გია ხუხაშვილი: „ამ ხელისუფლებას პასუხისმგებლობის დრო დაუდგება“

გია ხუხაშვილი: „ამ ხელისუფლებას პასუხისმგებლობის დრო დაუდგება“ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული საკონსტიტუციო პროექტის იმპლემენტაცია შეუძლებელი იქნება.

ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში შეაფასა პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციისადმი, რომ მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის საკუთარი ვერსია შექმნან.

გია ხუხაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ალტერნატიული პროექტის მიღება შეუძლებელი იქნება, არავინ იცის, პოლიტიკური პროცესი ამ ყველაფერს საბოლოოდ სად მიიყვანს.

– სამართლებრივად, ანუ ფორმალური სამართლის გაგებით, ამას აზრი არ აქვს, ვინაიდან ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიიღოს კონსტიტუცია, მიუხედავად იმისა, რომ ის იზოლირებულია გარესამყაროსგან, პოლიტიკურ ბუნკერში აპირებს იმის მიღებას, რაც მას უნდა თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ აუქმებს პოლიტიკურ პროცესს. ხელისუფლებას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ეს კონსტიტუცია მიიღოს, მაგრამ პოლიტიკური პროცესი თავისი გზით მიდის და არ ექვემდებარება პოლიტიკურ ჩარჩოებს. რამდენადაც არ უნდა უკვირდეთ ”ქართულ ოცნებაში”, პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურაა. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტი აპოლიტიკური უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპოლიტიკური. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა დაიწეროს ალტერნატიული, მისი იმპლემენტაცია დღეს იქნება შეუძლებელი, მაგრამ ეს არის პოლიტიკა და ახლა მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკა სად მიიყვანს, ამას დრო გვაჩვენებს, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით, დღეს ვართ ეტაპზე, როცა პოლიტიკური პროცესი დაშორდა საკანონმდებლო პროცესს, „ხელისუფლება ჩაიკეტა პოლიტიკურ ბუნკერში და იქ ჯიუტად, არაკონსენსუსურ დოკუმენტზე აჭერს პულტს“.

– დანარჩენი საზოგადოება დარჩა ცალკე და ახლა პრეზიდენტს, ალბათ, აქვს მცდელობა, რომ მოახდინოს ალტერნატიული მიმდინარეობის კონსოლიდირება. ამას შეიძლება მოკლე ვადებში შედეგი არ მოჰყვეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გახდეს საფუძველი რაღაც ახლის დაწყებისა. კერძოდ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ როცა რაღაც გადაწყვეტილებას იღებ, ადრე თუ გვიან ამაზე პასუხისმგებლობის დრო დადგება.

მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებას ამ უცნაურ პროცესზე პასუხისმგებლობის დრო დაუდგება. თავის დროზე, როცა ხელების გადაგრეხვით მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ის სიმახინჯე, რაც გვაქვს, მას ამაზე მოუწია პასუხისმგბელობის აღება, ასევე უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ ხელების გადაგრეხვით მიღებულ კონსტიტუციაზე მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. სწორედ ამ ლოგიკის ნაწილია ის, რასაც პრეზიდენტი აკეთებს. მან თქვა, რომ არის პოლიტიკოსი და მოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, – განაცხადა ხუხაშვილმა.