მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას
– ბოლო დღეებში აქამდე მშვიდად მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის რადიკალიზაცია ხდება. `ქართუ ბანკთან~ ნაციონალები მივიდნენ, პატრიოტთა ალიანსმა კი წამოიწყო საპროტესტო გამოსვლების სერია შიმშილობის თანხლებით. რაზე მიანიშნებს ეს პროცესები?
– საქართველოში დემოკრატიაა, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ მოქმედებების და გამოხატვის თავისუფლება. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. პოლიტიკური ძალები ამით სარგებლობენ და აქტიურობენ. მთავარია, პროტესტმა არ მიიღოს ის ფორმა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს. ოპოზიცია, როგორც წესი, ყველაფერზე პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას. ხელისუფლებას დიდი ტვირთი აწევს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ პასუხისმგებლები ყველაფერზე ვართ ჩვენ ყველანი. ეს ხელისუფლება საზოგადოების არჩეულია, ამიტომ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც პასუხს ვაგებთ.
ვერც ოპოზიცია გაექცევა პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს. ქუჩის პროტესტში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ეს დამახასიათებელია თითქმის ყველა სახელმწიფოსათვის. ჩვენი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ჩვენ სხვა პრობლემები გვაქვს და საქართველოში სერიოზული საპროტესტო აქციები სხვა კონტექსტს იძენს. ისეთ ვითარებაში ვცხოვრობთ, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ბეწვზე ჰკიდია.
– ადრეც გითქვამთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია.
– საფრთხე რეალურია. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები, ოკუპირებული ტერიტორიები. ჩანს იმის მცდელობა, რომ ეს კონფლიქტები მოუგვარებელთა კატეგორიაში გადავიდეს. ასეთ მოუგვარებელ პრობლემებს შორისაა ისრაელ-პალესტინის, ბალკანეთის კონფლიქტები, რუსეთ-იაპონიის დაპირისპირება კურილიის კუნძულების გამო. ახლანდელ რეალობაში უნდათ, რომ ასეთების სიაში შევიდეს ჩვენი კონფლიქტები და ყირიმის საკითხი.
ამ დროს დესტაბილიზაცია უფრო მეტად საშიში ხდება. ამაზე ვსაუბრობ, თორემ, ქუჩაში აქტიურობა ყველას შეუძლია. ერთი რამეც იკვეთება, ხალხს არ მოსწონს მიუღებელი და დამნაშავე პოლიტიკური ძალების გათეთრება. ბევრი ადამიანი არ შეეგუება იმას, რომ ხალხის ძარცვა-წამებასთან გაიგივებული ნაციონალური მოძრაობა არ ისჯება და სხვებს ემუქრება. ჩნდება კითხვა, რატომ არ დაისაჯნენ ნაცმოძრაობის ის ლიდერები და წევრები, რომლებიც კანონით დასასჯელი იყვნენ?!
– მათ შორის, სააკაშვილი?
– მის გადაადგილებას უკრაინაში დეტალურად აშუქებენ საქართველოში. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ტელევიზია რუსთავი 2. სააკაშვილის აქტიურობა დღეს უკრაინაში ჰაერივით სჭირდება რუსეთს. სააკაშვილი რუსეთის ტროას ცხენია. უკრაინაში სააკაშვილის მონაწილეობით ჩაფიქრებულია იმავე სცენარის გამეორება, რომელშიც ექსპრეზიდენტს გამოცდილება აქვს. თვალს ვადევნებ უკრაინის ტელევიზიებს. იქ სააკაშვილის რუსეთთან კავშირზე საფუძვლიანი მსჯელობა მიდის. სააკაშვილი უკრაინაში გარკვეული მოვლენებისთვის სჭირდებათ.
– საქართველოში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მისი წარმატება უკრაინაში საქართველოზე აისახება. თუმცა, საეჭვოა, ამ ფაქტორმა სააკაშვილს მომხრეების რაოდენობა გაუზარდოს.
– რა თქმა უნდა. ვინც იყო სააკაშვილის მომხრე, ის დარჩება. ახალი მიმდევრები როგორ უნდა გაუჩნდეს? თუ დაზარალებული ხალხი მიემხრობა? ნაცმოძრაობას საქართველოშიც ძალიან უნდა ახალი რევოლუცია, მაგრამ ამას ვერ ეღირსება. მენტალურადაც ქართველი ხალხი ისეთია, რომ ამას არ დაუშვებს.
სააკაშვილი ჩავლილი ამბავია. მისი წარმატებები და აქტივობა ძალიან გაზვიადებულია. მისგან გმირს რუსთავი 2 ქმნის. სამწუხარო ისაა, რომ დასასჯელი ნაციონალები აქციებს აწყობენ და მათზე კანონი არ ვრცელდება. იმ პატიმრებს, რომლებიც სასჯელს იხდიან, მათზე უარესი დანაშაული არ ჩაუდენიათ. მაშინ, გამოაცხადოს სახელმწიფომ სრული ამნისტია და ყველა გამოუშვას! არ შეიძლება, დაუსჯელი იყო იმის გამო, რომ ნაცმოძრაობაში ან `ევროპულ საქართველოში~ ხარ.
– სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის მისწრაფება ამ ხელისუფლებას არასდროს ემჩნეოდა.
– ერთი მხრივ, მისი ციხეში რჩენა მძიმე იქნებოდა. სააკაშვილს ისეთი მადა აქვს, მისი გამოკვების პრობლემა შეიქმნებოდა. ამას ხუმრობით ვამბობ. რეალობა კი ასეთია, თუ ეს კაცი ნორმალურია, მაშინ ციხეში უნდა იყოს, თუ შეშლილი _ ფსიქიატრიულ კლინიკაში.

