ირაკლი პეტრიაშვილი: ’’პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა’’

ირაკლი პეტრიაშვილი: ’’პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა’’პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა, რომ ის არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება, – ამის შესახებ პროფკავშირების ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, პროფკავშირების წევრებმა გაუძლეს ზეწოლას და მისი ღვაწლი დააფასეს.

პეტრიაშვილმა დელეგატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

– მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, პროფკავშირების წევრებმა გაუძლეს გაუსაძლისს და დააფასეს ის შრომა და ღვაწლი, რაც ჩემმა ოჯახმა და აღზრდამ მომცა. ამ ხალხმა ჩემს მშობლებს უთხრეს, რომ ნაგავი არ გაუზრდიათ, არამედ გაზარდეს კაცი. უდიდესი მადლობა დელეგატებს, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია. პროფკავშირების თავმჯდომარედ უკვე მეოთხედ, 4 წლის ვადით ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.

ყრილობის დამსწრე 203 დელეგატიდან ირაკლი პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა 139-მა დელეგატმა, ხოლო ამირან ზენაიშვილს – 62 ხმა ერგო. 2 ბიულეტენი გაბათილდა.

კიდევ ერთმა კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.