ციანიდის საქმეზე სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საკითხზე ვესაუბრეთ საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, რომლის ოფისიც საქმეზე მონიტორინგს ახორციელებდა.
– რას იტყვით სასამართლო გადაწყვეტილებაზე?
– სამწუხაროდ, ბოლო სასამართლო განხილვა დახურული იყო და მონიტორინგის საშუალება არ მოგვეცა. როდესაც განაჩენს სრულად ვნახავთ, მაშინ შევაფასებთ, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო მოსამართლე. ფაქტია, რომ საქმეში უამრავი დარღვევაა, ამ პროცესუალურ დარღვევებზე ამჟამად მხოლოდ განცხადებას გავავრცელებთ.
– რატომ დაიხურა სასამართლო პროცესი?
– ვერ გეტყვით, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ საქმეში არსებული მასალების მოცულობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესის დახურვას აზრი არ ჰქონდა.
– რა სახის დარღვევებზე ლაპარაკობთ?
– დაველოდოთ სასამართლოს სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას, მაგრამ ახლაც შეიძლება ითქვას, რომ ამ დარღვევებმა აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა პროცესის სამართლიან მიმდინარეობას. თუნდაც ის, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაცვის მხარეს არ მისცეს უფლება მოეპოვებინათ თბილისის აეროპორტში ბარგს ამოღების და დაკავების ამსახველი ვიდეო მასალა, მაშინ როდესაც ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული. ეს ვიდეოკადრების ჩანაწერები არ მოუთხოვია არც ბრალდების მხარეს, მათ მხოლოდ მეორეხარისხოვანი საპროცესო მოქმედებები დააფიქსირეს.
– ბრალის მტკიცებულებებზე რას იტყვით?
– შეიძლება ითქვას, რომ არაერთი შეუსაბამობა გამოიკვეთა აეროპორტში მყოფი პირების ჩვენებებს შორის. ასევე, საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ მოუპოვებია ციანიდის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება. უცნობია ის პირი, ვისგანაც დეკანოზმა ციანიდი შეიძინა, მართლაც საშინელი დარღვევებია.
– უმაღლეს სასამართლოში დეკანოზს გაამართლებენ, თუ სტრასბურში წავა ეს საქმე?
– ვნახოთ, მოსამართლე რას ითვალისწინებს და რას არა.
– თქვენ ყველა მასალა ნანახი გაქვთ, რა ეწერა იმ ასეულ ტომში, რომელსაც ერთმა ადვოკატმა მაკულატურა უწოდა?
– უამრავი შეუსაბამობაა მოწმეთა ჩვენებებში, ბევრი ირიბი მოწმეა, რომელთა უმეტესობა კონკრეტიკის გარეშე საუბრობს.
– ეს საქმე ხომ სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რატომ გამოიყენეს ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ხელწერილი? მხოლოდ ახლა მოხდა ეს თუ ადრეც იყო ასეთი პრაქტიკა?
– რა თქმა უნდა, საქმე საიდუმლო არ არის. არ მახსენდება, ადრე გაუთქმელობაზე ვინმეს მოეწეროს ხელი. ამ ფორმას ალბათ ძალიან იშვიათად იყენებენ. თუმცა ამგვარი პროცესის დახურვაც ჩვენ პრაქტიკაში არასოდეს გვქონია.
– ვის აწყობდა ეს დუმილი და საზოგადოების ინტერესის დაძაბვა?
– არ ვიცი, ფაქტია, რომ დიდი შიდა ომები მიმდინარეობს.
– საპატრიარქოს გულისხმობთ?
– მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, დაველოდები განაჩენს როდის გადმომიგზავნიან და მერე უფრო დეტალურად განვიხილოთ.
– როგორ ფიქრობთ, ეს საქმე მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შიდა დაპირისპირების საჯაროზე გამოტანაა თუ საზოგადოებაში ამ ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება?
– ცოტა ხანში უფრო ნათლად გამოჩნდება, რაც ხდება. საინტერესოა, რომ საპატრიარქოც ითხოვდა სასამართლო პროცესის გასაჯაროებას და ეს არ გაითვალისწინეს.
– თავიდან პრემიერის განცხადებამ, რომ ერი უბედურებას გადარჩა, ხომ არ განაპირობა მომდევნო პროცესები განაჩენის ჩათვლით?
– ჩემი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებმა ამ პროცესზე გავლენა მოახდინა.
– უმაღლეს სასამართლოში ეს ფაქტორი გავლენას ვერ მოახდენს?
– არ ვიცი, მართლა ვერაფერს გეტყვით.

