო 6/36“-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1-ლი სექტემბრის საღამოს, 20 საათსა და 30 წუთზე შეწყდება, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამასთან, ”საქართველოს ლატარეის კომპანიის” ინფორმაციით, „ლოტო 6/36“ ბოლო გათამაშებაში მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება 1-ელ ნოემბრამდე.
„ლოტო 6/36“-ში მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელია სს ლიბერთი ბანკში და საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში (მისამართი: მელიქიშვილის ქ.16, თბილისი);
მომგებიან ბილეთებში (გადასაფხეკი ბილეთები) მოგების განაღდება შესაძლებელი იქნება 2017 წლის 1-ელ ნოემბრამდე; გასათვალისწინებელია, რომ 100 ლარის ჩათვლით მოგებახვედრილი თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება ლატარიის კომპანიის ჯიხურებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, სს ლიბერთი ბანკში და კომპანიის ბეთინგ ცენტრში, ხოლო 100 ლარზე მეტი თანხის – სს „ლიბერთი ბანკში“ და საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში (მისამართი: მელიქიშვილის ქ.16, თბილისი).

ინტერპრესნიუსი