რამდენიმე წლის წინ გავიცანი ახალგაზრდა კაცი. ერთმანეთი მოგვეწონა და ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვხვდებოდით. შემდეგ უკვე ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ერთი თვის შემდეგ დავფეხმძიმდი. ჩვენი ურთიერთობა ძლიერ ვნებაზე იყო დამყარებული. გარკვეული ხნის შემდეგ კი მივხვდი, რომ მასთან ცხოვრება გამიჭირდებოდა, რადგან სულ სხვანაირი ადამიანი აღმოჩნდა – სვამდა, ძმაკაცებთან დროს ატარებდა, არ მუშაობდა, ბავშვის მოვლაში საერთოდ არ მეხმარებოდა. მისგან წავედი. უკვე ერთი წელია, მშობლებთან ვცხოვრობ. ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, მაგრამ, საკმარისია, ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდეს, რომ ყოფილი ქმარი მაშინვე მეხვეწება, მას დავუბრუნდე. უარს რომ ვეუბნები, თავის მოკვლით იმუქრება. მეცოდება, მაგრამ ჩვენი ერთად ცხოვრება გამორიცხულია. მისი ცრემლები და ხვეწნა-მუდარა ჩემს ფსიქიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ვითრგუნები. ძალიან დავიღალე.
ამას წინათ ერთი კაცი გავიცანი, რომელთანაც თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ ერთმანეთს დავშორდით. როგორც ჩანს, მას გამუდმებით ჩემი დაწყნარება მობეზრდა. საქმე ის არის, რომ როცა ყოფილი მეუღლე ჩემთან მოდიოდა, იძულებული ვიყავი, ახალი თაყვანისმცემლისთვის შეხვედრაზე უარი მეთქვა, მეშინოდა, ისინი ერთმანეთს შემთხვევით არ შეხვედროდნენ. რამდენიმე დღის წინ კი შეყვარებულმა მესიჯი გამომიგზავნა და მითხრა, რომ ჩემთან ურთიერთობამ დაღალა, სხვა ქალი შეუყვარდა და მშორდებოდა.
ძალიან მეტკინა გული. კვლავ მარტო დავრჩი. სიცოცხლე აღარ მინდა, მაგრამ თავის მოკვლას ბავშვის გამო ვერ ვბედავ. არ ვიცი, მომავალში როგორ ვიცხოვრო. როგორ ფიქრობთ, სად დავუშვი შეცდომა? უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მარტოობა ჩემი ბედისწერაა.