რატომ გაახსენდათ ნაციონალებს არჩევნების წინ “ქართუ”, როგორ თეთრდება ამ ბანკში ფული, ვის ხარჯზე აფინანსებს ივანიშვილი ინტელიგენციის ნაწილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
– 19 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის წევრები მიუვარდით “ქართუ ბანკს” და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეთ. მაინცდამაინც არჩევნების წინ რატომ შეგაწუხათ ფულის გათეთრების ამბავმა?
– ჩვენი ბოლო კვლევა ეხებოდა “ქართუს” სადაზღვევო კომპანიას, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში 2014 წლიდან იღებს მონაწილეობას. საუბარია ავტომანქანების დაზღვევაზე. აღმოვაჩინეთ, რომ ამ კომპანიას უკანასკნელი 1,5 წლის განმავლობაში 1.800.000 ლარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სხვადასხვა სამინისტროებთან და დედაქალაქის მერიასთან.
ამ კომპანიის გენერალური დირექტორი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ძმა არჩილი.
– არჩილიც ბიძინას დეიდაშვილი გამოდის.
– თავისთავად, მაგრამ როგორც ამბობენ, უჩა უფრო უყვარს. “ქართუს” სადაზღვევო კომპანიის ერთ-ერთი მეწილე გახლავთ ალა კახნიაური. ეს ქალი ბიძინა ივანიშვილის კარზე ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება. ამას ადასტურებს ისიც, რომ ალამ და ბიძინამ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” ერთად დააფუძნეს. ქალბატონი ალას კომპანიაც ღებულობს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას და მილიონ ლარზე მეტის შეკვეთა აქვს მიღებული.
ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ ორმა კომპანიამ ამ მოკლე პერიოდში 2.800.000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
“ქართუ ბანკის” ოფისთან იმიტომ გავმართეთ აქცია, რომ სადაზღვევო კომპანიას ოფიციალურად ეს მისამართი აქვს მითითებული.
აქცია შეიძლება მართლაც დაგვიანებულია – მილიარდერი ივანიშვილის და მისი დეიდაშვილების გამდიდრება უწევს გაღატაკებულ ქართველ ხალხს.
დეიდაშვილები ვახსენე და ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილს 1 ლარად აჩუქეს 2 მილიონი ლარის ქონება. ამბობდნენ, რაღაც ინვესტიცია უნდა ჩადოსო. ძმას არც არჩილი ჩამორჩა და ბიზნესინტერესები გამოავლინა – ბოლო 1,5 წლის მანძილზე ლამის 2 მილიონის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
– აქამდე არ იყო ამის შესახებ თქვენთვის ცნობილი?
– ცნობილი როგორ არ იყო, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტები გვჭირდებოდა. ახლა მოვიპოვეთ ეს მასალები და მივედით აქციის ჩასატარებლად. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ “ქართუ” არის ბოროტების სიმბოლო, სადაც შავი ფული თეთრდება.
– რა მეთოდებით ხდება იქ ფულის გათეთრება? გაქვთ ამის დამამტკიცებელი მასალები?
– “ქართუ” არის სარეცხი მანქანა, რომელიც შავ ფულს ათეთრებს. აქ მარტო ივანიშვილის ფული არ თეთრდება. იქ დიდი ოდენობით შედის შავი ფული. ჩვენი აქციის მთავარი მოთხოვნა ამ მიმართულებით გამოძიების დაწყება იყო. უნდა გავიგოთ, რა შემოსავლები აქვს “ქართუ ჯგუფს”, “ქართუ ბანკს” ან ფონდ “ქართუს”.
ეს აუცილებლად დასადგენია, რადგანაც მიდის ჩვენი ძარცვა. გვპარავენ მილიონებს და მილიარდებს. შემდეგ ამოარჩევენ ინტელიგენციის წარმომადგენლებს. გადაიხდიან გროშებს და ყიდულობს მათ.
– ივანიშვილის ფონდი ამ ადამიანებს წლებია, რაც ეხმარება?
– მე ამას დახმარებას არ ვეძახი. ივანიშვილი თავის ფულს არავის არ ჩუქნის. რუსი ოლიგარქი მოსახლეობის ჯიბიდან ამოცლილი ფულით ასაჩუქრებს ინტელიგენციის ნაწილს.
ხალხის ჯიბიდან ამოცლილი ფულით ფინანსდება “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია. ამავე ფულს აძლევს ივანიშვილი მინისტრებს.
– მინისტრებისთვის ფულის მიცემაში მათ მიერ აღებულ კრედიტებს გულისხმობთ?
– დიახ. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, საიდანაც ჩანს, რომ მინისტრების ნაწილს “ქართუდან” ასეულობით ათასი ლარის კრედიტი აქვს გამოტანილი. ჩვენ ვნახეთ, რომ მინისტრების შემოსავალი და გასავალი არაადეკვატური იყო – შემოსავალს აჩვენებდა X-ს, გასავალი ჰქონდა 2X.
აქ ორი ამბავია, ან მინისტრი კორუფციაშია ჩაბმული და არალეგალური შემოსავალი აქვს, რასაც არ უჩივიან, ან პირდაპირ შავი ფული თეთრდება. ივანიშვილმა ამ ხალხს ფული ასესხა და შემდეგ თავად უფარავს ამ კრედიტს. ფაქტიურად ეს ხალხი ნაყიდი ყავს.
ძალიან სერიოზულ მაქინაციებთან გვაქვს საქმე. ტყუილად კი არ გვქონდა მესიჯი – თქვენ შრომობთ, ისინი ძარცვავენ და იპარავენ. კიდევ გავიმეორებ, რომ “ქართუ” რუსი ოლიგარქის ფულის სარეცხი მანქანაა.
ეს “ქართუ” ყველა უბედურების და ხალხის სიღატაკის სათავეა.
– ხალხის გაღატაკებასთან “ქართუს” რა კავშირი აქვს?
– პირდაპირი. 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, “ქართუს” მოგება 1,657%-ით გაიზარდა. სხვათა შორის, ეს ის პერიოდია, როცა ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა.
შემოწირულობებიც საინტერესო თემაა. “ქართულმა ოცნებამ” 7 მილიონის შემოწირულობა მიიღო. იცით, საიდან ღებულობენ ამ შემოწირულობებს? სახელმწიფო ტენდერებს იგებენ, მერე მიდის “ატკატები”.
ეს არის რუსი ოლიგარქის მიერ მოფიქრებული სქემა. ჩვენთვის მოპარული ფულით ვიღაცას კინკილა 100 და 50 ლარს გადაუგდებენ და ასე ყიდულობენ ხმებს არჩევნებისთვის.
მინდა საარჩევნო ბანერებსაც შევეხო, ყველა თბილისელი დამეთანხმება, რომ ყველგან კალაძის ბანერია. საითაც გაიხედავ, ყველგან ის არის. საარჩევნო რეკლამაში მილიონობით ლარი იხარჯება.
დედაქალაქში ბანერები მრავლად აქვთ განთავსებული ევროქოცებს.

