
საქმე იმაშია, რომ 20.000 ჰა მიწის ფართობი იმ ადგილასაა, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს.
რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის ბიძა აცხადებს, რომ როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა საკუთარი სახლ-კარი უკვე დატოვა და კომპენსაციის სახით 400 ათას 700 ლარიც მიიღო, მაგრამ ამ დრომდე ელოდება 20.000 ჰა მიწის ფართობის დაბრუნებას, რომელიც 2010 წელს ძალით დაათმობინეს.
– 2003 წელს, როდესაც ვიღაცეები „ჯიპებს“ ყიდულობდნენ, მე ვთხოვე ჩემს დისშვილს (ანზორ კიკალიშვილი – რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი) და მიწები ვაყიდინე; საჯარო რეესტრშიც დავარეგისტრირე, ვიფიქრე – ერთ მშვენიერ დღეს ანაკლიის ზღვის პირას რაღაც იქნება-მეთქი. 2010 წელს სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ და კიდევ სხვა პირებმა პროკურატურაში დამიბარეს და 1 ჰა-ის ჩუქება მომთხოვეს. ავუხსენი, რომ ეს მათი საკუთრება არ იყო და ვერც მე ვაჩუქებდი, რადგან მინდობილი პირი ვიყავი. შემდეგ მითხრეს, 5-დან 10 წლამდე ციხე გელოდება ან ხელი მოაწერე საბუთებს, რომ მიწა სახელმწიფოს გადაეციო. ასე წამართვეს კეთილსინდისიერად ნაყიდი ქონება. 45.000 ლარი მარტო მიწის გადასახადის სახით მაქვს გადახდილი და ამის დამადასტურებელი საბუთიც მაქვს. თუ ჩემი არ იყო მიწა, მაშინ რატომ მახდევინებდნენ?!, – აცხადებს გურამ თირქია.
კიკალიშვილის ბიძას დღეს უკვე პრეტენზიები მოქმედ ხელისუფლებასთან აქვს და ელოდება, რომ „სამართლიანობა არჩევნებამდე აღდგება“.
– არ მეგონა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კუთვნილი მიწების დაბრუნება ასე გამიჭირდებოდა. მთელმა საქართველომ იცის, როგორ წამართვეს. არ მინდა კიდევ ბევრი რამე ვთქვა, ჯერჯერობით ველოდები; თუ დავრწმუნდები, რომ არაფერი გამოდის, მერე სხვა გზებს ვნახავ. არჩევნებამდე უნდა მორჩეს ეს ამბავი. „ამაზე მუშაობა მიდის და მე მგონი, თქვენ სასიკეთოდ გადაწყდებაო“, – ასე მითხრეს ეკონომიკის სამინისტროში, – აღნიშნავს თირქია.
ქართველი მილიარდერის ბიძამ იცის, რომ „სამართლიანობის აღდგენის“ შემთხვევაში 20.000 ჰა მიწის ღირებულება 6 მლნ ლარია, რისი გადახდაც სახელმწიფოს კომპენსაციის სახით მოუწევს.
– სახლ-კარი დავტოვე და ახლა მოპირდაპირე მხარეს კაფეში ვცხოვრობთ. ოჯახში 7 წევრი ვართ. არსად წასვლას არ ვაპირებ. ველოდები. არ მინდა ვიფიქრო, რომ ხელისუფლება ნაქურდალ-ნაყაჩაღარს აფარებს ხელს, – აცხადებს გურამ თირქია.
—
ცნობისთვის: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფოს მიერ კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული ქონების სანაცვლოდ გადახდილმა კომპენსაციამ 56.047.307.08 ლარი შეადგინა.
როგორც „საქმის კურსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილი ქონებების გამოსყიდვა დასრულებულია. მისივე ინფორმაციით, ჯამში, გამოსყიდულია 402 ერთეული ქონება და მათ შორის არის საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები.
ბიზნესმედია