საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუნერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პასპორტი, რომელიც მას მოპარეს, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აქვს.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, სასტურმო „ლეოპოლისთან“ განაცხადა, მაშინ, როცა უკრაინელი მესაზღვრეები სასტუმროში მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმის გადასაცემად მივიდნენ.
– ჩემი ძალიან სანდო წყაროსგან ინფორმაცია მივიღე და ოფიციალურად ვაცხადებ, პასპორტი, რომელიც მომპარეს, პეტრო ალეექსეევიჩ პოროშენკოს კაბინეტშია. მას პასპორტი ჩემი დაბრუნებიდან მეორე დილითვე კაბინეტში დაახვედრეს, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა პროტოკოლის მიღებაზე და განაცხადა , რომ ის პროცედურების დარღვევით იყო შემუშავებული. სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილსა და მის ადვოკატებს ოქმი მხოლოდ გააცნეს.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად სააკაშვილმა მისი გადაკვეთა მაინც შეძლო.
“შეგინის” სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში ჩავიდა. პასპორტი კი, სააკაშვილის თქმით, ავტობუსში დახვდა და სამართალდამცავების მიერ ავტობუსის ჩხრეკისას, მათ პასპორტი მოიპარეს.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ეროვნულმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 204-ე მუხლის შესაბამისად. ადმინისტრაციული კოდექსის 204-ე მუხლი ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

