სალომე ღვინიაშვილი: “ზურას შესთავაზეს, “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ეცეკვა, მაგრამ სასაცილოდაც არ ეყო”

სალომე ღვინიაშვილი: "ზურას შესთავაზეს, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ეცეკვა, მაგრამ სასაცილოდაც არ ეყო"მოდელი სალომე ღვინიაშვილი ტელეკომპანია “იმედში” გადაცემა “პრაიმ შოუს” ხუთ თანაწამყვანთან ერთად უძღვება. მზად იყო, რომ ახალ ამპლუაში მისი გამოჩენისას კრიტიკა წამოვიდოდა. მართალია, ეს მოლოდინი არ გამართლდა, მაგრამ მშვიდად მაინც ვერ არის, რადგან მთავარი კრიტიკოსი სახლში ჰყავს – ქმარი, ყოფილი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი.

ცხოვრების ახალ ეტაპზე ის ჟურნალ “სარკეს” უამბობს:

– დიდი ხანი ვფიქრობდი და ვორჭოფობდი, ამ შემოთავაზებას დავთანხმებოდი თუ არა.

— ყოყმანის მიზეზი რა იყო?

– სხვა პროფესია მაქვს, დიზაინერი ვარ, ჩემი კომპანია, ჩემი ბრენდი მაქვს, რასაც ძალიან ბევრი დრო მიაქვს. ვფიქრობდი, მოვახერხებდი თუ არა ორი სამსახურის შეთავსებას. და მეორე, რამდენად შევძლებდი წამყვანობას. მე ჟურნალისტი არ ვარ და ამ კუთხით გამოცდილება არ მაქვს, შესაბამისად, ადვილი არ არის ეთერში ჯდომა და საჭირბოროტო თემებზე საუბარი.

პროდიუსერ ნოე სულაბერიძესთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ის მარწმუნდებდა, ამ წინადადებას დავთანხმებოდი. მეუბნებოდა, რომ გადაცემაში ისე კი არ უნდა ვყოფილიყავი, როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც დიზაინერი და ჩვეულებრივი ადამიანი. ტელევიზია იმდენად მომწონს, ალბათ ამან განაპირობა, რომ დავთანხმდი.

— საზოგადოებისგან მოსალოდნელ რეაქციებზეც ფიქრობდით?

– მეგონა, რომ ამ ყველაფერს კრიტიკა მოჰყვებოდა და ამისთვის მზად ვიყავი.

— და მოლოდინი არ გამართლდა?

– ჩემ მიმართ აგრესია არ არის ხოლმე, რადგან ყოველთვის ვცდილობ, ნაკლებად აქტიური ვიყო, თუნდაც სოციალურ ქსელებში. არ ვარ სკანდალური ადამიანი, ჩემთვის ვცხოვრობ ოჯახთან ერთად.

— ქმარი, ზურა ხიზანიშვილი, როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, რომ ეკრანზე გამოჩენილიყავით გადაცემის წამყვანად?

– გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად ვიღებთ და ამ შემოთავაზებაზეც ვისაუბრეთ. ოჯახისთვის უკვე ძალიან ცოტა დრო მრჩება, მაგრამ მაინც ვახერხებ, ყურადღება არ მოვაკლო.

ზურას მოსწონს, როცა დაკავებული ვარ და ჩემი საქმე მაქვს. სხვათა შორის, როცა გადაცემებს უყურებს, ჩემთან მიმართებაში საკმაოდ კრიტიკულია.

გადაცემებს ერთად ვუყურებთ, ხშირად ვკამათობთ, ხშირად კომპლიმენტებსაც მეუბნება. მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

— გადაცემაში თქვით, რომ ზურას გამო უარი განაცხადეთ პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობაზე. ხომ არ ნანობთ?

–  პირველ სეზონზე როცა დავფიქრდი, მეცეკვა თუ არა, ზურამ მითხრა, დაივიწყეო და დავივიწყე. მეც რომ ვნახე გადაცემა, მივხვდი, ვერ შევძლებდი, ამიტომ გული არ მწყდება, რადგან ის ჩემი არ არის.

— ზურას რატომ არ უნდოდა, რომ ამ პროექტში მიგეღოთ მონაწილეობა?

– გადაცემაშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ცეკვა საკმაოდ ინტიმურია. ეს ნათქვამი ბევრმა არასწორად გაიგო. აქ წყვილზე კი არ არის საუბარი, არამედ ცეკვის ინტიმურობაზე. ზურამ მითხრა, არ მესიამოვნება, სამი მილიონი ადამიანის წინ სექსუალურად ან გამომწვევად იცეკვოო.

ჩემი მეუღლის აბსოლუტურად მესმის, რადგან ცეკვა მართლაც ძალიან ინტიმურია. ალბათ არც ერთი ქმარი ისურვებდა, რომ მის ცოლს ნახევრად შიშველს ეკრანზე სექსუალური ცეკვები შეესრულებინა. ამის განსაკუთრებული სურვილი არც მე მქონია.

— საერთოდ ცეკვა რამდენად გეხერხებათ?

– ცეკვა მეხერხება კლუბში, იმის იქით – არ ვიცი. ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, მაგრამ სამეჯლისო, თანამედროვე ქორეოგრაფია არასოდეს შემისწავლია. ცეკვა ძალიან მიყვარს და ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. ყოველ პარასკევს თუ არა, ყოველ მეორე პარასკევს აუცილებლად მივდივარ კლუბში, რომ დავიხარჯო და ვიცეკვო.

— ზურას რომ შესთავაზონ ამ პროექტში მონაწილეობა, რას ეტყოდით?

– მე არანაირი პრობლემა მაქვს, მაგრამ თვითონ ზურა არ დათანხმდება, ეს წარმოუდგენელი იქნება მისთვის. ზურა და ცეკვა ძალიან შორიშორს არიან. ზურა ითამაშებს ფეხბურთს, მაგრამ არ იცეკვებს.

— არ იეჭვიანებდით?

– ნამდვილად – არა.

— ისე თუ მიუღია შეთავაზება?

– კი და ეს სასაცილოდაც არ ეყო.

— თქვენს თანაცხოვრებაში წლებმა რა შეცვალა, როგორი გახდა ურთიერთობები?

– ძალიან მყარი, რადგან ორივე შემდგარი ადამიანები ვართ, გავიზარდეთ. როცა ოჯახი შევქმენით, პატარები ვიყავით. ჩემი აზრით, კარგი ოჯახი გვაქვს, რაც ჩვენი ხასიათის და სიყვარულის დამსახურებაა.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”