ფოთის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილმა „ოცნება“ დატოვა და ქალაქის მერს, ირაკლი კაკულიას, უჩივის

ფოთის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილმა „ოცნება“ დატოვა და ქალაქის მერს, ირაკლი კაკულიას, უჩივისფოთის საკრებულოს წევრმა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დატოვების შესახებ განაცხადა.

ის ქალაქის მერ ირაკლი კაკულიას ადანაშაულებს სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემების და გამოწვევების გადაუჭრელობაში. კორუმპირებულობა, ცალკეული ბიზნეს კომპანიების ლობირება, პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა, პარალელურად კი მოსახლეობის საჭიროებების უგულვებელყოფა – ეს ის პრეტენზიებია, რაც მაია ჩხარტიშვილს ფოთის მოქმედი მერის მიმართ აქვს. ამბობს, რომ ამ ყველაფერზე მან პასუხი დღემდე ვერ მიიღო, რადგან ირაკლი კაკულია ცდილობს, ბრალდებებს თავი აარიდოს.

ამას გარდა, ფიქრობს, რომ „ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია იმ ბიზნესდაჯგუფების წევრია, რომლის ქალაქის ხელმძღვანელად გახდომაც მისთვის მომავალშიც კომფორტული იქნება „ჯიბის გასასქელებლად“. ამბობს, რომ 2006-2010 წლებში კურდღელია საკრებულოში „სააკაშვილის რეჟიმის ახალაიების გაგრძელებას“ წარმოადგენდა, ხოლო 2012 წელს სოლიდურ თანხებს სწირავდა ენმ-ს.
საკრებულოს წევრის თქმით, სამედიცინო სერვისით დაწყებული, დამთავრებული ქალაქის უსაფრთხოებით, მცირებიუჯეტიანი პროექტებით სოციალურ თემებზე, ყველა მათგანი სწორედ ხელმძღვანელმა პირმა დაბლოკა. თუ რატომ, ამ კითხვაზე მაია ჩხარტიშვილს პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება ბიზნეს კომპანიების ლობირებას, მათი დასახელებისგან „ლაივპრესთან“ დღეს თავი შეიკავა. მაგრამ ამბობს, რომ აქვს გონივრული ეჭვები, რითაც შესაბამისი უწყებები მომავალში უნდა დაინტერესდნენ.
– დაწყებული მალთაყვის ე.წ. ბულვარით დამთავრებული, თუნდაც წვრილბიუჯეტიანი პროექტებით, მერთან დაახლოებული კომპანიები იგებენ ტენდერს.
ასევე, საკრებულოს მეცხრამეტე რიგგარეშე სხდომაზე კოსტავაზე ქუჩაზე 2.100 კვ მეტრი ფართობი მიწის ნაკვეთი უნიკალური ჭადრებით განაშენიანებული, იჯარით გადასცეს ირაკლი კაკულიას და მის ძმას. რა თქმა უნდა, განცხადება სხვის სახელზე შემოვიდა, – გვითხრა მაია ჩხარტიშვილმა.
ამბობს, რომ ამას გარდა იყო სხვა თემებიც. იგივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ქალაქის ცენტრში, ყოფილი კინო-თეატრის ტერიტორიაზე „ვისოლის“ შვილობილი კომპანია „ველა-ჯიოს“ მიერ დაწყებული და დაუმთავრებელი „სმარტის“ მშენებლობა.

დეპუტატის თქმით, ამ საქმეში ერთის მხრივ ხელშეკრულების პირობებია დარღვეული, მეორეს მხრივ კი დაჯარიმებას ვერ ახერხებენ, რადგან ცვლილებები დოკუმენტში ჯერაც არ ასახულა.

– გავიარე ამ საკითხზე კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოში. ჩემი პრეტენზიები მაშინვე ჩაახშვეს, იმიტომ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებები უნდა გაფორმდეს და ათვლა სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. პასუხი იყო, რომ ვერ დაიწყებდნენ დაჯარიმებას და სანქციების გატარებას, რადგან დაგემილ უწყებათაშორის კომისიაზე მერი არ გამოცხადდა.
რეალობა უმძიმესია. „ქართული ოცნების“ ლოგოს ამოფარებული კლანი კაკულიას თაოსნობით, ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც დაუშვებელია ჩვენი ქალაქის მომავლისთვის. სწორედ ამ მიზნით, 2012 წლის იანვრიდან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ამავე პარტიის დამფუძნებელი, ვტოვებ პარტიის რიგებს და მსურს თქვენთან ერთად,„ქართული ოცნების“ პარტიული მანდატის გარეშე, ჩავუდგე სათავეში ფოთის გადარჩენის უპრეცედენტო მაშტაბის კამპანიას, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს, – აღნიშნა მაია ჩხარტიშვილმა..

ფოთის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილმა „ოცნება“ დატოვა და ქალაქის მერს, ირაკლი კაკულიას, უჩივისბრალდებებს უარყოფს თავად ქალაქის მერი.

ირაკლი კაკულია ამბობს, რომ დეპუტატი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. მისთვის არც მერობის კანდიდატობა შეუთავაზებიათ, რამაც სავარაუდოდ მაია ჩხარტიშვილის გაღიზიანება და მსგავსი განცხადებების გაჟღერება განაპირობა.
– მე ვერ გამიგია რომელ პარტიას ტოვებს ის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პარტიის წევრი არ ყოფილა, – გვითხრა ფოთის მერმა.
თუმცა კომისიის თავმჯდომარის მტკიცებით, ის „ოცნების“ დამფუძნებელია, რაც ავტომატურად მის წევრობას ნიშნავს.
– ბრალდებებს რაც შეეხება, ეს ელემენტარულია. 25 წელია დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ყველა მოქალაქემ იცის უკვე პოლიტიკური ხრიკები. ის როცა ელოდებოდა „ქართული ოცნებიდან“ შემოთავაზებას, მანამდე გაჩუმებული იყო და ახლა როცა დაინახა, რომ არანაირი შემოთავაზება არ არის, ცდილობს ყველაფერი მმართველ პარტიას დააბრალოს, – აღნიშნა ფოთის მერმა.
ირაკლი კაკულია ირწმუნება, რომ ქალაქში დღეს ბევრი რამ კეთდება, რასაც მოსახლეობა ხედავს, და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება.
მაია ჩხარტიშვილის თქმით, ამ წუთას რაც ზუსტად იცის არის ის, რომ უპარტიოდ დარჩება. თუმცა რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებებს თანამშრომლობაზე აწარმოებს. კონკრეტულად ვისთან, ჯერჯერობით არ ახმოვანებს.

ლაივპრეს.გე