საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო პროცესში, კონსულტაციებს სთავაზობს.
ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
– მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია.
ამ დროისათვის, ახლადმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილვევლად, ,,ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ 16:00 საათზე სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში, – განაცხადა მიშველაძემ.

