“ოცნების” დეპუტატი მერობის კანდიდატს მოკვლით ემუქრება”
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ყოფილი მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე ახალ სკანდალში გაეხვია. მას ბათუმის მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან ჯელალ ქიქავა მუქარაში ადანაშაულებს. მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერი მან უკვე გადასცა შსს-სა და პროკურატურას.
აღსანიშნავია, რომ მუხრან ვახტანგაძის მიმართ პრეტენზიები სხვებსაც აქვთ. პარლამენტის ყოფილმა წევრმა მურმან დუმბაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან არაერთხელ განაცხადა, რომ ვახტანგაძე ჯერ აბაშიძის ზონდერი იყო, ხოლო შემდეგ – სააკაშვილის.
რატომ დაიბარა ქუჩაში ვახტანგაძე, რა შეუთვალეს მოჭიდავეებმა, რაზე გააფრთხილა შსს და როგორ აპირებს თავის დაცვას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ჯელალ ქიქავა ესაუბრება.
ჯელალ ქიქავა:
– რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 29 აგვისტოს, მე გამოვედი 25-ე არხზე და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ვისაუბრე, საყვედური გამოვთქვი პარლამენტში აჭარის დეპუტაციის მიმართ. პირდაპირ ვთქვი, რომ აჭარას საქართველოს პარლამენტში ლობი არ ჰყავს. ისიც ვთქვი, რომ ჩვენი კვოტით იქ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც, მართალია, კარგი ექიმები არიან, მაგრამ პოლიტიკოსებად ვერ ჩამოყალიბდნენ.
ჩემმა ამ განცხადებამ ძალიან გააბრაზა დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე და ის მოკვლით დამემუქრა.
– მუხრან ვახტანგაძე რატომ გაბრაზდა, ის ხომ არ არის ექიმი, თუ მისი გვარიც ახსენეთ?
– ისიც ვახსენე და ვთქვი, რომ ის არის ზონდერი. მე დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ და კარგად ვიცნობ ზონდერებს, მოჭიდავეების ბანდებს. ზონდერებს აქტიურად იყენებდნენ ასლან აბაშიძეც და მიხეილ სააკაშვილიც.
ამ გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს ანუ 30 აგვისტოს მე დამირეკა ვახტანგაძემ და დამიწყო ძველბიჭური საუბარი. ამ საუბრის ჩანაწერი სათანადო ორგანოებს გადავეცი. ჩემთან საუბარში მან პირდაპირ თქვა, რომ ის არ არის პოლიტიკოსი.
ახლა ვკითხულობ მე, პარლამენტის წევრი თუ პოლიტიკოსი არაა, აბა, ვინ არის ძველი ბიჭი? თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის სწორედაც რომ ძველი ბიჭია. პარლამენტის წევრი მე, ბათუმის მერობის კანდიდატს, ქუჩაში მეპატიჟება საქმის გასარჩევად.
საუბარში მან ხაზგასმით მითხრა, რომ ის არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, დაამატა, რომ ოლიმპიადის პრიზიორიცაა. ის პირდაპირ დამემუქრა ფიზიკური ძალადობით. ასეთ შემთხვევაში მე საკუთარი თავის დაცვა გადავწყვიტე.
30 აგვისტოს მივმართე შსს-ს აჭარის სამმართველოს. იქ მოხდა ჩემი გამოკითხვა. 5 საათის განმავლობაში მისვამდნენ კითხვებს. გუშინ, 31 აგვისტოს, უკვე პროკურატურაში შევიტანე განცხადება. ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, გვაინტერესებს, რა ზომებს მიიღებს ხელისუფლება.
მან ჩემთან საუბარში ერთი დანაშაულიც აღიარა, თქვა, რომ მათ სცემეს მალხაზ მახარაძე და ოთო პეტიჩკინი. ეს ინციდენტი 2016 წლის არჩევნების წინ მოხდა. ეს ბიჭები საბილიარდოში ცემეს. აქამდე ის ამას არ აღიარებდა, მაგრამ ახლა გამოტყდა. ხელისუფლებამ ეს საქმეც უნდა გამოიძიოს.
– თქვენ მუხრან ვახტანგაძესთან ადრეც ხომ არ გქონდათ შეხება? მარტო ამ განცხადების გამო დაგიპირისპირდათ?
– ის მე სიმართლისთვის დამიპირისპირდა. მასთან არანაირი შეხება არა მაქვს და საერთოდ არ ვიცნობ. რა საერთო უნდა მქონდეს მე ზონდერების ბანდებთან. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის კარი ზონდერებისთვის ღიაა.
ჩემი აზრით, ზონდერები და მოჭიდავეები პარლამენტსა და პოლიტიკას უნდა მოვაშოროთ. ახლა ველოდები პასუხს ხელისუფლებისგან. სხვათა შორის, მუქარები არ დამთავრებულა.
– კიდევ დაგემუქრათ ვახტანგაძე?
– თავად არა. 30 აგვისტოს გამომიგზავნა ზონდერები, მოჭიდავეები და მათ გამაფრთხილეს. ახლა მე ველოდები, რა განცხადებას გააკეთებს საქართველოს პარლამენტის სპიკერია. აუტანელია, როცა პარლამენტის წევრი ოპოზიციონერს მოკვლითა და ფიზიკური ძალადობით ემუქრება.
მართალია, მე შსს-ს და პროკურატურას მივმართე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევშინდი. არ შევშინებულვარ, მაგრამ საკუთარი თავის დაცვაზე ვფიქრობ. მე დავდივარ თოფით.
– გაქვთ მისი ტარების უფლება?
– გაფორმებული მაქვს. ამის შესახებ სათანადო ორგანოებიც გავაფრთხილე, როგორც კი მუხრან ვახტანგაძე მომიახლოვდება ერთ მეტრში, ეგრევე ვესვრი. მინდა მჯეროდეს, რომ მას სათანადო პასუხს მოსთხოვენ. ასეთი ფაქტი სხვა ქვეყანაში დიდი სკანდალის მიზეზი გახდებოდა, აქ კი ვითომ არაფერი, არადა, “ოცნების” დეპუტატი მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს მოკვლით ემუქრება.

