შუახევის სკოლის პედაგოგი, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად სურათი „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით აქვს გადაღებული, სულ მცირე, საყვედურს მიიღებს, ამის შესახებ კომენტარი მარიამ ჯაშმა გააკეთა, საკითხზე საუბრისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ასევე აცხადებს, რომ აუცილებლად დაისჯება პირი, რომელმაც ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა დაუშვა.
– ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა გუშინწინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა.
საინტერესო ის არის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება, – განაცხადა ჯეჯელავამ.

