“ამცახარა” და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ

"ამცახარა" და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენაფხაზეთში არსებული ორგანიზაციის “ამცახარას” ერთ-ერთი ლიდერი რუსლან ლაკერბა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოების აუცილებლობაზე განცხადებას აკეთებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია “ახალ თაობასთან” ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობებზე საუბრობს.

– ბატონო ჯემალ, რუსლან ლაკერბა ქართველებთან ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. არის ეს დადებითი მომენტი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისთვის?

– დადებითი მომენტი ნამდვილად არის, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი ამას ბედავს. მათ ეკრძალებათ საქართველოს რაიმე დადებით კონტექსტში მოხსენიება, მხოლოდ უნდა ლანძღონ. ადამიანი ლაპარაკობს ურთიერთობის დალაგებაზე. ისინი იმაზე არ საუბრობენ, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, არამედ საუბარია ურთიერთობების განახლებასა და დიალოგის დაწყებაზე იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ, როგორ ვიცხოვროთ ერთად.

– ლაკერბა ამბობს, რომ დროა, აფხაზებმა და ქართველებმა დაივიწყონ ის საშინელი წარსული, რასაც ორ ხალხს შორის ჰქონდა გასული საუკუნის 90-იან წლებში და დაიწყონ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან. სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება თქვენ როგორ გესმით?

– სუფთა ფურცლიდან დაწყება ნიშნავს იმას, რომ არსებობს ორი მხარე – ქართული და აფხაზური. რაც იყო წარსულში, ის ჩაბარდა წარსულს, ჩვენ წინ გვიდევს სუფთა ფურცელი და ამ სუფთა ფურცელზე რასაც ჩავწერთ, როგორ ჩამოვყალიბდებით, როგორ მოვრიგდებით, რაში შევთანხმდებით, ყველაფერი ამ სუფთა ფურცელზე დაიწერება.

აფხაზები ბატონი ლაკერბას პირით გვეუბნებიან, რომ წარსული წავიდა და ახალი ცხოვრება იწყება. ისინი გვთავაზობენ, ვიცხოვროთ ახლებურად, ახალ ვითარებაში და ისტორია სრულიად სუფთა ფურცელზე დავწეროთ. თუ ლაკერბას პოზიცია გახდება აფხაზური მხარის ოფიციალური პოლიტიკა, რასაკვირველია, ქართული მხარე დიდი სიამოვნებით იურთიერთებს.

– თქვენ თქვით, ისინი გვთავაზობენო. ამ განცხადებაში ამოიკითხეთ, რომ ეს არა მარტო ლაკერბას განცხადებაა, არამედ ამ პოზიციას სხვებიც იზიარებენ?

– ბატონი ლაკერბას განცხადებას უნდა დაეთანხმოს აფხაზი საზოგადოება. ერთი განცხადება არ ნიშნავს, რომ აფხაზი საზოგადოება ამ საკითხზე ჩამოყალიბებულია. ამიტომ აღნიშნული განცხადება მიმართულია აფხაზი საზოგადოებისკენ. ჯერ ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ – ან უნდა გაიზიარონ, ან არ გაიზიარონ ლაკერბას განცხადების დედააზრი. თუ მთელი აფხაზი საზოგადოება დაეთანხმება ბატონი ლაკერბას განცხადებას, მერე უკვე ქართველი საზოგადოება დიდი სიამოვნებით განიხილავს განცხადებას. ეჭვიც არ მეპარება, რომ დიალოგის დაწყებას წინ არაფერი დაუდგება.

– ლაკერბა შემთხვევით შეიძლება აკეთებდეს ამგვარ განცხადებას? შეიძლება მას სახელისუფლებო დინებებში მხარს უჭერდნენ?

– მე ამას ვერც დაგიდასტურებთ, ვერც უარვყოფ. ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზ საზოგადოებაში ბევრია ისეთი გავლენიანი პიროვნება, ჯგუფები, რომლებიც მსგავს პოზიციაზე დგანან. რუსეთის პოლიტიკა მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული და იციან, რას ნიშნავს რუსული პოლიტიკა აფხაზეთში და აფხაზების მიმართ, რა მოელით ხვალ და ზეგ რუსული პოლიტიკის წყალობით.

– ანუ აფხაზებმა იციან, რა მოელით მათ რუსებისგან?

– დიახ. ამიტომ ისინი ფიქრობენ საკუთარ ხალხზე, ზოგადად აფხაზეთზე. ძალიან ბევრი აფხაზი მისულია ინ აზრამდე, რომ საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია. როგორ, რანაირად, ამაზე წინასწარ ვერავინ ისაუბრებს. ადამიანი ამბობს, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო. ეს მისი მხრიდან საკითხის სწორად დაყენებაა.

– “ამცახარა” აქამდეც გამოირჩეოდა ქართველებთან დაახლოების სურვილით, მაგრამ საოკუპაციო რეჟიმი და რუსული მხარე მასზე გავლენას ახდენდა, ლიდერები დაპატიმრებულიც ჰყავდათ. “ამცახარა” აფხაზეთში რეალური ძალაა, რომელსაც გავლენის მოხდენა შეუძლია?

– “ამცახარა” ომის ვეტერანების მიერ არის შექმნილი. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ აფხაზეთი, ბევრს ფიქრობენ და აანალიზებენ. მათ შედარებით რბილი პოზიცია აქვთ ქართველების მიმართ.

– მაინც?

– არ მინდა, ეს ქართველმა საზოგადოებამ არასწორად გაიგოს. “ამცახარა” აფხაზეთის “დამოუკიდებლობაზე” კი არ ამბობს უარს, არამედ ამბობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა დაალაგონ, მტრის ხატის პრობლემა, მტრობა, შუღლი უნდა მოისპოს და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, დავივიწყოთ წარსული, ომი, უბედურება და დავიწყოთ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან.

ამაზე ბევრი არ მოდის. თითქოს ჩვეულებრივი განცხადებაა, განსაკუთრებული არ არის, მაგრამ აფხაზეთში ამგვარი შინაარსის განცხადება გარღვევასავით გაჟღერდა. იქ ადამიანები ვერ ბედავენ ასეთი წინადადების წამოყენებას. რაღაც მსგავსი თქვა ზურაბ აჩბამ თავის დროზე და ამისთვის მოკლეს.

– ლაკერბასაც საფრთხე ემუქრება?

– რა მოელის ამ ადამიანს, არ ვიცი, მაგრამ დღეს სულ სხვა ვითარებაა, ვიდრე მაშინ, როცა ზურაბ აჩბა მოკლეს. აფხაზეთში ქართველების მიმართ არსებული განწყობის ფონზე ლაკერბა აყენებს ამგვარ წინადადებას, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

– “ამცახარა” ძლიერი ორგანიზაციაა?

– “ამცახარა” აფხაზეთში საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ორგანიზაციაა. როცა ანქვაბი ხელისუფლებაში იყო, მაშინ ეს პარტია ხელისუფლებაში გახლდათ.

– ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან თუნდაც სახალხო დიპლომატიის კუთხით ურთიერთობების დამყარებას. აღნიშნული განცხადება საშუალებას იძლევა, ამ მხრივ რაღაც გაკეთდეს?

– რასაკვირველია, ეს განცხადება სახალხო დიპლომატიისთვისაც გარკვეულ პირობებს ქმნის. სახალხო დიპლომატია შეიძლება გააქტიურდეს. თუ ამ წინადადებას აფხაზი საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც მოიწონებს, ამან შეიძლება სათავე დაუდოს მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებსა და თვით დე ფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, მაგრამ აქამდე ჯერ ძალიან შორსაა.