რატომ ლანძღავენ რესპუბლიკელები დავით უსუფაშვილს, რატომ აღარ ახსოვთ სააკაშვილი, ვინ დგას ბოკერიას უკან, რა მიზანი აქვს “პატრიოტთა ალიანსს”, შეეშინდათ და თუ არა ქართული მარშის წევრებს შიმშილობის დაწყება? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
– ლადო, თქვენ სექტემბრის შუა რიცხვებში ჩვენთან საუბარში თქვით, რომ 22 ან 23 სექტემბერს დაიწყებდით სასიკვდილო შიმშილობას. უკვე 5 ოქტომბერია და შიმშილობაზე ხმას არ იღებთ, არავის შიმშილობა და, მით უმეტეს, სიკვდილი არ მინდა, მაგრამ მაინტერესებს, რატომ არ მიმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას. შეგეშინდათ და გადაიფიქრეთ თუ ხელისუფლებისგან მიიღეთ პირობა, რომ თქვენი მოთხოვნები შესრულდება?
– არც შიმშილობის დაწყება გადაგვიფიქრებია და არც ხელისუფლებას მოუცია იმის პირობა, რომ ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებს. ჩვენ მთავრობას გავუგზავნეთ მოთხოვნები და პასუხის გასაცემად 10-დღიანი ვადა მივეცით. მათგან პასუხს 5 ოქტომბერს ველოდებით.
შიმშილობა ისევ ძალაში რჩება, მაგრამ “პატრიოტთა ალიანსს” რომ ვუყურებ, ვხვდები, როგორ გაბითურდა ბრძოლის ეს ფორმა. არადა საქართველოში ყველას ახსოვს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას დროინდელი შიმშილობა. ეს ალიანსელები კი არ შიმშილობენ, არამედ 3 დღეში ერთხელ ცვლიან მოშიმშილეებს. მორიგეობით შიმშილობა ნამდვილად არ გამიგია.
– არც 3 დღით შიმშილობაა პატარა საქმე, თქვენ ჯერ ერთი დღეც ვერ იშიმშილეთ.
– მოვა დრო და ყველას ვაჩვენებთ, რას ნიშნავს ნამდვილი შიმშილობა. სიმართლე გითხრათ, ამ დღეებში გვქონდა საუბარი, რომ ღირს კი ამ ვითარებაში შიმშილობა. ხელისუფლებამ ისიც კი იკადრა, რომ მართული ოპოზიცია დასვა პარლამენტის წინ საშიმშილოდ.
– გაქვთ რაიმე მტკიცებულება, რომ ალიანსი ხელისუფლებამ დასვა საშიმშილოდ? ეგრე ქართულ მარშზეც ამბობენ, რომ ვიღაცის მიერ იმართებით.
– ჩვენზე იმდენ რამეს ამბობენ… რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას ალიანსთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო ასე ფიქრობს. ის, რაც პარლამენტის წინ ხდება, ეს არ არის შიმშილობა, ეს არის ვაჭრობა – ალიანსი “ოცნებისგან” საკრებულოებში ადგილებს ითხოვს.
– ამბობთ, საშიმშილოდ ხელისუფლებამ დასვაო, მერე ალიანსი ევაჭრებაო და თუ ხელისუფლების მითითებას ასრულებენ, ვაჭრობა რაში სჭირდებათ.
– ეტყობა, საჭიროა და იმიტომ. სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა ეროვნულ შიმშილობას პეწი დაუკარგა. მე “ოცნების” კულუარებიდან ვიცი, რომ პატრიოტები თბილისის საკრებულოში 3 ადგილს ითხოვენ. ისიც ნიშანდობლივია, ეს პარტია ხელისუფლებისგან ბოკერიას გასამართლებას რომ ითხოვს.
რა ბოკერია ხალხო, რის გივი თარგამაძე? აქცენტები ხელისუფლებაზეა გადასატანი. “ქართულმა ოცნებამ” შეიტყაპუნა ის, რომ ბოკერია არ გასამართლდება. ამის გამო ხელისუფლებას აუცილებლად მოსთხოვს ხალხი პასუხს.
თვალშისაცემია ისიც, რომ ნაციონალებს აღარავინ აღარ ახსენებს. არც ეს გახლავთ შემთხვევითი ამბავი.
– თქვენი აზრით, რატომ აღარ ახსენებენ ნაციონალებს?
– ამას მარტივი ახსნა აქვს. იყო “ოცნება”, ყოფილი ხელისუფლება და პატრიოტთა ალიანსი. ეს პარტიები პირველ სამ ადგილს იკავებდნენ პოლიტიკურ მარათონში. შარშან ნაციონალები შუაზე გაიყვნენ და პატრიოტთა ალიანსმა მესამე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა. პატრიოტთა ალიანსი უპირისპირდება მესამე ადგილზე მყოფ ბოკერიას გუნდს და მის ჩაძირვას ცდილობს.
ერთ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდი თქვენს მკითხველს. “ოცნების” სამზარეულოში ამაზე აქტიურად საუბრობენ. პრემიერ კვირიკაშვილის პროექტი და პიროვნული გადაწყვეტილება ყოფილა ის, რომ ნაცმოძრაობას ბოკერიას ფლანგი გამოყოფოდა. “ევროპული საქართველო” ფაქტიურად კვირიკაშვილის ფრთის ქვეშ არიან შეფარებული.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერები თავის გამოსვლებში ძირითადად კვირიკაშვილს და ბოკერიას ლანძღავენ. ამტკიცებენ, რომ საქართველოში არაა არაფორმალური მმართველობა და ივანიშვილი არაა არაფორმალური მმართველო.
– ამბობთ, რომ ბოკერიას გუნდი კვირიკაშვილის ფრთის ქვეშ არის. არადა ადრე ამბობდით, რომ ბოკერია ივანიშვილს გაურიგდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
– როდესაც კაცი პრემიერად მოდის, მას მოაქვს თავისი სქემა, თუ როგორ აპირებს პოლიტიკის წარმართვას. კვირიკაშვილის ეს სქემა ბიძინამაც მოიწონა, პრემიერმაც გამოყო ბოკერია და ნაცმოძრაობა შეასუსტა.
ახლა, ეტყობა, ბიძინას აღარ მოსწონს “ევროპული საქართველოს” ქმედებები და ბოკერიას ფრთას პატრიოტები დაატაკა. ამ დაპირისპირებით ისინი 2 კურდღელს იჭერენ – ივანიშვილის დავალებასაც ასრულებენ და კონკურენტსაც აჩოჩებენ მესამე ადგილიდან.
სამწუხაროდ, მათ ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნით ამ გეგმის განსახორციელებლად. “ევროპულ საქართველოში” ისეთი შებერტყილები არიან, მათთვის ტვინით მოგება იოლი არ იქნება. ეს ტიპები 9 წელი მართავდნენ ქვეყანას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰებელსი ბოკერია ჰყავთ იქ.
– ზემოთ აღნიშნეთ, რომ ნაციონალებს აღარავინ ახსენებს, მაგრამ ნაციონალებმა შეახსენეს ხალხს თავი და აქციები დაიწყეს.
– ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ესეც “ოცნების” მოფიქრებული გეგმის ნაწილია. ყოფილი ხელისუფლება, როგორც წესი, არჩევნების წინ აქტიურდება ხოლმე. “ოცნება” მათ ყველანაირად ხელს უწყობს, რადგანაც საარჩევნოდ მათ ბუას თემის წამოწევა სჭირდებათ. ხალხს ეუბნებიან, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, ესენი დაბრუნდებიან და ცოცხებს გაგვიყრიან.

