რატომ მიუცვივდნენ კახა კალაძეს, ვინ მართავს რეალურად “ქართულ ოცნებას”, რატომ არ აინტერესებთ არჩევნები, რა შემთხვევაში მოითხოვენ მთავრობის გადადგომას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
– ლადო, რამდენიმე დღის წინ ქართულმა მარშმა მორიგი აქცია გამართა. კალაძის საარჩევნო შტაბთან მოხდა თქვენი დაკავება. ნაციონალების ოფისებთან გამართულ აქციაზეც თქვენ გიჭერდნენ და რა ხდება, აქციის სხვა მონაწილეების დაკავებას კანონი კრძალავს?
– მე ალბათ იმიტომ მიჭერენ, რომ დაბალი ღობე ვარ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისევე, როგორც ადრე, ახლაც იმიტომ დამაკავეს, რომ ძალიან აქტიური ვიყავი, რაც ჩემს დაპატიმრებას არ ამართლებს. აშკარაა, რომ ჩემი აქტიურობა შსს-ს წარმომადგენლებს არ მოეწონათ.
სიმართლე თუ გინდათ, მეგონა, რომ უფრო ადრე დამაკავებდნენ. ბოლო პერიოდში ხშირად მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ.
– ეს მუქარები როდის დაიწყო?
– მუქარა ყოველთვის იყო, მაგრამ, რაც ქართული მარში ამოიქოქა, მუქარებმაც იმატა. ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი გიორგი ონიანი დღეს ციხეში ზის. მარშის სხვა წევრებსაც ემუქრებიან. მარშის რამდენიმე წევრის ბინაში შეცვივდნენ და იქ ჩხრეკა ჩაატარეს.
ამჯერად ჩემი დაკავება პირდაპირ კახა კალაძეს უკავშირდება. ჩვენ მასთან სალაპარაკოდ მივედით, იქ კი პოლიცია დაგვახვედრეს.
– მასთან საუბარი თუ გინდოდათ, რაღა მარშით მიუცვივდით, ისე ვერ მიხვედით შეხვედრაზე?
– მიწის საკითხი მხოლოდ მე არ მაწუხებს, თორემ მარტო წავიდოდი. ჩემთან ერთად იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ასევე აინტერესებთ, რას ფიქრობს კალაძე მიწის გაყიდვაზე.
მერე მიხვდნენ, რომ ცუდად გამოუვიდათ და კალაძის შტაბის უფროსმა არჩილ თალაკვაძემ რაღაცები მობოდა, თქვა, ამომრჩეველთან შეხვედრა გვქონდა, თორემ გამოვიდოდით, რა პრობლემააო. სოროსის წიწილებისგან ასეთი მტკნარი ტყუილების ლაპარაკს უკვე მიჩვეულები ვართ. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ბატონი თალაკვაძე წარსულში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოსთან”.
რამდენიმე წლის წინ ნაციონალებს მთელი ერი, როგორც კეთროვნებს, ისე უყურებდა. ახლა ასეთივე იარლიყი აქვს არტყმული “ქართული ოცნების” “ვერხუშკას”. გიორგი კვირიკაშვილის გარდა, წარსულში ყველანი სოროსის ფონდთან თანამშრომლობდნენ.
მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სოროსის წიწილებს ერთგვარი დიქტატი აქვთ დამყარებული. სხვაგან სიტუაცია შეიცვალა, საქართველოში იგივე ვითარებაა. სოროსის იდეოლოგიაში ეროვნული საკითხების დაცვა არ ჯდება. ეს ბატონი ყოველგვარ ეროვნულს ებრძვის. ყოველგვარ ეროვნულს ებრძვის კახა კალაძეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შტაბის უფროსი თალაკვაძე არ იქნებოდა.
მართალია, იმ დღეს დამიჭირეს, მაგრამ ამით ჩვენი ბრძოლა არ გაჩერებულა. პირიქით, ახლა ვიწყებთ ნამდვილ ბრძოლას და ყველას ვაჩვენებთ, რა არის ნამდვილი ბრძოლა.
– ნამდვილ ბრძოლაში რას გულისხმობთ?
– უახლოეს მომავალში სახელმწიფო კანცელარიის წინ დავიწყებთ მასობრივ სასიკვდილო შიმშილობას.
– სასიკვდილო შიმშილობა რას ნიშნავს? ყურს ძალიან ცუდად ხვდება ეს სიტყვა.
– მინდა, სწორად იქნეს აღქმული ეს ტერმინი. სასიკვდილო შიმშილობა ნიშნავს თავგანწირულ შიმშილობას.
– ნებისმიერი შიმშილობა თავგანწირვა არ არის?
– ყველა არა. შიმშილობას დავიწყებთ და ფეხს არ მოვიცვლით იქიდან. ჩანაცვლებით შიმშილობაზე კატეგორიულ უარს ვამბობთ.
– ჩანაცვლებითი შიმშილობა რას ნიშნავს?
– ამ მეთოდს პატრიოტთა ალიანსის წევრები მიმართავდნენ, ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ჩვენს შემთხვევაში სხვანაირად იქნება. კაცი რომ დაჯდება საშიმშილოდ, სანამ არ გაიტანენ იქიდან, ფეხს არ მოიცვლის.
ამ შიმშილობას ვიწყებთ იმიტომ, რომ სისტემის დანგრევა გვინდა. ის სისტემა უნდა დაინგრეს, რომელიც აგერ უკვე 25 წელია, გამეფებულია საქართველოში.
– შიმშილობით ეს სისტემა როგორ უნდა დაანგრიოთ? თბილისში არაერთი შიმშილობის აქცია უშედეგოდ დასრულებულა.
– საქართველოში აღარ ახსოვთ, რას ნიშნავს ნამდვილი შიმშილობის აქცია. ასეთი აქციები მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას დროს იმართებოდა. მაშინ მინიმუმ 500 კაცი ჯდებოდა საშიმშილოდ. ამ აქციას უამრავი ადამიანი უერთდებოდა. აი, ასეთი საყოველთაო შიმშილობის აქცია ელოდება ხელისუფლებას.
ხელისუფლებას ამ აქციის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ხალხის მხარეს დადგება.

