უეფას პრეზიდენტი პსჟ-ს ევროტურნირებიდან გარიცხვით დაემუქრა

უეფას პრეზიდენტი პსჟ-ს ევროტურნირებიდან გარიცხვით დაემუქრაპსჟ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ. ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა განაცხადა.

ალექსანდრ ჩეფერინის განმარტებით, თუ ”პარი სენ-ჟერმენის” ბრალეულობა დამტკიცდება, ეს გუნდი ევროტურნირებიდან აუცილებლად მოიკვეთება.

– კანონზე მაღლა არავინ და არაფერი არ დგას, – აღნიშნა ჩეფერინიმ.

პარიზული გრანდის მიერ გასულ ზაფხულს განხორციელებულ ტრანსფერებთან დაკავშირებით უეფამ გამოძიება 1 სექტემბერს დაიწყო.

პსჟ-მ “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაიხადა, “მონაკოს” ახალგაზრდა ტალანტი კილიან მბაპე კი ერთწლიანი იჯარით აიყვანა, რის შემდეგაც მის სანაცვლოდ 180 მილიონის გადახდა მოუწევს.

2012 წელს, უეფას მაშინდელი პრეზიდენტის, მიშელ პლატინის მიერ შემუშავებული წესდების მიხედვით, არც ერთ გუნდს არ აქვს იმდენი ფულის დახარჯვის უფლება, რამდენიც არ გამოუმუშავებია.

2016 წლის მონაცემებით, პარიზულმა გრანდმა 480 მილიონი ევრო გამოიმუშავა და თუ გამოძიების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამაზე მეტი აქვს დახარჯული, მაშინ ჩემპიონთა ლიგიდან აუცილებლად მოიკვეთება.

იმედინიუსი