ცესკო რუსთავი 2-ის ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის

ცესკო რუსთავი 2-ის ჟურნალისტს სასამართლოში უჩივისცენტრალური საარჩევნო კომისია ,,კურიერის“ ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება გუშინ 9 საათიან კურიერში გასულ სიუჟეტს.

როგორც გიორგი შარაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკო მოყვანილი ფაქტების საჯარო უარყოფას ითხოვს. მისი თქმით, ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთან დაკავშირებით სიუჟეტში გასული მასალა შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს.

– სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს იმ კომპანიებისგან, რომელთაც ხელმძღვანელობა თავად არჩევს. რაც მცდარია, ვინაიდან შესყიდვებისთვის ხდება ფასთა წინასწარი კოტირებები, ასევე ხდება შესასყიდი პროდუქციის შესწავლა წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით.

სულ 2017 წლის მანძილზე, არასაარჩევნო პერიოდში, გამოცხადდა 76 ტენდერი, რომელთაგანაც არ შედგა 26 ტენდერი, მათ შორის ორჯერ გამოცხადების შემდგომ 6 ტენდერი, ხოლო წარმოქმნილი ეკონომია კი 177 ათას ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საარჩევნო პერიოდის შესყიდვებს, იგი ხორციელდება კონკრეტული წლის საარჩევნო ბიუჯეტიდან და საარჩევნო კოდექსის 52 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით. ცესკო უფლებამოსილია განახორციელოს ასეთი შესყიდვები, გამომდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობიდან და შესაბამისი ვადებიდან. ასე რომ საარჩევნო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების კანონიერება აბსოლუტურად ეჭვგარეშეა.

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა დაასახელა შესყიდვის კოდების დასახელებები და არა ის, თუ რა იქნა რეალურად შესყიდული, მაგალითად, საბიუჯეტო სპეციფიკიდან გამომდინარე კოდს ჰქვია „საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები“, თუმცა რეალურად შესყიდულია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენის კონვერტები, ხოლო სახელმწიფო კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში A4 ზომის ქაღალდი, რომლითაც მარაგდება ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები, ცესკოს სტამბა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ამომრჩეველთა კედლის სიების დასაბეჭდად.

შესყიდვების ყველა ხელშეკრულება საჯაროდ ხელმისაწვდომია და შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მით უმეტეს სიუჟეტის ავტორს, შეეძლო სრულად ენახა.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რაც ყველაზე სამწუხაროა, სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა დაასახელა აბსოლუტურად მცდარი თანხა, ნაცვლად საკომუნიკაციო სტრატეგიის და სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნისათვის გადახდილი 77.974,97 ლარისა დასახელდა 793 ათასი ლარი, როგორც დახარჯული კვლევებსა და სტატისტიკებში, ანუ 10 ჯერ მეტი თანხა სულ სხვა მიზნობრიობით.

შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს. აქედან გამომდინარე, ცესკო მიმართავს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოს, რათა მას დაევალოს სიუჟეტში აღნიშნული არასწორი ფაქტების უარყოფა საჯაროდ, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

არასამთავრობო სექტორში ჩატარებული კვლევის შესახებ რეპორტაჟი გუშინ 9-საათიან კურიერში გავიდა.

მოძრაობამ ”შეაჩერე კორუფცია” შესყიდვების კანონის დარღვევები გამოავლინა. აქცენტი უსაფრთხოების სამსახურის მიერ დადებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოებასა და ცესკოს მიერ ტენდერის გარეშე აგვისტოში დახარჯულ ასიათასობით ლარზე გაკეთდა. რეპორტაჟში საუბარია შესყიდვების მიზნობრიობასთან არსებულ კითხვებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დოკუმენტაციაში რიგ შემთხვევებში არ იკვეთება, კონკრეტულად რა პროდუქციის შეძენაზე იხარჯება საბიუჯეტო თანხები.

ნიუპოსტი