ოკუპირებული აფხაზეთის სასამართლო სკოლებსა და ბაღებს ასხვისებს

ოკუპირებული აფხაზეთის სასამართლო სკოლებსა და ბაღებს ასხვისებსცოტა ხნის წინ, აფხაზეთის ხელმძღვანელობას ოპონენტებმა სერიოზული პრეტენზიები წაუყენეს. შეკრებილმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ხაჯიმბას ხელისუფლება ვერ უმკლავდება შექმნილ სერიოზულ პრობლემებს და არ აღიარებს აფხაზეთში შექმნილ კრიზისს, ამიტომ ანტიკრიზისული გეგმა თავად საზოგადოებამ უნდა შეიმუშაოს. ოპოზიციური ბლოკის წევრებმა, რომელში პოლიტიკური ორგანიზაცია “ამცახარაც” შედის, დასვეს სასამართლოს და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირების, ნარკობიზნესთან ბრძოლის გაძლიერების საკითხი.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ბოლო დღეებში გადადგმული ნაბიჯები სწორედ იმ თემებს უკავშირდება, რომელიც ოპონენტებმა წამოსწიეს. როგორც ჩანს, დე ფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბას მოსალოდნელი სახალხო პროტესტი აშინებს. ამ პროტესტმა შეიძლება მას თანამდებობა დააკარგვინოს.

რაულ ხაჯიმბამ სასამართლოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სასამართლო უნდა მოქმედებდეს “სახელმწიფოს” ინტერესების შესაბამისად.

– სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მდგომარეობა იმგვარია, რომ გარკვეულ აღშფოთებას იწვევს. გადაწყვეტილებები, რომელიც სახელმწიფოს სახელით მიიღება, არ ასახავს მის ინტერესებს. კანონი მარტო უბრალო ადამიანებისთვის ან ჩინოსნებისთვის არ არსებობს, კანონის შესრულებისაგან მოსამართლეებიც არ არიან თავისუფალი, – აღნიშნა ხაჯიმბამ.

მისი თქმით, სასამართლო ორგანოები უნდა ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფოს და არა ცალკეული პიროვნებების ინტერესებით.

აფხაზეთში, სადაც ყველაფერს კლანები განაგებენ, სასამართლო ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. აფხაზეთის სასამართლოში დიდი ხანია, განუკითხაობაა, მაგრამ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აქამდე ამაზე არ შეწუხებულა.

სასამართლოს განაჩენების საფუძველზე აფხაზეთში ბავშვებს სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ართმევენ. ცოტა ხნის წინ სოხუმის ერთი სკოლის შენობა იჯარით გადასცეს კერძო პირს, რომელიც ამ შენობას არადანიშნულებისამებრ იყენებდა. ამის გამო ოფიციალურმა სტრუქტურებმა იჯარის შეთანხმება გააუქმეს. მოიჯარემ სასამართლოში იჩივლა და საქმე მოიგო.

ასევე მოიქცა სასამართლო ბიჭვინთის საბავშვო ბაღის შემთხვევაში. ეს ფაქტები ხალხისთვის ცნობილია.

– ვინ მოგცათ საბავშვო ბაღების იჯარით გაცემის უფლება, – ამ შეკითხვას დაგვიანებით ხაჯიმბაც სვამს.

აფხაზეთის საზოგადოების აღშფოთების მიზეზი ბოლო დროს დამნაშავეობის საგრძნობი ზრდაა. ამის გამო რესპუბლიკაში საკურორტო სეზონი ჩაიშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებასა და კრიმინოგენულ სიტუაციაზე აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატას მინისტრი ასლან კობახია ესაუბრა.

მან დაიჩივლა, რომ სამინისტროს ბევრი ქვედანაყოფი დაუკომპლექტებელია. ამის მიზეზი დაბალი ხელფასებია. ამასთან, ასლან კობახიამ აღნიშნა, რომ ასრულებს რაულ ხაჯიმბას დავალებას სამინისტროს ოპტიმიზაციის თაობაზე.

2011 წლამდე აფხაზეთში მილიციის შესანახად შემოღებული იყო სპეციალური გადასახადი, რომელიც გააუქმეს. შინაგან საქმეთა მინისტრი ამას შეცდომად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს მოსაკრებელი უნდა აღდგეს:

– რუსეთის დახმარება, რომელსაც აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები იღებენ, მუდმივი ვერ იქნება. უნდა დავუბრუნდეთ საკუთარ დაფინანსებას, თუ ვსაუბრობთ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე.

კობახია პირობას დებს, რომ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას აფხაზი სამართალდამცავები რუსებთან ერთად ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის საშუალებით შეებრძოლებიან.

მისი ინფორმაციით, აფხაზეთში ნარკოტიკების 95% რუსეთიდან შედის. ნარკოტრაფიკში ჩაბმული არიან აფხაზეთის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და სოჭში მცხოვრები აფხაზები, რომლებიც პროცესებს გარედან მართავენ.